თენგიზ შარმანაშვილი დანიის პოლიციის პასუხზე: ორმაგი სტანდარტი იმდენად ძვალსა და რბილში აქვთ უკვე ამ ევრობიუროკრატებს გამჯდარი, რომ ასეთი არაადეკვატური პასუხის ნორმალურად მიაჩნიათ

თენგიზ შარმანაშვილი

ისინი ისხდნენ უბრალოდ, არავითარ წინააღმდეგობას არ უწევდნენ პოლიციას. ლაპარაკიც ზედმეტია, რომ რამე საგნებს ესროდნენ ან მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდნენ და ბრუტალურად გაუსწორდნენ, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა კოპენჰაგენში აქციის დარბევაზე საუბრისას.

დეპუტატი იმ პასუხსაც გამოეხმაურა, რომელმაც „ქრონიკამ“ ინციდენტთან დაკავშირებით დანიის პოლიციისგან მიიღო.

„აქ ყველაზე ნიშანდობლივია პასუხი, რაც თქვენს ტელევიზიას დანიის პოლიციამ მისწერა, რომ თურმე დიალოგი რომ ვერ შედგა, ამან გამოიწვია ძალის გამოყენება. აი ასეთი რამე რომ ჩვენმა პოლიციამ ვინმეს მისწეროს, ვინმესთვის ეს მისაღები იქნება? რა თქმა უნდა, ატეხენ ერთ ამბავს. მათ ყველაფერს ჰპატიობენ. ეს ორმაგი სტანდარტი იმდენად ძვალსა და რბილში აქვთ უკვე ამ ევრობიუროკრატებს და თუნდაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ხელმძღვანელობას გამჯდარი, რომ ასეთი არაადეკვატური პასუხის ნორმალურად მიაჩნიათ“, - ამბობს შარმანაშვილი.

კოპენჰაგენში, კომპანია Mærsk-ის სათავო ოფისის წინ გამართული დემონსტრაციის დროს, პოლიციას დროებით მოუწია ხელკეტების გამოყენება მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა უკანონოდ გადაკვეთეს კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია და უარი განაცხადეს პოლიციის მითითებების შესრულებაზე. თუ მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, დანიის პოლიცია მათ მოუწოდებს, მიმართონ პოლიციის საჩივრების დამოუკიდებელ ორგანოს, - ასეთია დანიის ეროვნული პოლიციის პასუხი „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ წერილზე.