1733256870
ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი გიორგი გოგაძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად, ევროჯასტში (EUROJUST) საქართველოს მეკავშირე პროკურორი, გიორგი გოგაძე აირჩიეს.
როგორც ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, ჰან მორაალმა განაცხადა, საქართველოს პროკურატურა უკვე მრავალი წელია პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასთან წარმატებულად თანამშრომლობს, რისი შედეგიცაა ის, რომ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი, IAP-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გიორგი გოგაძე, ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
„ბატონი გიორგი გოგაძე სამი წლის წინ შემოგვიერთდა აღმასრულებელ კომიტეტში, ახლა კი ის აირჩიეს ვიცე პრეზიდენტად. ეს კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასა და საქართველოს პროკურატურას შორის ურთერთობის მნიშვნელობას“, - აღნიშნა ჰან მორაალმა.
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად გიორგი გოგაძის არჩევას ევროჯასტის პრეზიდენტმა, ლადისლავ ჰამრანმა მნიშვნელოვანი წინ გადადმული ნაბიჯი უწოდა.
„ძალიან მოხარული ვარ , რომ საქართველოს მეკავშირე პროკურორი ევროჯასტში, გიორგი გოგაძე არჩეულია IAP-ის ვიცე-პრეზიდენტად. ვფიქრობ, ეს მიანიშნებს მის გამორჩეულ პიროვნულ და პროფესიულ თვისებებზე. ძალიან ვამაყობთ, რომ ასეთი მეკავშირე პროკურორი გვყავს ევროჯასტში. ყველას სახელით ვულოცავ ამ მიღწევას." - განაცხადა ევროჯასტის პრეზიდენტმა, ლადისლავ ჰამრანმა.
ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორის, გიორგი გოგაძის განცხადებით საერთაშორისო ასოციციის ვიცე პრეზიდენტად მისი არჩევა თითოეული პროკურორის დამსახურებაა, რიგითი პროკურორიდან დაწყებული, გენერალური პროკურორით დამთავრებული.
„ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე საქართველოს, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ამ ძალიან მაღალ პოზიციაზე. ეს არის არა მხოლოდ ჩემი მრავალწლიანი მოღვაწეობის , არამედ თითოეული პროკურორის დამსახურება: რიგითი პროკურორიდან დაწყებული, გენერალური პროკურორით დამთავრებული. ეს ხალხი ყოველდღიურად, დაუღალავად შრომობს იმისთვის,რათა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდეს და აქ ცხოვრება კიდევ უფრო უსაფრთხო იყოს“, - განაცხადა გიორგი გოგაძემ.
გიორგი გოგაძე, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის - „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები“ - ფარგლებში გამართულ სხდომაზე აირჩიეს.
პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც საქართველოს პროკურატურა მასპინძლობს, 65 ქვეყნის 400 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებიან.