„ანონიმურ კომუნიკაციას ვინარჩუნებ...“ - სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში
1793215936
კრეატინი თავიდან სპორტსმენებისთვის განკუთვნილ საკვებ დანამატად ითვლებოდა, ამჟამად კი მეცნიერები იკვლევენ მის სარგებელს კუნთებს მიღმა.
პირველადი მტკიცებულებების თანახმად, ამ ბუნებრივ ორგანულ ნაერთს, ფიზიკური ვარჯიშის გარეშეც კი, შესაძლოა სარგებელი მოჰქონდეს სხეულისა და ტვინის მრავალი ნაწილისთვის.
იდეა საკამათოა, მაგრამ ვირთხებზე ჩატარებული ახალი კვლევა მიუთითებს, რომ კრეატინი ძლიერ ეფექტიანია დარღვეული ნაწლავისგან თავის ტვინის დაცვის თვალსაზრისით.
კვლევის შედეგები Brain, Behavior, and Immunity-ში გამოქვეყნდა და მხოლოდ ცხოველებით შემოიფარგლება, მაგრამ ესპანელ მკვლევრებს სჯერათ, რომ მას კლინიკური მნიშვნელობა აქვს.
მკვლევართა განცხადებით, ნაწლავ-ტვინის ანთებითი დარღვევების მქონე პირებში, კრეატინი შეიძლება ბრწყინვალე კანდიდატი იყოს თავის ტვინის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
„კლინიკური თვალსაზრისით, კრეატინის დანამატების მიღება წარმოადგენს ძლიერ, დამხმარე და პროფილაქტიკურ სტრატეგიას. ის ჰიპოკამპუსში აღადგენს კრეატინის შემცველობას, ინარჩუნებს ნეირონულ მთლიანობას და ახდენს ნეირონული აღგზნებადობის ნორმალიზებას, ანთების შედეგად დარღვეულ პარამეტრებზე შერჩევითი ზემოქმედების გზით“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც სევილიის უნივერსიტეტის ნეიროფიზიოლოგები, ალეხანდრო რუის-კალერო და მარია ოეტეგო-დომინგესი ხელმძღვანელობდნენ.
შარშან, ამავე ჯგუფის ზოგიერთმა წევრმა დაადგინა, რომ კრეატინის საკვები დანამატის მიღება მღრღნელებში ამცირებდა ნაწლავის ანთებას და ამ დაავადებით გამოწვეულ დაზიანებას ნაწლავში.
მათი ახალი ექსპერიმენტები ჰიპოკამპუსისთვისაც სასარგებლო შედეგებს აჩვენებს; ეს ტვინის უმნიშვნელოვანესი უბანია, რომელიც სწავლასა და მეხსიერებაში მონაწილეობს.
როცა ნაწლავის ანთების მქონე ვირთხები კრეატინს ყოველდღიურად იღებდნენ, დანამატმა წარმატებით აღადგინა კრეატინის დონე მათ ჰიპოკამპუსში.
ასევე შეამცირა ამ უბანში ნეირონების ანთება და დაზიანება.
შედეგები ემთხვევა რამდენიმე წინასწარ კვლევას, რომლებიც კრეატინის დანამატების მიღებას ტვინის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უკავშირებს.
ცნობილია, რომ თავის ტვინი სხეულის ენერგიის უზარმაზარ ნაწილს იყენებს; კრეატინი კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი უჯრედული ენერგიის ბალანსის შენარჩუნებაში.
ადამიანების ტიპური ხორციანი დღიური რაციონი დაახლოებით 1-2 გრამ კრეატინს შეიცავს. ამ ბუნებრივ ორგანულ ნაერთს ასევე გამოიმუშავებს ღვიძლი, თირკმელები და პანკრეასი.
გამომუშავებისა და მოხმარების შემდეგ, ის ძირითადად კუნთებში ინახება, მაგრამ კრეატინს ასევე შეუძლია ჰემატოენცეფალური ბარიერის (სისხლი-თავის ტვინის ბარიერი) გადალახვა და ნეირონებსა და ტვინის სხვა უჯრედებში შესვლა.
ნაკლებად არის ცნობილი, რას აკეთებს ის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მოხვედრის შემდეგ.
ახალი კვლევა მიუთითებს, რომ კრეატინის დანამატები შეიძლება გავლენას ახდენდეს ტვინის გარკვეულ უჯრედთა ჯანმრთელობასა და ფუნქციაზე.
ექსპერიმენტებში მონაწილე მღრღნელებზე მოდელირებული იყო ადამიანის დაავადება, რომელსაც წყლულოვანი კოლიტი ეწოდება; კრონის დაავადებასთან ერთად, ის ნაწლავის ქრონიკულ ანთებით დაავადებად (IBD) მიიჩნევა.
წყლულოვანი კოლიტის დროს, იმუნური სისტემა თავს ესხმის ნაწლავის საფარს, რაც მსხვილ და სწორ ნაწლავში ღია წყლულების გაჩენას იწვევს.
თუმცა, მისი სიმპტომები მხოლოდ ნაწლავით არ შემოიფარგლება. ისინი თავის ტვინშიც ჩნდება.
როცა ნაწლავის ქრონიკულ ანთება იწყება და „აქტიურად“ მიიჩნევა, პაციენტები ხშირად იუწყებიან ტვინის დაბინდვის შესახებ, აღენიშნებათ მეხსიერების დაკარგვა, ყურადღების დეფიციტი და აღმასრულებელი ფუნქციების დაქვეითება.
კოლიტის მქონე ვირთხებში წინა კვლევებმა აჩვენა, რომ დაავადება ჰიპოკამპუსში უფრო ძლიერ ანთებას იწვევს.
ამჯერად, ესპანელმა მკვლევრებმა ეს შედეგები განავრცეს და აჩვენეს, რომ ვირთხებში ნაწლავის ანთება ასევე იწვევს ჰიპოკამპუსის ნეირონების დაზიანებას და დისფუნქციას. განაგრძეთ კითხვა