"ამირანს ერთხელაც არ უთქვამს, მიყვარხარო. უთქმელი კაცია, ზურგს უკან ხელით და ყვავილებით" - ეთერ თათარაიძე იუბილარ მეუღლეზე

etero

"ყველას დავასწრებ და 12 საათი რომ გახდება, ვულოცავ ამირანს დაბადების დღეს. მინდა, რომ ძალიან ჯანმრთელი იყოს და კარგად იყოს. მადლობა და საუბარი მაგან არ იცის და ჩუმად იღრიჯება. 

ძალიან ჭკვიანი ბიჭია. თბილია და ასაკში, კიდევ უფრო დათბა. სიბერე ეგეთია, უჭკუოებიც ჭკვიანდებიან. და ჭკვიანი ადამიანი ხომ, მით უფრო" - უყვება "პრაიმტაიმს" ფოლკლორისტი, საყვარელი ეთერ თათარაიძე.

ამირანი 8 მარტს 67 წლის გახდა. 15 მარტს ეთეროც 67-ის ხდება. უთქმელი კაცია და ასე უჩუმრად დავბერდითო, გაგვანდო ეთერომ.

ეთერო და ამირანი ერთ-ერთი გამორჩეული წყვილია არამხოლოდ ფოლკლორულ გარემოში, ზოგადად, ჩვენს საზოგადოებაში. მართლა უჩუმრად დადიან, სოფელ-სოფელ, მხარე-მხარე, ხალხში, საფლავებზე და უსიტყვოდ აკეთებენ თავიანთ მადლიან საქმეს, ფოლკლორს "აგროვებენ", წიგნებად წერენ და გვინახავენ… 

"ძველთაგან" არც თუ იშვიათად შეხვდები წყვილს, რომლებიც ისე გალევენ წუთისოფელს, სიყვარულს სიტყვიერად არ უხსნიან ერთმანეთს, სამაგიეროდ, გულს არ ტკენენ და მეორე ნახევარს გემრიელად არგებენ ცხოვრებას.

ამირანს ერთხელაც არ უთქვამს, მიყვარხარო. ისე მოვედით აქამდეო, გვითხრა ეთერომ.

ეთერ თათარაიძე: მეც ერთ კვირაში ვხდები 67-ის, 15 მარტს. გაზაფხული ორივეს ძალიან გვიყვარს.

ერთხელ არაგვის ხეობაში მოვხვდით. სადღაც გაქრა, მე მდინარესთან ვიყავი და რაღაც დროს, გამოჩნდა თაიგულით, სასუტელა და რაღაც ყვავილები დამიკრიფა. ეგ მისი ხელწერაა. ყაყაჩოები რომ იწყებს შემოსვლას და პირველი ტოტები აყვავდება, ამირანი ყვავილებით მოდის ჩემთან. 

ჩვენი შვილი, მინდია ამერიკაში რომ სწავლობდა, დაწერა მოთხრობა, რომელშიც მამის თაიგულები ფიგურირებს. რომ წაიკითხავ, ამირანს ამოიცნობ. ჩარჩა ბავშობიდან, როგორც ჩანს, ამირანი ზურგს უკან ხელით და ყვავილებით.

დღეს სამზადისი არ გვაქვს. უბრალოდ მოვლენ შვილები და შვილიშვილები...