24-წლიანი ტყვეობა და მამისგან გაჩენილი 7 შვილი - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ისტორია
1730390148
ინტერნეტში რას არ გადააწყდები. ამ ამბის თქვენამდე მოუტანლობა, არაფრით იქნებოდა.
გიგი ხორნაულმა თავის მოგონებებში (რომელიც წიგნად გამზადდა - „ჩემი საწუთრო – სამზეო") ანა კალანდაძის უცნობი სიყვარულის ამბავი გაამჟღავნა...
აი, რას ვკითხულობთ ანა კალანდაძესა და ილო ფხოველზე.
გიგი ხორნაული: ანა კალანდაძეს, ჩვენს სასიქადულო პოეტს, თავისი ლექსების „ფშაურ ციკლში" გამჟღავნებული აქვს თავისი უიმედო სიყვარული, რომელიც ზაფხულობით შუაფხოში ყოფნის დროს ეწვია, სიყვარული ვერ დამალა, თორემ „მისი სახელი" არ გაუმხელია.
მკრეხელობად არ ჩამეთვლება, ალბათ, როცა აღარც ერთია ცოცხალი და აღარც მეორე. მე უნდა გავამჟღავნო დაფარული, რადგან უამისოდ არ იქნება, როცა მოგონება უნდა დავწერო, ჩემთვის ძვირფას მოსაგონარ ადამიანზე – ილო ფხოველზე.
ეს იყო, სოფელ შუაფხოს უფრო სწორად, კი შუაფხოს თემში შემავალი სოფლის, თხილიანას მკვიდრი. ილო ფხოველი საოცარი სილამაზის კაცი, გამორჩეული იმათ შორის, ვინც კი ოდესმე შემხვედრია, მთასა თუ ბარში, იყო ახოვანი, წარმოსადეგი ცისფერთვალება და თეთრფეროვანი სახის კაცი.
ზუსტად იმ ზაფხულს, როცა ილოს უკანაფშავის თავკაცობა ჩააბარეს შუაფხოში (საბჭოს თავმჯდომარედ მოუთხოვია ხალხს) იახსრობაზე ასულა მუსიკალური ფოლკლორის ცნობილი შემკრები და შემსწავლელი გრიგოლ ჩხიკვაძე (ჩვენი დიდი მსახიობის რამაზ ჩხიკვაძის მამა) ის მოხიბლულა ილოს გარეგნობით, ქცევით, სიტყვა-პასუხით, განათლებით და შეუთავაზებია წამომყევი თბილისში თეატრალურ
ინსტიტუტში ჩაგრიცხავ, კინოში გადაგიღებენ და დიდი კინომსახიობი გახდებიო. ილოს მოკრძალებით უპასუხია:
– ბატონო გრიგოლ, ჩემგან დიდი მსახიობი არ დადგება. პატარა კი აქაცა ვარო.
***
ის იყო კაცი ფართო და ტრადიციული გაგებით, კაცი დიდად კოლორიტული ახოვანებით, ვაჟკაცური მშვენებით, სიდარბაისლით, მჭერმეტყველებით, მეგობრობით, თანადგომით, მასპინძლობით.
ოდითგანვე ფხოვის ისტორიულ ცენტრში – შუაფხოში ცხოვრობდა მისი დიდი ოჯახი, ილია ფხოველიც იქ აღიზარდა, იქაური ბუნების სიდიადე, მადლი და სიწმინდე გაჰყვა მთელი ცხოვრების მანძილზე.
ბრწყინვალედ იცოდა ფშავ–ხევსურული ზეპირსიტყვიერება, პოეზია, მითოსი, ლეგენდები, ანდრეზები, სამართალი, რელიგიური რიტუალები და ყოფითი ტრადიციები, მისი მეტყველება გაჯერებული იყო ხალხური სიბრძნით, იუმორითა და მახვილგონიერებით.
თვითონ არც მწერლობას მისდევდა და არც ხალხში გაგონილს იწერდა, მაგრამ შესანიშნავად იცნობდა ძველსა თუ ახალ ქართულ მწერლობას, მეგობრობდა მრავალ მწერალთან, ხელოვანთან, მეცნიერთან, ფოლკლორისტთან, ვინც კი ოდესმე მთის ხალხთა კულტურით, ტრადიციებით, წარსულითა და თანამედროვეობით დაინტერესებულა.
ძნელად ასახსნელია, საიდან მოდიოდა მისი ხიბლი – დიდი ზნეობიდან, ღირსების გრძნობიდან, კაცთმოყვარეობიდან, ვაჟკაცური შემართებიდან, მუდმივი შინაგანი წონასწორობიდან, დარბაისლური მსჯელობიდან, თუ სიტყვა პასუხიდან? – მაგრამ ვინც კი ერთხელ შეხვდებოდა ამ დიდებულ ადამიანს, ვეღარასოდეს დაივიწყებდა.
სიტყვის ოსტატებს ლექსები მიუძღვნიათ ილია ფხოველისათვის, დაუწერიათ მასთან კეთილმოსაგონარ შეხვედრებზე.
***
ილო ფხოველი გოგი ოჩიაურთან მეგობრობდა. როგორც კი შუაფხოში ამოდიოდა, ამოვიდოდნენ მისი თბილისელი მეგობრები, ამოვიდოდა ანა კალანდაძეც, რომელიც აგვისტოს, მთელ შვებულებას შუაფხოში ატარებდა თავის მეგობრებთან – თინა და დედიკა ოჩიაურებთან. იქ იყო ხოლმე ილო ფხოველიც და იქ ვიყავი მეც. მე უმთავრესად იმიტომ, რომ შემეძლო ცხვრის დაკვლა, გატყავება, ხინკლის გულის მომზადება და კალმახის დაჭერა. მზის გადასვლის ხანს, საღამოობით, ოჩიაურთა ეზოში შემოკრებილი სტუმრების სული და გული იყვნენ ილო ფხოველი და ჩემი მეორე დეიდა თეთრქალ ბალიაური. ილო სტუმრებს უამბობდა ფშაურ ადათ-წესებზე, ლექს-კაფიაზე და ათას სხვა რამეზე. ანა კალანდაძე არაფერს იმჩნევდა ილოს სიყვარულისას, ეჭვადაც კი არავინ არაფერი იცოდა მისი ილოსადმი სიყვარულის შესახებ. ეს მას შემდეგში მუზამ გაამჟღავნებინა, ვერ დამალა სიყვარული. სახელი კი მაინც არ გაამხილა.
***
2004 წლის მაისის ბოლოს სიმინდ-ლობიო-კარტოფილის გასათოხნად მარტო უნდა ავსულიყავი სოფელში. ჩინთის ბოგირთან მთელი დღე ველოდი გამვლელ მანქანას. არაფერი გამოჩნდა. მძიმე ზურგჩანთის გამო ფეხითაც ვერ გავბედე წასვლა. შემომაღამდა და მეტი გზა არ იყო, ილოსთან უნდა მივსულიყავი… კარი შევაღე და ეზოში შევედი. ილოს საფუტკრიდან ცარიელი სკა მოჰქონდა. ბრახუნზე გამოიხედა და რომ დამინახა, შესძახა: – გიგი, შენა ხარ? სკა დააგდო და წელგამართული ფართო ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ. სიბერე ლომს მორევიაო, ილო ფხოველს კი ვერ მორეოდა. აღარ მეგონა, შენ თუ გნახავდი, ეს ერთი ხანია, სუ შენა გნატრულობო!
გამიკვირდა ილოსგან ასეთი შეხვედრა, ყოველთვის ზომიერი იყო შეხვედრების დროს, სიხარულს ღიმილით გამოხატავდა. ვიფიქრე, მარტოობით იყო გაბეზრებული და გრძნობები ვეღარ მოთოკა-მეთქი. მერე თითქოს ჩემს ნაფიქრალს მიხვდაო:
– აბა, აქ შემოდი, გაჩვენო, რატომ გამიხარდა ეგრე ძალიან შენი მოსვლა.
თავის ოთახში შემიყვანა და საწოლის სათავითურთან სკამზე დაწყობილ წიგნებზე მიმითითა: – ნახე შენი წიგნი, სად მიდევს. სამი წიგნი იდო. ერთი ვაჟა-ფშაველას ერთტომეული, მეორე ანა კალანდაძის ერთტომეული და მესამე ჩემი, “ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი”. გააგრძელა: – ეს რა წიგნი დაგიწერია. შარშანს აქეთ, რაც ეს წიგნი მომივიდა, მარტო ამასა ვკითხულობ. ერთი ათჯერ მაინც წავიკითხე. ხან ხარხარი ამივარდება, ხან ხმითა ვტირი. ეს მარტო ვაჟა-ფშაველას ცხოვრება არ არი, ფშავის ცხოვრებაა, ჩემი ცხოვრებაა. ვაჟას თბილისში საავადმყოფოში მწოლს, თავისი აფხუშოსთავის სათიბი რო ენატრება, მეც ისე მენატრება ჩემი უბისთავის სათიბი და ჩემ თავსა ვტირი… ვიცი, ამ წიგნზე ზოგიერთი ეს ჩვენი ფშაველი გიჩხიკინებს, ვაჟა გაახევსურეო, მაგრამ იცოდე, ეს მაიმუნობაა, შურია. მაშ, ჩემზე რო იტყვიან, ძირად ქისტაურია, ღულიდან არიანო, ეს გახევსურებაა? ფშაველი არა ვარ? მეორეც, ჩვენ ერთნი არ ვიყავით ფშაველნიცა და ხევსურნიც? ფხოველნი არ ვიყავით?
კარგად შეეძლო ილოს სათქმელის ჩამოყალიბება, ამაში ხელს უწყობდა ნაკითხობა და ფშავხევსურული პოეზიის კარგი ცოდნა. ამიტომ ჭირის სუფრა იქნებოდა თუ ლხინისა, თამადად ის უნდა ყოფილიყო…
„ანას გულისნადებისა მე მაშინ არაფერი ვიცოდი“.
ილომ მითხრა, აბა, ახლა მე რას გავამზადებ, ისევ დამბალხაჭო უნდა გაჭამო, ხო ვიცი, ძალიან გიყვარს და მეც ამას არაფერი მირჩევნიაო. ორი ხაჭოსკვერა შემოიტანა ობმოკიდებული, ბლომად ერბოში მოაშიშხინა უცებ, კიტრის მწნილი და ორი დოქი ღვინოც შემოიტანა – თეთრი და წითელი…
– აბა, გიგი, შენ მოსვლასა და ჩემ დახვედრას გაუმარჯოს! არ მოგვიშალოსო, ვეღარ ვიტყვი, რადგან ისე ვარ კილოს მიმდგარი, როგორც მურყანი წყლის პირსა. ხვალე შეიძლება აღარ ვიყო და ძალიანაც კარგი იქნება. ამ ყოფაში, ახლა მე რო ვარ, მეთაკილება კიდეც სიცოცხლე. წამლებს მიზიდავენ. წამალი სიბერესა და სიკვდილს რას უშველის, ღვინო და თაფლია ყველაფრის წამალი, თუ ესენი არა გშველენ, მაშინ აღარაფერი გიშველის. აემდროულა კაცი ვარ, აქამდე სხვა წამალი მე არ მიმიღია და არც არაფერს მივიღებ. არ ვათქმევინებ არავის, სიცოცხლეს ებღაუჭება, სიკვდილისა ეშინიაო.
მერე მოაყოლა: – გიგი, შენ შეიძლება გაგიკვირდეს და ანა კალანდაძე მინდა ვადღეგრძელო, ჩემი "ნაძრახი." ეს ისე, სახუმროდ, თორე ანას გულისნადებისა მე მაშინ არაფერი ვიცოდი. მე ეჭვადაც კი არ მიგრძნია ანასაგან ჩემდამი რაიმე ინტერესი. როცა ანა გავიცანი ოჩიაურებისას, უკვე დაოჯახებული ვიყავი, რანაირად შეიძლებოდა ანასთან რამე დამეწყო, რამე გამებედა. მე მის გაცნობამდეც მისი ლექსები მხიბლავდა. როცა გავიცანი, ამას დაემატა მისი სულიერი სილამაზე და კეთილშობილება, მისდამი უდიდესი პატივისცემით განვიმსჭვალე. ბუნებით ძალზე მორიდებული იყო, ხათრიანი, ხმაამოუღებელი. საფიხვნოდ ჩამომსხდარი ოჩიაურ-ბალიაურები საღამო ხანს საქმისთვის რო აიშლებოდნენ, მე და ანა ვრჩებოდით და ვაგრძელებდით ჩვენ მუდმივ სასაუბროს. მას აინტერესებდა ფშაური სიტყვები, მცენარეთა სახელები, ადგილის სახელები. როცა რომელიმე უცნობ სახელს ვახსენებდი, შესძახებდა ხოლმე, ო, ეს რა კარგი სახელიაო და მერე იმას მეკითხებოდა, როგორი მცენარეა, როგორი ყვავილი აქვს, როგორი ფოთლებიო? ასეთი სახელი აქვს, აი, შენც ხო იცი: უკადრისა, სატყრობელა, სასუტელა, კაზარა, ფამფარა და კიდე ვინ მოსთვლის, რამდენი რაღაც. ამას კი ვამჩნევდი, სხვებთან მდუმარე ჩემთან ალაპარაკდებოდა, გახალისდებოდა, მაგრამ მოწონებაზე რამე მინიშნება, გადაკრული სიტყვა – არაფერი მომისმენია. შეიძლება იმიტომაც, რომ ხშირად ხმამაღლა გამომითქვამს მოსაზრება, რო მომკლა, ქალაქში არ ვიცხოვრებ, მთას არ მივატოვებ-მეთქი. მისი ლექსები მოგვიანებით რომ გამოქვეყნდა, მივხვდი, ჩემი ბრიყვული ლაპარაკით რა ტკივილს ვაყენებდი. მას შემდეგ აღარ გამოჩენილა შუაფხოში და რომც გამოჩენილიყო, არ ვიცი, როგორ შევხვდებოდი, ან მე რა უნდა მეთქვა მისთვის, ან ანას რა უნდა ეთქვა ჩემთვის… მოთხოვნილება მაქვს ანას ლექსების კითხვისა, ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს თავად ანას ველაპარაკებოდე, ვებოდიშებოდე იმ გულისტკივილისათვის, რაც ჩემდა უნებურად მივაყენე… ნეტა ცოცხალია?
– კი, ცოცხალია, წელს შეუსრულდება ოთხმოცი წელი. ეს წელი მის საიუბილეო წლად გამოაცხადეს.
– არ ვიცოდი, ჩემზე უფროსი ყოფილა, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს…
გვიანობამდე ვისხედით მე და ილო. დილის 6 საათზე გავუყევი გზას ჩემი სოფლისკენ. ჭიშკარში რომ გამომაცილა, მითხრა, რა ვიცი, აბა, როდის გამოხვალ, მნახავ კიდევ ცოცხალსაო? გადამეხვია. მე დავაიმედე, აუცილებლად მალე სადმე გნახავ – მეთქი.
ილო ფხოველს როცა შევპირდი, მალე გნახავ-მეთქო, სადღაც სექტემბრის დასაწყისს ვგულისხმობდი. მეც მაინტერესებდა მისი კიდევ ნახვა, რადგან უამრავ საინტერესო რამეს იხსენებდა, მაგრამ ჩემი მცდელობა ამაო გამოდგა. ისე წაეწყო საქმეები, რომ ბარად ჩამოსვლა კი არა, როგორც იტყვიან, თავის მოსაფხანად არ მეცალა. გაჭირვების გამო ფუტკარი 30 ძირამდე მყავდა მომრავლებული და მათი მოვლა გათენებიდან დაღამებამდე შრომას მოითხოვდა. ამასთან ერთად, მოსავლის მოყვანასაც არანაკლები დრო სჭირდებოდა. ბოლოს ცოტა წანადირება და ილოს ძველით საახალწლოდ მონახულება გადავწყვიტე. აღარ დაგვცალდა – დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში რომ ვიყავი ჩამობარგებული, ვიღაცამ დამირეკა: ილო ფხოველი გარდაიცვალა, დასაფლავება ხუთშაბათს არის ჩინთშიო.
ილოს სიკვდილის გაგონება ისეთი მოულოდნელი არ იყო, როგორც ის, რომ ჩინთში ასაფლავებდნენ. ეს ამბავი სენცეცხლასავით მეცა. ჩემი თავის უკმაყოფილო ვიყავი, პირობა რომ ვერ შევუსრულე, ვეღარა ვნახე. ხუთშაბათ დღეს დილიდანვე ავედი. ბევრი ხალხი მოსულიყო. ილოს შვილმა – თამაზმა მითხრა, ჩინთში დროებით ვასაფლავებთ, გზები ყოფილა ჩაკეტილი, დიდი თოვლია და ზვავები, გაზაფხულზე აუცილებლად გადავასვენებთო. გაზაფხულზე, აღდგომების ხანს თამაზმა დამირეკა, მამა უკვე გადავასვენეთ თხილიანაში, ქელეხს კი ხალარჯობას (სულთმოფენის დღეს) ვაპირებთო. ავედი და მესაზარლა გაუკაცრიელებულ წყალ-ჭალებისა და მთის ფერდობების ხილვა. მორიგი ჟამიანობა დასტეხოდა თავს ფშავ-ხევსურეთსა და მასთან ერთად მთლიან კავკასიას. ჩამიჩუმი არ ისმოდა არც ოჩიაურთა კარიდან. მესაზარლა დაცარიელებულ სამოთხეს დამსგავსებული ქვეყნიდან გაქცეული ხალხის ყოფის წარმოდგენა, ყველაზე გულსაკლავი კი მაინც ილო ფხოველის გარეშე გაჩენილი სიცარიელე იყო. გულსაკლავი იყო იმის წარმოდგენა, რომ ფშავის მშვენება მიწაში იწვა. გავცქეროდი არაგვის ჭალებსა და მეჩვენებოდა, რომ ის ფერი აღარ ედო მთებს, შუაფხოდანაც აღარ ისმოდა ჩამიჩუმი, ილოს გარეშე კიდევ უფრო დაცარიელებული მეჩვენებოდა ფშავი. თვალწინ მედგა შუაფხოდან გამომზირალი ანა კალანდაძის სევდიანი მზერა, ცრემლში აცურებული მისი თვალები. თითქოს ჩამესმოდა მისი წყნარი ჩურჩული, მისი ამაო ძახილი:
„გადმოდი გადმოაშუქელურჯთხილიანას კალთები,რა დაშავდება, არც რაიგნახავ და გამიხარდები“.
ასევე დაგაინტერესებთ: