უკრაინელებმა დაჭრეს და დააკავეს ბელარუსის მოქალაქე, დაქირავებული მებრძოლი - SBU

დაქირავებული მებრძოლი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [SBU] ინფორმაციით, დაჭრილია და დაკავებულია ბელარუსის მოქალაქე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში დაქირავებულ მებრძოლად ჩავიდა. ის რუსული კერძო სამხედრო კომპანია "რედუტის" შემადგენლობაში  2022 წლის ივლისიდან ირიცხებოდა. 

SBU-ს ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდა, 21 ივლისს ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში ჩავიდა, სადაც იარაღიც გადასცეს და ფრონტის ხაზზე გაგზავნეს უკრაინელების დასახოცად.

აგვისტოში, ბელარუსელი ლუგანსკის ოლქის  სოფელ სვატოვიში გაგზავნეს, შემდეგ კი დონეცკის ოლქში, ლიმანის რაიონში. საბოლოოდ კი, უკრაინელი ჯარისკაცების ტყვეობაში 19 სექტემბერს ჩავარდა. მის წინააღმდეგ უკრაინაში სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო და 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება.