1793179670
პროკურორი ვაჟა თოდუა აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა ნებაყოფლობით აღიარეს ბრალდება და უდავო გახადეს მტკიცებულებები, რის საფუძველზეც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკიამ მოითხოვეს საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, სასამართლომ გაითვალისწინა მოთხოვნა, თითოეულ მათგანს სასჯელის ზომად განესაზღვრა ერთი წლით და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა და ორი წლით პირობითი მსჯავრი, – ამის შესახებ პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა.
მისივე თქმით, მსჯავრდებულებმა ნებაყოფლობით აღიარეს ბრალდება და უდავო გახადეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
„დღევანდელ სხდომაზე თითოეულმა მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალდებას, ასევე უდავოდ ხდიან ყველა იმ მტკიცებულებას, რაც ადასტურებს როგორც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, ასევე სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის ფაქტს.
მათ მოითხოვეს საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, სასამართლომ გაითვალისწინა მოთხოვნა, საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაამტკიცა მხარეებს შორის დადებული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც თითოეულ მათგანს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით პირობითი მსჯავრი.
აღიარება გახდა საფუძველი შეთანხმების დამტკიცების. სასამართლოში მათ დეტალურად მიუთითეს მოსამართლის კითხვაზე, იყო თუ არა აღიარება ნებაყოფლობითი და უდავოდ ხდიდნენ თუ არა ბრალდების მტკიცებულებებს. თითოეულ შემთხვევაში მათ გასცეს დადებითი პასუხი და, შესაბამისად, სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში“, – განაცხადა თოდუამ.
ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, ისინი საპატიმროს ნოემბერში დატოვებენ.










