"საფრთხე ნამდვილად არსებობს" - რა ელის რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში 

vladimer putini

უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, მსოფლიო, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის წინაშე დადგეს. ამ ინფორმაციის შესახებ მსოფლიოს ლიდერებიც კი შეშფოთებით საუბრობენ და შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ეძებენ.

როგორც საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „პრაიმტაიმთან” საუბრისას აცხადებს, რუსეთის მხრიდან იარაღის გამოყენება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პუტინმა დაინახა, რომ უკრაინაში საკუთარ მიზნებს ვერ ახორციელებს და ომს აგებს.

„საფრთხე იმისა, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს, ნამდვილად არსებობს. იარაღის გამოყენება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პუტინმა დაინახა, რომ უკრაინაში ომს აგებს. ახლა პუტინი მსოფლიოს იმიტომ აშანტაჟებს, რომ უკრაინასა და დასავლეთს უკან დაახევინოს. რუსეთს რომ ჰქონდეს ბირთვული მონოპოლია, ის ამ იარაღს უკრაინის საზღვართან დაუფიქრებლად გამოიყენებდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ახლა რუსეთში, პუტინის ამბიციებს გამო, ბირთვული ომი არავის სურს“,- განაცხადა ჩიტაძემ.

ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, რა პასუხს მიიღებს რუსეთი ცივილიზებული სამყაროსგან?

ნიკა ჩიტაძის განცხადებით, ყველაზე ცუდი სცენარი, რაც შეიძლება რუსეთის დაუფიქრებელ ქმედებას მოჰყვეს, მესამე მსოფლიო ომის დაწყებაა.

"თუ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენა, ეს ფაქტი, პირველ ყოვლისა, თავად რუსეთზე აისახება ნეგატიურად. იარაღის გამოყენების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ საპასუხო ზომებს მიმართოს ამერიკამ და რუსეთის სამხედრო ბაზებზე შეტევა განახორციელოს. ამასთან, კიდევ უფრო გამკაცრდება ეკონომიკური სანქციები, ანუ ეს პროცესი რუსეთისთვის დამანგრეველი იქნება. ყველაზე უარესი შემთხვევაა, მესამე მსოფლიო ომის დაწყება. თუ დააპირა იარაღის გამოყენება, შესაძლოა, პუტინის სიცოცხლესაც დაემუქროს საფრთხე“, - განაცხადა ჩიტაძემ.

ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც დაადასტურა ინფორმაცია, რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს. მისი თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ეძებენ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „პუტინი ხვდება, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ ვეღარ შეძლებს სიცოცხლის შენარჩუნებას".