ვრცელდება „ამერიკელი ნოსტრადამუსის“ წინასწარმეტყველება 2028 წლისთვის
1793648400
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 11 წლის არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, არასრულწლოვანის დედას და მის მეგობარს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დედამ მეგობართან ერთად, მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული შვილი სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირა და 2024 წლის აპრილიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდა.
"ბრალდებულები ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობით არასრულწლოვანს აიძულებდნენ თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნას. ყოველდღიურად უწესებდნენ შესაგროვებელი თანხის ოდენობას. თანხის შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ასევე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, მოწყალების თხოვნის შეწყვეტის და სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ. ბრალდებულები არასრულწლოვანს არ აძლევდნენ სკოლაში სიარულის და განათლების მიღების შესაძლებლობას, ღამის საათებში დაჰყავდათ მისთვის შეუსაბამო ადგილებში, ხოლო საცხოვრებლად სხვადასხვა მისამართზე, არასათანადო პირობებში გადაჰყავდათ. არასრულწლოვანი არ იყო უზრუნველყოფილი საკვებით და სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.