1793218619
„ანონიმურ კომუნიკაციას ვინარჩუნებ...“ - სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში
გადაცემა „შენი ამბის“ ავტორი და წამყვანი თაია გამთენაძე სოციალურ ქსელში გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და საქმის ირგვლივ არსებულ სიახლეებზე საუბრობს.
„მეგობრებო, ვიცი, რომ დიდი ინტერესით ადევნებთ თვალს გურამ დადიანიძის საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.
კარგად მაქვს გაცნობიერებული ჩემი პასუხისმგებლობაც, რომ დროულად მოგაწოდოთ ინფორმაცია.
აუცილებლად გაგიზიარებთ ყველა სიახლეს, რაზეც საუბრის უფლება და შესაძლებლობაც მექნება.
ჩემ მიერ გავრცელებული ყველა ინფორმაცია გადამოწმებულია. არც გადაცემებში ვსაუბრობ დაუდასტურებელი ვარაუდებით და არც ისეთ ინფორმაციას ვასაჯაროებ, რომელმაც შესაძლოა გამოძიების ინტერესებს ან საქმის მიმდინარეობას ხელი შეუშალოს. პირიქით, სოფოსთან პირველი გადაცემის შემდეგ მომზადებული თითოეული ეპიზოდი მიზნად ისახავდა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების წარმოჩენასა და გამოძიებისთვის ხელშეწყობას.
კიდევ ერთხელ ვიტყვი მათ გასაგონად, ვინც ჩემს კრიტიკას დიდ დროს უთმობს და ამით საკუთარ კონტენტსაც აძლიერებს, ამ საქმეზე დაუფიქრებლად არაფერს ვამბობ. ემოციას პროფესიულ პასუხისმგებლობაზე მაღლა ვერ დავაყენებ. საკმარისი გამოცდილება მაქვს იმის გასააზრებლად, რა, სად და როდის უნდა ითქვას.
ჩემს გადაცემებში გაჟღერებული ყველა ინფორმაცია ადვოკატთან შეთანხმებით ქვეყნდება, რათა არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესები და საზოგადოებას მივაწოდოთ საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
თუ ჩემი კრიტიკა ან ლანძღვა ვინმეს ეგოს აკმაყოფილებს, ეს მათი არჩევანია. მე ჩემს საქმეს გავაგრძელებ, რადგან ჩემთვის მთავარი არა “ვიღაცებთან“ დაპირისპირება, არამედ სიმართლის პოვნაა! ამის არც დრო მაქვს და არც სურვილი.
რაც შეეხება აქციაზე განვითარებულ მოვლენებს, საჭიროდ ჩავთვალე, სოფოს სწორედ იქ, მოძალადის თანდასწრებით ესაუბრა იმ ჯოჯოხეთურ ყოფაზე, რასაც შვილთან ერთად წლების განმავლობაში გადიოდა.
იქ და იმ მომენტში ორივე მხარე ბევრად უფრო კარგად გამოჩნდა.
სოფო რთულ მდგომარეობაში კი არ ჩავაყენე, პირიქით, მაქსიმალურად ვეცადე, საბოლოოდ დაეძლია შიში. რთული იყო, მაგრამ მან ეს შეძლო. ვიცოდი, რომ შეძლებდა.
სტუდიაში, ცალმხრივად ამ ყველაფერზე საუბარი მაინც არ იქნებოდა მისთვის კომფორტული და არც სწორად მიმაჩნდა.
ამიტომ ჩავთვალე, რომ ამის გასაჯაროების დრო და ადგილი იყო იქ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროულიც და აუცილებელიც.
ამით გამოძიებასაც გავუგზავნე საჭირო მესიჯი.
რაც შეეხება სიახლეებს; ამ ეტაპზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები და საქმეზე მხოლოდ ერთი კონკრეტული გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული.
რამდენიმე დღის წინ გამომძიებლებთან რამდენიმესაათიანი შეხვედრა მქონდა. მათ მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. ასევე ვაგრძელებ ადვოკატთან ერთად მათთან თანამშრომლობას.
მივიღეთ დაპირება, რომ ყველა საჭირო მოქმედება ჩატარდება. ამ ეტაპზე ნდობის საფუძველსაც ვხედავ, რადგან ვიცი, რა ფორმით განახლდა გამოძიება და როგორ მიმდინარეობს ამ წუთასაც მუშაობა.
მინდა მჯეროდეს, რომ ამჯერად მაინც საქმე სრულყოფილად და დროულად იქნება შესწავლილი და სიმართლე დადგინდება.
ანონიმურ კომუნიკაციას ვინარჩუნებ საქმესთან დაკავშირებულ ადამიანებთანაც. ამ პროცესში უმნიშვნელო დეტალიც კი შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ამიტომ მიღებულ ინფორმაციას გამოძიებას ვაწვდით.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, ამ საქმეში ჩემი ერთადერთი მიზანია სიმართლის დადგენა და იმის უზრუნველყოფა, რომ უდანაშაულო ადამიანები არ დაისაჯონ. სწორედ ამიტომ ვაკვირდები პროცესებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით.
მადლობა ყველას ნდობისთვის, თანადგომისა და მოთმინებისთვის. როგორც კი მეტი ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა მექნება, აუცილებლად მოგაწვდით.
და ბოლოს, მინდა იცოდეთ, რომ ამ პროცესში საზოგადოების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე, ელენე და ტარიელი მარტო ბევრს ვერ შევძლებდით თქვენი ჩართულობისა და თანადგომის გარეშე. მადლობა კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს!“ - წერს ჟურნალისტი.












