მამუკა ხაზარაძის ბიძაშვილი, ბიზნესმენი კახა ხაზარაძე ამბობს, რომ მისი ბიზნესი ამ ეტაპზე არ გაფიცულა
1733830626
დღეს "არასერიოზული კაცის" გარდაცვალების დღეა. არტისტის, რომლის ცხოვრება ორად იყოფა – ერთია: დაუსრულებელი ზეიმი, მეგობრები, სიყვარული, გასტროლები, დროსტარება. მეორე – 1985 წლიდან გარდაცვალებამდე: პატიმრობა, გადასახლება, სრული ჯოჯოხეთი...
წლების წინ, გიას ქალიშვილმა, მარიკუნა მიქატაძემ გაზეთ "პრაიმტაიმს" ექსკლუზიურად უამბო ის, რაც მანამდე საჯაროდ არ უთქვამს და თანაც ისეთი რამ, რაც საზოგადოებამაც პირველად შეიტყო.
მარიკუნა მიქატაძე: სამი წლის ვიქნებოდი, ფოტოების თვალიერებისას დედაჩემის სურათი რომ ვნახე და ვიკითხე, ეს ვინ არის-მეთქი. ბებიას არ დაუმალავს, რომ დედაჩემი იყო. მითხრა, ეს დედაშენია და საზღვარგარეთაა წასულიო.
6 წლის ვიყავი, ეზოში ბავშვებთან ვთამაშობდი, მშობლებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ერთმა მკითხა: შენი დედა რატომაა ბებერიო, მე ვუთხარი: მე მყავს დედა, რომელიც ახალგაზრდაა და გერმანიაშია წასული-მეთქი. ერთმა ბავშვმა მითხრა: დედაშენი გერმანიაში კი არაა, მამამ დედა მოგიკლა და დედაშენი მკვდარიაო. ეს იყო ჩემთვის შოკის მომგვრელი… როგორ უნდა გადამეხარშა ეს 6 წლის ბავშვს?..
ავვარდი სახლში, დავიწყე ტირილი, ისტერიკაში ჩავვარდი, მომიყევით სიმართლე, მანახეთ მამაჩემის სურათი, მამაჩემი მკვლელია-მეთქი. ძალიან ცუდ დღეში ვიყავი. ბებიამ, შეძლებისდაგვარად, როგორც შეიძლება 6 წლის ბავშვს აუხსნა, დამიჯდა და ამიხსნა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. მაინც არ უნდოდა, რომ მძიმედ დაეხატა ყველაფერი…
მაგრამ მერე დროთა განმავლობაში, რაც უფრო ვიზრდებოდი, სულ მესმოდა, მამამ დედა მოუკლა, მამამ დედა მოუკლაო…
საერთოდ, მამაჩემის ხსენება არ ყოფილა სახლში. მერე, რომ გავიგე, დედა მომიკლა, და ვიკითხე, სად არის-მეთქი, მითხრეს, რომ ციხეშია. 11 წლის ვიქნებოდი, ციხიდან რომ გამოვიდა, რომ არ ვენახე და არ მომკარებოდა, ყოველდღე ძიძა დამყვებოდა სკოლაში.
ერთხელ, ფანჯარაზე ვიჯექი, ეზოში შემოვიდა კაცი, გრძელ წვერებში, გაწეწილი, დახეულ პალტოში, ჩაჩაჩულ შარვალში, დაგლეჯილ „ბატინკებში“, ჩვეულებრივი ლოთი, მათხოვარი მეგონა. მოუახლოვდა ჩემს ფანჯარას და მკითხა, ირინას გოგო ხარო? ჰო-მეთქი და დაიწყო ღრიალი. ბებიაჩემმა, ეტყობა, ხმა იცნო, მოვარდა, ფანჯრიდან გადმომაგდო და გული წაუვიდა...
თავიდან ვერ მივხვდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს შეიძლებოდა მამაჩემი ყოფილიყო. მამა კინოში კი მყავდა ნანახი, მაგრამ იმდენად იყო შეცვლილი, საერთოდ ვერ მივხვდი, ვინ იყო. მერე ბებიამ მითხრა, მამაშენი იყოო… მესმოდა, როგორ ღრიალებდა, როგორ გავარდა ეზოდან ღრიალით…
12-13 წლის ვიყავი, შევედი ოთახში, ბებია ტიროდა, ვკითხე, რა გატირებს-მეთქი. მამაშენი გარდაიცვალაო. ძალა უნდა მოიკრიბო, მაინც მამაშენი იყო და უნდა წახვიდე პანაშვიდზეო. ბებიაჩემის დიდსულოვნებას საზღვარი არ ჰქონდა…
ყვავილები მიყიდეს და წავედი. მივედი პანაშვიდზე, იქ გავიცანი ჩემი ძმა, ჩემი და, რომელიც პირველი და მეორე ცოლებისგან ჰყავდა მამაჩემს. ესეც ძალიან დიდი სტრესი იყო. იქიდან რომ წამოვედი, მკვდარი ვიყავი. მამა ვნახე გარდაცვლილი, ისე არ მყავდა ნანახი.
ბაბუას ძალიან დიდი აგრესია ჰქონდა, ფიქრობდა, რომ საერთოდ გაექრო გია. შემდეგ პატრიარქმა დაიბარა ჯუნა, ბავშვს მკვლელი მამაც ეყოფა, მკვლელ ბაბუასაც ნუ დაუმატებ, აკმარე, ნუ გაწირავ ბავშვსო. ბაბუას ბოლომდე სასტიკი აგრესია ჰქონდა. მაგ თემაზე ვერ დაელაპარაკებოდი, საერთოდ ვერ უხსენებდი მამაჩემს. მახსოვს, „არასერიოზულ კაცს“ ვუყურებდი, ჩემს მეგობარს დავუძახე, ნახე მამაჩემი-მეთქი… უცებ წამომცდა, ბაბუაჩემი იქით ოთახში გავიდა და ტიროდა, ძალიან ეწყინა…
– და მაინც, როგორ გგონია, რა მოხდა მაშინ?
– ვიცი, რომ სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი. თურმე დედაჩემი სულ იმას ამბობდა, ერთადერთი კაცია, ვისაც სიცოცხლეს შევწირავო. მართლაც ასე მოხდა… ხშირად ვფიქრობ მაგაზე, ხშირად კი არა, რომ ვწვები, სულ მაგაზე ვფიქრობ. ხან მგონია, რომ მამაჩემი არ იყო ასეთი რაღაცის გამკეთებელი, მარტო იმიტომ კი არა, რომ სიგიჟემდე უყვარდა დედა, იმიტომაც, რომ საერთოდ არ იყო მსგავსი რამის გამკეთებელი და რომ ეს მართლაც უბედური შემთხვევა იყო.
ხანდახან მგონია, რომ განზრახ მოკლა. თან ეს ჭორები სულ გონებას მირევს, ერთი მეუბნება, რომ იმ ღამეს იჩხუბეს, გაშორება უნდოდა, ის ვერ შეეგუა ამას, აიღო და ესროლა. ზოგი ამბობს, რომ იმ კალამს ჩვენც გვიშვერდა, ყველას გვაშინებდა იმ კალმითო.
იცით, რამ შემზარა? ამ მკვლელობის შემდეგ მამაჩემი გაიპარა, მოაწყო ინსცენირება, თითქოს დედაჩემს ეძინა, დააწვინა, „ადიალა“ გადააფარა, იარაღი „დუხოვკაში“ შედო და გაიპარა. დილით, ბებია რომ შევიდა ოთახში, გულწასული ეგონა და ფეხებს უთბილავდა დედას… თავიდან ეგონათ, რომ ქურდები შემოვიდნენ და მოკლეს, ბებიაჩემი იმას ტიროდა, გია რომ გაიგებს, გადაირევაო.
გია… წასულა ვიღაც ცუდი ყოფაქცევის ქალთან, მთელი ღამე იქ ყოფილა, დილას მივიდა და ჩაბარდა. ეგ იყო ჩემთვის ძალიან ცუდი ფაქტი. კი თქვეს ექიმებმა, მაინც არაფერი ეშველებოდაო, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, შველებოდა? ან მან ხომ არ იცოდა, რომ არ ეშველებოდა? ხომ შეიძლებოდა, ეყვირა, რომ ეს დაემართა? სულ ის ფიქრები მაწვალებს, რამდენი ხანი იცოცხლა დედაჩემმა, რამდენი იწვალა, ვინ იცის, რამდენი იყვირა, შველას ითხოვდა…
ისეთი იარაღი იყო და ისეთი პატარა ტყვია ჰქონდა, ლარნაკსაც ვერ გატეხდა, მაგრამ დედაჩემს პირდაპირ გულში მოხვდა, არტერია დაუზიანა, ექიმებიც ვერ უშველიდნენ, მაშინვე რომც მისულიყვნენ. გაორებული ვარ, ხან როგორ ვფიქრობ, ხან – როგორ…
ძალიან ბედნიერი ვარ, ისეთმა ადამიანებმა რომ გამზარდეს, როგორებიც ბებია და ბაბუა იყვნენ, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ ბედნიერი ვიქნებოდი, დედასა და მამას რომ გავეზარდე.
პ.ს. სამწუხაროდ დღეს აღარც მარიკუნაა ცოცხალი. ის გასულ ზაფხულს, საბერძნეთში, ტრაგიკულად გარდაიცვალა...
ასევე დაგაინტერესებთ:
"ამ კადრების ერთხელ ნახვა საკმარისია, რომ აღარ დაგავიწყდეს და ..." - ამბები ოთარ იოსელიანზე