ირაკლი ფურცელაძე

1792487345

ირაკლი ფურცელაძე: 21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება.დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით ქვეყანამ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი , (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.მისივე თქმით დღეს განთავსდება ინფორმაცია ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისა და პოლიკლინიკების შესახებ. მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკას ან ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ვაქცინაცია არ შემოიფარგლება თბილისით, მომსახურება გათვალისწინებულია რეგიონებშიც.გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია ყველა ადამიანისთვის 6 თვის ასაკიდან. თუმცა არსებობს ჯგუფები, რომელთათვისაც გრიპის მძიმე მიმდინარეობისა და გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია. პირველ რიგში, ესენი არიან: 60 წლის და უფროსი ასაკის პირები, ორსულები, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოლოგიური პაციენტები, სამედიცინო პერსონალი, ასევე ხანდაზმულთა თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარები და თანამშრომლები.ვაქცინაციის მსურველებმა აუცილებელია თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა სამედიცინო დაწესებულებამ შეძლოს მათი მონაცემების იდენტიფიცირება და აცრის ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვა. სხვა დამატებითი საბუთის წარდგენა ან წინასწარი ჩაწერა საჭირო არ არი

ჯანდაცვა

1792390418

ჯანდაცვის სამინისტრო - დევნილთა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება აქტიურად მიმდინარეობს. პროცესი დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში ჩართვა შეუძლია ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია. კომპენსაციის ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს.პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს, თავად გადაწყვიტონ, ისარგებლებენ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის არსებული მექანიზმებით თუ ფულად კომპენსაციას აირჩევენ. ფულადი კომპენსაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც საცხოვრებელი დამოუკიდებლად უკვე შეძენილი აქვთ და სახელმწიფოსგან ბინის მიღების ნაცვლად ფინანსური მხარდაჭერა სურთ.განაცხადის წარსადგენად საჭიროა მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში, დაბადების მოწმობა. განაცხადის შევსებისას ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი დევნილი წევრი.განაცხადების მიღების პარალელურად, დევნილთა სააგენტო გადაამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა ოჯახი კომპენსაციის მიღების კრიტერიუმებს. კომპენსაცია განაცხადების მიღების პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში გაიცემა. თანხა დევნილ ოჯახებს „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშებზე ჩაერიცხებათ.მიმდინარე წელს ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფისთვის 58 მილიონი ლარია გამოყოფილი. ინიციატივა მომდევნო წელსაც გაგრძელდება, განაცხადების მიღების ახალი ეტაპის დაწყების თარიღი კი დამატებით გამოცხადდება.ფულადი კომპენსაციის მექანიზმი დევნილთა განსახლების არსებულ პროგრამებს არ ანაცვლებს. პარალელურად გაგრძელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამა. ამგვარად, დევნილ ოჯახებს საცხოვრებლით უზრუნველყოფის სხვადასხვა შესაძლებლობა ექნებათ, მათი საჭიროებებისა და არჩევანის შესაბამისად.

ჯანდაცვა

1792248405

CDC-ის დირექტორის მოადგილე ჯენიფერ შუფორდი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, ირაკლი ფურცელაძეს შეხვდა

საქართველოში აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დელეგაციის ვიზიტი გრძელდება.ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, CDC-ის დირექტორის მოადგილემ სამუშაო შეხვედრები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გამართა, სადაც ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამუშაო ძალის განვითარების,ეპიდზედამხედველობის, ლაბორატორიული სისტემების გაძლიერებისა და ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის საკითხებზე იმსჯელეს.CDC-ის დირექტორის მოადგილე ჯენიფერ შუფორდი და გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი პეიჯ არმსტრონგი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, ირაკლი ფურცელაძეს შეხვდნენ.მხარეებმა მიღწეული შედეგები შეაჯამეს და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში გამორჩეულ მაგალითად C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული პროგრამა დასახელდა. ასევე აღინიშნა საველე ეპიდემიოლოგიის სასწავლო პროგრამის წვლილი საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტთაპროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებაში.როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ აღნიშნა, მთავარი პრიორიტეტი მიღწეული შედეგების შენარჩუნება, ახალ საფრთხეებზე დროული რეაგირება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ცვალებად საჭიროებებთან ადაპტირებაა.ვიზიტის ფარგლებში, CDC-ის დელეგაციის წევრებმა ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების ოპერაციების ცენტრი მოინახულეს.აღსანიშნავია, რომ CDC-სა და საქართველოს შორის პარტნიორობა უკვე სამ ათეულ წელზე მეტს ითვლის და მას გლობალური ჯანდაცვის სფეროში წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად მიიჩნევენ.შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეები: პაატა იმნაძე, ირმა ხონელიძე, ეკატერინე ადამია, CDC-ის რეგიონული ოფისის დირექტორი ბილ დევისი, დელეგაციის სხვა წევრები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ჯანდაცვა

1792229438

მიხეილ სარჯველაძე „ემორის უნივერსიტეტის“ პროფესორებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამერიკის „ემორის უნივერსიტეტის“ (Emory University) პროფესორებს შეხვდა, რომელთან ერთადაც უწყება ტუბერკულოზის მართვის ერთობლივ პროექტებს ახორციელებს.საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამები მოიცავს ტუბერკულოზის მართვისთვის საჭირო კვლევების მიმართულებით ახალგაზრდა მედიკოსების გადამზადებასა და ხელშეწყობას.როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მხარეებს შორის პარტნიორობა 20 წელია გრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში, 45-მდე ქართველმა ექიმმა გაიარა ტრენინგი ტუბერკულოზის კვლევის, პრევენციისა და კონტროლის შესახებ, 700-მდე მედიკოსმა კი - სხვადასხვა მიმართულების. ამასთან, საერთაშორისო სამედიცინო გამოცემებში გამოქვეყნდა ქართველი მკვლევრების 350-ზე მეტი პუბლიკაცია.მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების მიზნით, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. მინისტრმა პარტნიორებს ამ მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო და სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიურად თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.შეხვედრაზე ახალი საგრანტო პროექტიც განიხილეს, რომელიც მოიცავს 5 წლის განმავლობაში, ქართველი მედიკოსების გადამზადებასა და ტრენინგებს ტუბერკულოზის მართვის საჭირო კვლევების მიმართულებით. ასევე - სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებაში ხელშეწყობას, სამეცნიერო კვლევების დაფინანსებას, პროფესიული კონფერენციების ჩატარებაში ხელშეწყობას და სხვ.საქართველოში „ემორის უნივერსიტეტთან“ მიმდინარე ერთობლივი პროექტები აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (National Institutes of Health – NIH) ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის (Fogarty International Center) მხარდაჭერით ხორციელდება.ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი, ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე და მკვლევრები ესწრებოდნენ.

ჯანდაცვის სამინისტრო

1792228188

ჯანდაცვის სამინისტრო: დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ორშაბათს, 19 ოქტომბერს დაიწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ორშაბათს, 19 ოქტომბერს დაიწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ.პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში ჩართვა შეუძლია ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია.კომპენსაციის ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს. თანხა არ გაიცემა ოჯახის იმ წევრებზე, რომლებსაც დევნილის სტატუსი არ აქვთ, ასევე, კანონმდებლობის შესაბამისად, 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ პირებზე.განაცხადის წარსადგენად აუცილებელია მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში, დაბადების მოწმობა. განაცხადის შევსებისას ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი დევნილი წევრი.არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა. თუ ოჯახის რომელიმე წევრი ადგილზე ვერ გამოცხადდება, აუცილებელია ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომელშიც მითითებული იქნება კომპენსაციის თანხის მიმღები პირი.განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, დევნილთა სააგენტო შემოსულ დოკუმენტაციას რიგითობის მიხედვით დაამუშავებს და განაცხადებში წარმოდგენილ ინფორმაციას გადაამოწმებს. მონიტორინგის მიზანია, დადასტურდეს, რომ ოჯახი აკმაყოფილებს კომპენსაციის მიღებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 58 მილიონი ლარია გათვალისწინებული. დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფა მომდევნო წელსაც გაგრძელდება, ხოლო განაცხადების მიღების ახალი ეტაპის დაწყების თარიღი დამატებით გამოცხადდება.კომპენსაციის პროგრამასთან ერთად, გაგრძელდება დევნილთა განსახლების არსებული პროგრამები, მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა.

მიხეილ სარჯველაძე

1792011424

მიხეილ სარჯველაძე: გვაქვს ამბიცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო გახდეს ლიდერი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით

„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო გახდეს ფლაგმანი და ლიდერი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით. ამისთვის ნამდვილად არ დავზოგავთ არანაირ რესურსს. მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა, ეს იყოს მაღალი კლასის სამედიცინო დაწესებულება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ახალ პროექტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, თანამედროვე სამედიცინო სერვისებისთვის, ახალი მაღალტექნოლოგიური კორპუსი აშენდება.როგორც მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, აღნიშნული მომსახურებების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისათვის, ახალ შენობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რაზეც უწყება ასევე აქტიურად მუშაობს.მინისტრის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი ნაგებობა ხიდების საშუალებით დაუკავშირდება კლინიკის უკვე არსებულ შენობას, რომლის რეაბილიტაციისთვისაც ასევე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები.რაც შეეხება ახალ შენობას, მისი არქიტექტურული და საინჟინრო პროექტის მომზადების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია ICME Healthcare-თან ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ გააფორმა.„შესაბამისი პროცედურების სრული დაცვით შევარჩიეთ ორგანიზაცია, რომელსაც წარმატებით აქვს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები ევროპის სახელმწიფოებში, ყურის ქვეყნებში. ასევე აქვს მიმდინარე ძალიან სერიოზული პროექტები. ჰყავს ისეთი სპეციალისტები, რომლებიც გარანტიას გვაძლევენ, რომ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, რეალურად უნაკლო შენობა იქნება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძე

1792011099

ჯანდაცვის სამინისტრო: ფსიქოტროპული მედიკამენტების 2-კვირიანი მარაგის რეგულაცია მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებს დაუახლოვდა, თუმცა უახლოეს მომავალში გარკვეული შეღავათები იგეგმება

„დაახლოებით ერთი წლის წინ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივოთ  მივიღეთ გადაწყვეტილება ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვაზე კონტროლის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებასთან დაკავშირებით. ახლა კომერციული ინტერესი ნაკლებად ჰკარნახობს ვინმეს, რომ მეტი იყოს ამის მოხმარება“, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.  მიხეილ სარჯველაძისგანმარტებით, პრემიერ-მინისტრის აღნიშნული ინიციატივისა და დაწესებული მკაცრი რეგულაციების შედეგად, ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვა მკაცრ კონტროლს დაექვემდებარა, რამაც კომერციული ინტერესები შეზღუდა.მინისტრის თქმით, 18 ფსიქოტროპული პრეპარატიდან უმრავლესობაზე ქვეყანაში გადახარჯვა და ნორმაზე ბევრად მაღალი მოხმარება ფიქსირდებოდა, ვიდრე ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია განსაზღვრავს. თუმცა, ბოლო თვეების მონაცემებით, მოხმარება დასტაბილურდა და 18-დან 17 მედიკამენტზე მაჩვენებელი ჯანმოს დადგენილ ნორმებს დაუახლოვდა.რაც შეეხება ფსიქოტროპული მედიკამენტის 2-კვირიანი მარაგით გამოწერის წესს, მინისტრის განმარტებით ამ გადაწყვეტილების დისკომფორტის მიუხედავად, მან ქვეყანას უმნიშვნელოვანესი შედეგი მოუტანა.„ეს დოკუმენტაციაც მომზადებულია და უახლოეს მომავალში ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება. გარკვეული შეღავათი გაჩნდება, თუმცა ეს ვერ იქნება აბსოლუტური ლიბერალიზაცია ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანი სიკეთე იქნა მიღწეული მათ შორის ამ რთული გადაწყვეტილებით, დისკომფორტული გადაწყვეტილებით, მაგრამ ძალიან დიდი სიკეთის მომტანი გადაწყვეტილების შედეგად“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.მინისტრის თქმით, სახელმწიფომ ამ პროცესებზე დაკვირვებასა და მეთვალყურეობას მომავალშიც გააგრძელებს, რათა ობიექტური საჭიროების მქონე პაციენტები ზედმეტად არ წუხდებოდნენ.

მიხეილ სარჯველაძე

1792007460

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენისა და ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტების გაცემა უახლოეს პერიოდში დაიწყება

„დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით, უნდა ვთქვა და მშობლებმაც აღნიშნეს, ერთ-ერთი პირველი ვართ იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ბევრი ევროპული ქვეყანა ჯერჯერობით თავს იკავებს და გადაწყვეტილებას ვერ იღებს“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.მინისტრის განმარტებით, სახელმწიფომ ორი მედიკამენტის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. ამ პროცესს ხელი შეუწყო დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და ზრუნვის სრულყოფის ეროვნული ინსტიტუტის (NICE) მიერ მაისის ბოლოს მიღებულმა გადაწყვეტილებამაც.„ეს ის მედიკამენტებია, რომლებზეც პირველად, როდესაც ამ თემაზე საჯაროდ გავაკეთე ბრიფინგი, ვისაუბრე და მაშინვე ვთქვი, რომ ორი მედიკამენტი იყო, რომელთა შეძენაზეც გადაწყვეტილების მიღება პერსპექტიულად გამოიყურებოდა.სხვათა შორის, მაგალითად, დიდ ბრიტანეთს ამავე მედიკამენტებზე, ჯივინოსტატსა და ვამოროლონზე, გადაწყვეტილება იმხანად მიღებული არ ჰქონდა. მაისის ბოლოს NICE-მა მიიღო გადაწყვეტილება, რამაც, რა თქმა უნდა, ჩვენც გაგვიხსნა შესაძლებლობა და გადაწყვეტილებების მიღება უფრო გაგვიმარტივა“ - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მედიკამენტების შეძენის გარდა, მნიშვნელოვანია პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგი, მკურნალობის სწორად დაგეგმვა და მშობლებთან თანამშრომლობის გაგრძელება.ჯანდაცვის მინისტრმა ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტის ხელმისაწვდომობის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ ინოვაციური პრეპარატის გაცემა, რომელიც ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფომ შეიძინა, უახლოეს პერიოდში დაიწყება.„პარალელურად, როდესაც დიუშენის სინდრომზე დავიწყეთ მუშაობა, მე რაც მივედი სამინისტროში, ძალიან სწრაფად დაიძრა საკითხი ცისტურ ფიბროზთან დაკავშირებითაც. იქაც საკმაოდ დიდი სამუშაო და შრომა გაიწია. ბუნებრივია, როგორც კი სახელმწიფომ დაინახა, რომ ამის შეძენის ობიექტური წინაპირობები და საჭიროება არსებობდა, გადაწყვეტილება არ გადაგვიდია და მივიღეთ. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა“  - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე

1792006087

მნიშვნელოვან მედიკამენტებზე, საბაზრო ღირებულება, დაახლოებით, 40%-ითაა შემცირებული - მიხეილ სარჯველაძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 7000-მდე ბაზისურ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტზე ფასები რეგულირებულია.როგორც მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში "ღამის კურიერი" საუბრის დროს განაცხადა, გარკვეულ მედიკამენტებზე ფასი თითქმის განახევრებულია."დანერგილი პროგრამა, რომელიც ეხება რეფერენტულ ფასებს, უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იყო, იმიტომ, რომ 7 000 დასახელებაზე რეგულირებულია ფასი და არის ზუსტად ისეთი, როგორც რეფერენტულ ქვეყნებს უწოდებთ.ოთხი ქვეყანაა აღებული, დაახლოებით იგივე პარამეტრების მქონე, როგორიც საქართველოა, იქ ვნახულობთ ფასებს და იმის მიხედვით დგინდება იგივე ფასი საქართველოში. ეს არის ობიექტური, სამართლიანი ფასია ამ 7 000 მედიკამენტისთვის.ყველა მნიშვნელოვან, ბაზისურ მედიკამენტზე ფასი რეგულირებულია. თუმცა რეფერენტული ფასების განსაზღვრა ამით არ ამოწურულა, ეს პროცესი მიმდინარეა. წელიწადში ორჯერ ხდება სიების განახლება.პერიოდულად შეიძლება რაღაცას ღირებულების გაზრდა დასჭირდეს, რადგან შეიძლება, თავად მწარმოებელმა ქარხანამ გააძვიროს რაღაც, ზოგჯერ პირიქით, შეიძლება შემცირებადი იყოს, მაგრამ თვისობრივი დიდი მერყეობები არ ყოფილა.ყველაზე ავტორიტეტულმა მკვლევრებმა დაადასტურეს, რომ  ასეთი ტიპის მნიშვნელოვან მედიკამენტებზე  საბაზრო ღირებულება საქართველოში, დაახლოებით, 40%-ითაა შემცირებული. 40% თითქმის განახევრებას ნიშნავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. პროცესი გრძელდება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაზეც, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება."არავინ ახსენებს, რომ მაგალითად ქრონიკული დაავადებებისათვის საჭირო მედიკამენტების პროგრამა აქვს სახელმწიფოს. მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიც არის პენსიონერი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალურად დაუცველები, მათთვის არის გათვალისწინებული ძირითად, უმნიშვნელოვანეს მედიკამენტზე, რამდენიმე ქრონიკული დაავადებისთვის საჭირო მედიკამენტზე აბსოლუტურად უფასო ხელმისაწვდომობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა  ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად შეიძლება ესაჭიროებოდეთ", - აღნიშნა მინისტრმა.სარჯველაძის თქმით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სია პერიოდულად ფართოვდება, ემატება ახალი დაავადებები და იზრდება ბენეფიციართათვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ხარისხი.

მიხეილ სარჯველაძე

1791546726

მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე გერმანული კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბერლინში, აღმოსავლეთ ევროპის ჯანმრთელობის მე-9 ფორუმის ფარგლებში, სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი გერმანული კომპანია Siemens Healthineers-ის წარმომადგენელს, დანიელ ფრიშს შეხვდა.კომპანია სამედიცინო დიაგნოსტიკის აპარატურის, ლაბორატორიული კვლევებისა და ჯანდაცვის ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით საქმიანობს. ის სამედიცინო დაწესებულებებს დაავადებების გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტილებებს სთავაზობს.შეხვედრაზე მხარეებმა სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით არსებული შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურისა და ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობას დაავადებების ადრეული გამოვლენის, დიაგნოსტიკის სიზუსტისა და პაციენტებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის პროცესში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.შეხვედრას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე კარტოზია ესწრებოდა.

მიხელ სარჯველაძე

1791546533

მიხეილ სარჯველაძემ ბერლინში, გერმანია–აღმოსავლეთ ევროპის ჯანმრთელობის მე-9 ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბერლინში, გერმანია–აღმოსავლეთ ევროპის ჯანმრთელობის მე-9 ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.მინისტრმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებზე, მედიკამენტების ფასების რეგულირებასა და პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე. აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის 95%-ზე მეტი სარგებლობს, ხოლო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ წამლის ფასი საშუალოდ 40%-ით შემცირდა.მიხეილ სარჯველაძემ ასევე ისაუბრა პირველადი ჯანდაცვის ახალ მოდელზე, რომელიც პრევენციას, დაავადებების ადრეულ გამოვლენასა და ქრონიკული დაავადებების ეფექტიან მართვას ითვალისწინებს.მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიასთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და სამედიცინო დაწესებულებებს, უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობებს. თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებად დასახელდა სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ქრონიკული დაავადებების მართვა, ინოვაციური მედიკამენტები, კლინიკური კვლევები და სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება.შეხვედრას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე კარტოზია, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჯანდაცვა

1791531206

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ხანდაზმულთა სოციალური პროგრამებისთვის 6 მილიონ ლარზე მეტს გამოყოფს

 აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა, ლელა სურმანიძემ და ზურაბ თენიეშვილმა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.შეხვედრა აჭარაში ხანდაზმულთა მხარდაჭერისა და სოციალური კეთილდღეობის საკითხებს მიეძღვნა.ხანდაზმულთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი ჩართულობის ხელშეწყობა სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.ხანდაზმულები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტული მოსარგებლეები არიან. გარდა ამისა ხორციელდება მათ საჭიროებებზე მორგებული არაერთი მიზნობრივი პროგრამა. მათ შორისაა 100 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის 5 000 ლარის ოდენობით ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა, გადაადგილებისა და სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა, სმენადაქვეითებული მოქალაქეებისთვის სმენის აპარატების გადაცემა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა და ოსტეოპოროზის სკრინინგი და სხვა.აღნიშნული მიმართულებით სამინისტროს ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.შეხვედრის მიზანს ხანდაზმულთა საჭიროებების განხილვა, სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის საკითხებზე მსჯელობა, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსაზღვრა წარმოადგენდა.ღონისძიებას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, ხანდაზმულთა მხარდაჭერის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. მხარეებმა სამომავლოდაც გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ ხანდაზმულთა საჭიროებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს და ხელი შეუწყონ მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

✕