1793208150
„10 000 ლარს თაღლითურად დაეუფლა...“ - ადვოკატს ბრალი წარუდგინეს
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ადვოკატს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ადვოკატი, რომელიც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ბრალდებულის ინტერესებს იცავდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დას შეხვდა და დაპირდა, რომ მიუხედავად განსაკუთრებით მძიმე სასჯელისა, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება 3-4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთაზე გაფორმდებოდა, რისთვისაც თითქოსდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირებისთვის გადასაცემად, მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი.
მეტი დამაჯერებლობისთვის, ბრალდებული არწმუნებდა დაზარალებულს რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას ვერ გააფორმებდა და საკითხს არც კი განიხილავდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.












