ოპერაცია „ლომის ღრიალი“ - როგორ უთვალთვალებდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ირანის უზენაეს ლიდერს თვეების განმავლობაში - აიათოლას გზა პოეზიის მოყვარული ახალგაზრდიდან დიქტატორამდე

აიათოლა

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, თეირანმა საპასუხო დარტყმები მიაყენა სამიზნეებს ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული.

პირველ მარტს, ირანის სახელმწიფო მაუწყებელმა მსოფლიოს ის აცნობა, რისიც რეჟიმს ყველაზე მეტად ეშინოდა: აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია.

CIA-ის სპეციალური ოპერაციის დეტალები, რომლის სამიზნეც ირანის სულიერი ლიდერი იყო

უცხოური მედიის ინფორმაციით, ცნობილი ხდება დეტალები სპეციალური ოპერაციის შესახებ, რომლის სამიზნეც ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი იყო. როგორც გამოცემა New York Post სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, ოპერაცია თვეების განმავლობაში იგეგმებოდა და მასში მონაწილეობდნენ ამერიკული და ისრაელის სადაზვერვო სტრუქტურები.

მედიის ცნობით, CIA რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა ხამენეის გადაადგილებასა და მის უსაფრთხოების სისტემას. სადაზვერვო მონაცემებით დადგინდა, რომ ირანის უმაღლესი ლიდერი 28 თებერვალს თეირანში მდებარე რეზიდენციაში ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს უნდა შეხვედროდა.

გამოცემა The New York Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაპირველად ოპერაციის განხორციელება ღამის საათებში იგეგმებოდა, თუმცა გეგმა შეიცვალა, რათა დარტყმა იმ დროს განხორციელებულიყო, როცა კომპლექსში ირანის მაღალი რანგის ოფიციალური პირები იქნებოდნენ შეკრებილნი.

ინფორმაციის მიხედვით, სადაზვერვო მონაცემები ისრაელს მიეწოდა, რის შემდეგაც ოპერაცია განხორციელდა. მედიის ცნობით, ისრაელის ავიაციამ თეირანში მდებარე კომპლექსს რამდენიმე ბომბით დაარტყა, რის შედეგადაც შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა.

გამოცემა The Wall Street Journal ასევე წერს, რომ ოპერაციის დაგეგმვაში აქტიურად მონაწილეობდნენ ისრაელის სამხედრო და სადაზვერვო სტრუქტურები, რომლებიც პერიოდულად ვაშინგტონში შეხვედრებს მართავდნენ.

ცალკეული წყაროების ცნობით, სამხედრო ოპერაციის დაგეგმვის პროცესში გამოყენებული იყო ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებიც, მათ შორის კომპანია Anthropic-ის მიერ შექმნილი სისტემა Claude.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესები „სწრაფად ვითარდება“ და ვითარება ყურადღებით კონტროლდება.

 
ვინ იყო აიათოლა ალი ჰამენეი

 

36-წლიანი მმართველობა, რომელიც შიშსა და რელიგიურ დოგმებზე იდგა, დასრულდა. თუმცა, ამ წერტილამდე, იყო სხვა დღეები - დღეები, რითაც ხამენეიმ მსოფლიოს თავი დაამახსოვრა და იმ ტირანების სიაში დაიკავა ადგილი, რომლებმაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე საკუთარ ამბიციებს შესწირეს.

მაღალი და გამხდარი სასულიერო პირი, რომელსაც უყვარდა პოეზია და ლიტერატურა, ეწეოდა ჩიბუხს და ახალგაზრდებთან საუბარი სიამოვნებდა - ასე იცნობდნენ მას ადრეულ წლებში. მოგვიანებით ის მსოფლიოსთვის ჩამოყალიბდა საბრძოლო, დამაპირისპირებელი რიტორიკის წვეროსან, ანტიამერიკელ ლიდერად.

...

ქვეყნის უზენაესი მმართველის თანამდებობისკენ სვლა მან 1979 წელს, ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ დაიწყო. კონსერვატიულ ძალებსა და რეფორმისტებს შორის ბრძოლამ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში ცენტრალურ ფიგურად აქცია. ალი ხამანეი იყო სახელმწიფოს მეთაური და შეიარაღებული ძალების, მათ შორის ელიტური ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მთავარსარდალი. ხამენეი იდგა კონკურენტი ძალაუფლების ცენტრების რთული ქსელის ცენტრში - სახელმწიფო პოლიტიკის ყველა საკითხზე ვეტოს უფლებით და სამთავრობო თანამდებობებზე კანდიდატების პირადად შერჩევის უფლებით.

ის წინააღმდეგობას უწევდა ირანის პოლიტიკის ლიბერალიზაციის ნებისმიერ მცდელობას, მაშინაც კი, თუ ეს სხვა ირანელ კონსერვატორებთან კონფლიქტს გამოიწვევდა.

1939 წელი, წმინდა ქალაქი მეშჰედი... ღარიბი სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა ბიჭი, რომელიც წლების შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ და მკაცრ ქვეყანას, ერთ დროს ძლევამოსილ იმპერიას ჩაუდგება სათავეში. ალი ხამენეის გზა დაიწყო არა პოლიტიკურ ასპარეზზე, არამედ რელიგიური ასკეტიზმითა და შაჰის რეჟიმისადმი ფარული სიძულვილით. ეს სიძულვილი გახდა ის საწვავი, რამაც მოგვიანებით მთელი ქვეყნის პოლიტიკური კურსი განსაზღვრა. ხამენეი არ ყოფილა ხალხის რჩეული - ის სისტემამ შვა, წინამორბედმა კი აკურთხა.

...1979 წელი. მაშინ, როცა ირანელები შაჰის მმართველობას აპროტესტებდნენ, ხამენეის მენტორი - რუჰოლა ხომეინი - რევოლუციურ მუხტს პარიზის გარეუბნიდან მართავდა, თავად ალი კი სისტემას ირანში, იატაკქვეშეთიდან ანგრევდა. ექვსჯერ დაპატიმრებული, ნაწამები და გადასახლებული... ის გახდა ისლამური რევოლუციის "რკინის ხერხემალი", რომელიც არ ტყდებოდა.

მონარქია დაემხო, დაიწყო თეოკრატიის ხანა. ხამენეი ხომეინის მარჯვენა ხელი გახდა. სწორედ მაშინ, ერთ-ერთ შეხვედრაზე, მის წინააღმდეგ ტერაქტი მოეწყო. ის სიკვდილს პირველად გადაურჩა, თუმცა სამუდამოდ დარჩა ნიშანი - პარალიზებული მარჯვენა ხელი. ფიზიკურმა სისუსტემ მისი პოლიტიკური ამბიციები კიდევ უფრო გაამძაფრა.

1981 წლის ოქტომბერში, პრეზიდენტ მოჰამად ალი რაჯაის მკვლელობის შემდეგ გამართულ ვადამდელ არჩევნებში, ხამენეი ირანის პრეზიდენტად აირჩიეს, ხმების 97%-ით. საინაუგურაციო სიტყვაში მან დაგმო "მოღალატეობა, ლიბერალიზმი და ამერიკის გავლენის ქვეშ მყოფი მემარცხენეები". ის ცნობილი გახდა, როგორც მკაცრი კონსერვატორი და დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ-ის, მწვავე კრიტიკოსი.

ქვეყანა მეზობელ ერაყთან უმძიმეს ომშია. რვაწლიანი სისხლისღვრა მისი მმართველობის პირველ გამოცდად იქცა. აქ ისწავლა მან მთავარი: როგორ მართოს ქვეყანა კრიზისის, სანქციებისა და სრული იზოლაციის პირობებში.

თუმცა, ნამდვილი სახე ხამენეიმ მაშინ გამოავლინა, როცა ომი დასრულდა და შიდა ოპონენტებთან ანგარიშსწორების დრო დადგა. 1988 წელი - ირანის ისტორიის შავი ლაქა. ხამენეის თანხმობით, "სიკვდილის კომიტეტმა" რამდენიმე კვირაში 5 000-მდე პოლიტიკური პატიმარი გასამართლების გარეშე დახვრიტა. ეს იყო გზავნილი, რომ რეჟიმი არავის დაინდობდა.

1989 წელს "დიდი აიათოლა" კვდება. მსოფლიოსთვის მოულოდნელად, საშუალო რანგის სასულიერო პირი ხამენეი ქვეყნის უმაღლესი მმართველი ხდება. მომდევნო 30 წლის განმავლობაში, მან საკუთარი გავლენა გააძლიერა პარლამენტში, სასამართლო სისტემაში, უსაფრთხოების სტრუქტურებში, მედიასა და სასულიერო წრეებში. იწყება ერა, რომელსაც დასავლეთი "ბოროტების ღერძს" უწოდებს: ტერორიზმის ექსპორტი, ჰეზბოლა, ჰამასი და ბირთვული შანტაჟი.

მორიგი სისასტიკე რეჟიმმა მაშინ გამოავლინა, როცა 1999 წელს სტუდენტებმა თავისუფლება მოითხოვეს. აიათოლას "ბასიჯის" რაზმები მათ ფანჯრებიდან ყრიდნენ.

შემდეგ იყო 2009-ის მოპარული არჩევნები და სნაიპერები თეირანის სახურავებზე. "სად არის ჩემი ხმა?" ამ კითხვაზე პასუხი ხამენეიმ ტყვიებით გასცა.

2019 წელს ირანმა ნამდვილი ჯოჯოხეთი იხილა. სულ რაღაც 3 დღეში, ინტერნეტის ბლოკადის პირობებში, რეჟიმმა 1 500-ზე მეტი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.

აიათოლების მმართველობის სიმბოლო ყოველთვის იყო ჩადრი, როგორც ბორკილი. 2022 წელს, 22 წლის მაჰსა ამინი, ჩადრის მოხსნის გამო მორალის პოლიციამ ცემით მოკლა. მისმა მკვლელობამ ირანელი ქალების მოთმინების ფიალა აავსო. ხამენეიმ, პასუხად, ისევ ამწეებზე საჯარო ჩამოხრჩობა და ბავშვების მკვლელობა აირჩია.

...და დადგა 2026 წელი. გარდამტეხი მომენტი. ირანელი ხალხის ხმა ამჯერად უფრო ხმამაღალი აღმოჩნდა, ვიდრე რეჟიმის ტყვია. 8 იანვარს დაწყებულ დემონსტრაციებს 30 ათასზე მეტი ადამიანი ემსხევრპლა - ეს იყო ხამენეის უკანასკნელი, სასოწარკვეთილი მცდელობა, სისტემა შეენარჩუნებინა.

ხამენეი მთელი ცხოვრება ისრაელისა და ამერიკის განადგურებაზე ოცნებობდა, თუმცა განგება სხვაგვარად შემოტრიალდა - ისრაელ-ამერიკის ერთობლივი სამხედრო ოპერაციით იმ ადამიანის ლიკვიდირება მოხდა, ვინც ათწლეულების განმავლობაში ათასობით ირანელს უსჯიდა სიკვდილს.

ალი ხამენეი მოკვდა. მის მომხრეებს შიში და გლოვა დარჩათ, მოწინააღმდეგეებს - თავისუფლების იმედი.