„ეს იქნება სიმღერა, რომელიც ქართულ შოუბიზნესს აქამდე არ უნახავს“ - ბარბარა სამხარაძე სამომავლო გეგმებზე

barbara samkharadze

ბარბარა სამხარაძემ პირველი საავტორო სიმღერა გამოუშვა. სიმღერას სახელწოდებით Ocean Side, მოკლე დროში რეკორდული ნახვები დაუგროვდა. სიმღერის მისამღერი თითქმის ყველა პლატფორმაზე ვირუსულად გავრცელდა. სოცქსელის მომხმარებლები ახალგაზრდა მომღერალს ნამუშევარს უწონებენ. 

„პრაიმტაიმს“ ახალგაზრდა მომღერალმა სამომავლო გეგმები გაუმხილა.

ბარბარა სამხარაძე: - როცა პირველი სიმღერა არის, არც პრომოუშენი ჰყავს, არც პროდიუსერი და შენი ძალებით აკეთებ რეკლამას და ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული, ასეთი მოლოდინი საერთოდ არ მქონია. უკან არავინ მიდგას, რომ ჯგუფებში აზიაროს და ხალხში მაქსიმალურად გაავრცელოს. არანაირი წინაპირობა მქონია, რომ ასე „გავარდებოდა“ და საზოგადოება აიტაცებდა. 

ემოციები თავიდან უფრო მქონდა, მოულოდნელობის ეფექტი როცა იყო. ყოველდღიურად ერთმანეთზე უკეთესი შეტყობინებები მხვდება, რაც ძალიან მახარებს და მაბედნიერებს.

- სამომავლო გეგმები გაგვიმხილე, აპირებ კლიპის გადაღებას?

- ამ სიმღერასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები აღარ მაქვს. უკვე ყველა მსოფლიო პლატფორმაზე გავუშვი. კლიპის გადაღებას არ ვგეგმავ, რადგან ეს არის სიმღერა, რომელიც ნებისმიერი განწყობის ადამიანს ისე უნდა მოერგოს, როგორც უნდა. ბედნიერი იქნება ადამიანი, ბედნიერებას მიანიჭებს, მოწყენილი იქნება - იმას მისცემს, რაც უნდა. არ მინდა, ჩარჩოებში ჩავსვა. ჩემი გეგმები ამოვწურე, მაგრამ ვაპირებ, კარაოკე ვერსიის დადებას, რომელსაც ყველა იმღერებს სადაც მოუნდება. 

- უნდა ველოდოთ მომდევნო ახალ სიმღერას?

- ახალი სიმღერა აუცილებლად იქნება. სავარაუდოდ, 2 თვეში შემოგთავაზებთ. შემდეგი სიმღერა, ვფიქრობ, ქართულენოვანი იქნება, მუსიკის ავტორი თავად ვიქნები. ეს იქნება სიმღერა, რომელიც, ჯერჯერობით, ქართულ შოუბიზნესს აქამდე არ უნახავს. იქნება სხვა ჟანრისა და სხვა ჟღერადობის.