1733258119
„სანამ ცოცხალი ვარ, მინდა ეს გავაკეთო... დაწუნებით ვერაფერს დამიწუნებს, მაგის უფლებას არ მივცემ“ - რას გვიმხელს ეთერ თათარაიძე
საოცარია, 66 წლის ფოლკლორისტი, ეთერ თათარაიძე რანაირად მუშაობს ერთდროულად ხუთ წიგნზე. ერთ წიგნს მხატვარ თენგიზ მირზაშვილზე წერს. ეს პირველად "პრაიმტაიმის" მკითხველს გაუმხილა.
"ჩუბჩიკაზე წიგნის წერა ზურა შევარდნაძის შემოჩენამ გადამაწყვეტინა. როდესაც მან ჩემი პატარა ჩანაწერები ნახა, ჩამაცივდა, ეს ხომ უკვე წიგნია?! რატომ არ წერო?.."
თურმე, ჩუბჩიკა ეთეროს ეუბნებოდა, მე შენი ლექსების შემდეგ უკეთესი გავხდიო. ეთეროს ლექსების წყალობით თუშური დიალექტი თუშებზე უკეთ უსწავლია.
"ზეპირად იცოდა ჩემი ლექსები. მე არც ერთი საკუთარი ლექსი ზეპირად არ ვიცი. მე რატომ არ მომცა ღმერთმა ხატვის ნიჭი-მეთქი, ვეტყოდი და რას მპასუხობდა?! შენ ლექსებში ხატავ, ბევრ რამეს შენი ლექსებიდან ვიხატავო. რა ხარბი გამოდექი, ხატვაც მოგინდაო, რომ მეტყოდა, არა, ვოცნებობ-მეთქი, ვპასუხობდი" - გვიყვება ფოლკლორისტი.
და კიდევ ერთი წიგნი, რასაც ასევე პირველად ჩვენს მკითხველს უმხელს, ეს არის ავტობიოგრაფიული ნაშრომი.
ეთერ თათარაიძე: - ჩქარა ვერ ვმუშაობ წიგნზე, მით უფრო ჩუბჩიკას წიგნზე. "ვითომ წიგნს" მას ვერ შებედავ. არ მინდა რამეში ავჩქარდე და ვხვდები, რომ ასე შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. თითქმის ბოლოსკენ გავედი. მაგრამ ისეთი განწყობის ადამიანი ვარ, მერე როცა გადავხედავ, ჩემ თავს ვუწუნებ ხოლმე. როგორც წესია. წიგნი ხომ ადვილი არ არის საურთიერთოდ?!
ბევრ ფოტოს ითხოვს. მისი ნამუშევრებიც უნდა იყოს შეტანილი. ზოგს თავისი ისტორია აქვს. ჩემთვის ნაჩუქარ ნახატებს თენგიზის მინაწერები აქვს. ალბათ, საინტერესო იქნება მკითხველისთვისაც.
სანამ ცოცხალი ვარ, მინდა ეს გავაკეთო. არ ვიცი, თამუნა, როდის მოვრჩები.
თუ ვიტყვი, რომ ხვალ დავამთარებ, დამთავრებული მაქვს, მაგრამ ეგრე არ არის. მე ხომ "საშინელი" განწყობების ადამიანი ვარ. (იცინის)
მწერლებს იდეები არ ელევათ. რა იდეებიც მაქვს, ეს რომ შევასრულო, სულ ცოტა ოთხი ცხოვრება უნდა განვლო.
კიდე ერთი ადამიანის (ჯერ ვერ ვასახელებ) თხოვნით ვმუშაობ ავტობიოგრაფიულ წიგნზე, ჩემი და ჩემი დის, ლელას ცხოვრებაზე, ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე.
- რა მაგარია! თუშურ სურნელს წამოიღებს...
- ჰო, მე მგონი. ხან ღამით გამიტაცებს მოგონებების წერა, ვზივარ და ვწერ, ხან მეტირება, ხან - ვიცინი. ოთხი დიდი რვეული უკვე დავწერე. აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ მახსოვს. ჯერ მთავარი ამბებისთვის არ მიმიხედავს. გრძელი ცხოვრება გვაქვს, უფალმა დაგვაბერა... დავწერ იქაურ ხალხზე, ყველაფერზე, იმ სამყაროზე, სადაც ჩვენ გავიზარდეთ.
ლელა ძნელი ადამიანია და რას ვაკეთებ, ზოგ რაღაცას ჯერ არც ვეუბნები. განიცდის, რომ მასზე რამეს ვწერ. თითქოს, არც მთლად თავმდაბალია, მაგრამ რაღაც საკითხებში უგონოდ საცოდავია. მე სწორედ მის ამ ხასიათს ვუსვამ ხაზს. საცოდავი გული აქვს. მთელი ცხოვრება სხვისთვის ცხოვრობს. ეგეთმა მშობლებმა გაგვზარდეს, სხვისი შემბრალებელნი ვართ.
დაწუნებით ვერაფერს დამიწუნებს, მაგის უფლებას არ მივცემ.
თან აზრს ვეკითხები ამირანს. ჩვენ ხომ სიამის ტყუპებივით ვართ. ასე დაგვწერა უფალმა.
- რა იშვიათია, ცოლ-ქმარი რომ ასე, ერთი მიმართულებით იყურებოდეს...
- რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ არის.
- თუშეთში ჩახვალთ მეტი ინსპირაციისთვის?
- ისე მენატრება, მიწის სურნელსაც კი ვგრძნობ. ახლა აივსო და ჟრიალებს იქაურობა. მე ჩემი თუშეთი მდუმარეც მიყვარს. ყველაზე მეტად მაინც გაზაფხულის დასაწყისი უხდება, როცა ედემს ჰგავს და ფერადი ყვავილები ამოდის. ვითომ ცოცხალ სამყაროში ხარ, მაგრამ თან ირეალურში. არ გჯერა, რომ იქ ხარ და შენი ქვეყანაა. და შემოდგომაზე მიყვარს. მაგ დროს მეტირება, როცა ყველა ბარში ჩადის და მარტო რჩება, ცარიელდება. განვიცდი ძალიან. ბოლოს, ორ წელზე მეტი ხნის წინ ვიყავი, ლექციები მქონდა და ცუდად გავხდი, წნევა მქონდა. ემოციამაც თავისი ქნა. სულ ვგეგმავ, ვგეგმავ და წელს უეჭველად უნდა წავიდე ჩემს თუშეთში.