1733169705
ირაკლი შოთაძე შვეიცარიის გენერალურ პროკურორს სტეფან ბლატლერს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე შვეიცარიის გენერალურ პროკურორს სტეფან ბლატლერს შეხვდა.
შეხვედრას, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და შვეიცარიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და სამომავლო ურთიერთობის მზაობას.
„ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეძლევა შესაძლებლობა, დავესწრო სესიებს სხვადასხვა თემების შესახებ. ძალიან კმაყოფილი ვარ კონფერენციის ორგანიზებით, მით უფრო იმიტომ, რომ პანდემიის გამო, ასეთი კონფერენციების ჩატარების შესაძლებლობა ბოლო რამდენიმე წელი არ გვქონია“, - განაცხადა შვეიცარიის გენერალურიმა პროკურორმა.
შვეიცარიის გენერალური პროკურორი სტეფან ბლატლერი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.
საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე - „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები“ მასპინძლობს.
თბილისში, მიმდინარე პროკურორთა საერთაშორისო ოთხდღიან კონფერენციას 65 ქვეყნის 400 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებიან.