„აღარ ცდილობენ გაგვაბედნიერონ... საერთოდ დაავიწყდათ, რომ შეიძლება, ყვავილები აჩუქო გოგოს“ - სალომე ბარათაშვილი

სალომე ბარათაშვილი

რამდენიმე დღის „პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთი აუტსაიდერი სალომე ბარათაშვილი ხალხის რჩეული გახდა და პროექტში გამარჯვებისთვის ბრძოლას კვლავ განაგრძობს.

სალომეს გამორჩეული ხმა და მანერულობა ყველას ყურადღებას იქცევს.

27 წლის სალომე საკუთარი პირადის შესახებ გვიყვება. ამბობს, რომ ოჯახი ჯერ არ შეუქმნია და კარგა ხანია, რაც მარტოა.

სალომე ბარათაშვილი: - სანამ პროექტში შემოვიდოდი, პირადში არაფერი ხდებოდა. ძალიან დიდი ხანია, მარტო ვარ. იცით, როგორი ადამიანი ვარ? ძალიან მომთხოვნი. ადამიანს ვიღებ ისეთად, როგორიც არის და თუ ვერ ვიპოვე ის, ვინც თავისი პლუსებით და მინუსებით ჩემია, მირჩევნია, რომ ურთიერთობა საერთოდ არ მქონდეს.

რაც გავიზარდე, ფლირტი ურთიერთობებიც აღარ მიზიდავს. ადრე მქონდა პერიოდი, რომ მომწონდა და ვეფლირტავებოდი, ახლა თუ ურთიერთობას დავიწყებ, მგონია, რომ ეს სერიოზული იქნება. ყველას მიმართ უფრო დაკვირვებული გავხდი... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ბიჭი იყო და არის ჩემს გარშემო, დღევანდელი სალომე არ დაიწყებს ურთიერთობას, თუ მართლა სერიოზულად არ ფიქრობს რაღაცის განვითარებაზე. 

- რატომ ვერავინ შეძლო სალომეს გულის მოგება, რა აკლიათ? 

- გავიხუმრებ, კარგი? (იცინის) სიმაღლე. იმედი მაქვს მიხვდებიან, რომ ეს ხუმრობაა. სერიოზულობა აკლიათ, ამას გავუსმავ ხაზს. მგონია, რომ უფრო სერიოზული დამოკიდებულებები აკლიათ. უნდა იგრძნონ, ქალები ვართ და ცოტა სხვა მიმართულებით მოვიდნენ ჩვენამდე, რომ რაღაც არ გააფუჭონ.

მარტივად ფიქრობენ: მოდი რა, 21-ე საუკუნეა, მომწონხარ, მოგწონვარ და „დავაი“, მე ასე არ ვფიქრობ. მინდა კარგად გამიცნონ, რა მომწონს, რა მსიამოვნებს, საერთოდ რა ღირებულებები მაქვს, აქედან უნდა დაიწყოს ჩვენი დამთხვევა. ვიზუალური მოწონება პირველია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ჩავუღრმავდეთ. მგონია, ბიჭებს ეს აკლიათ.

აღარ ცდილობენ, რომ მეტად გაგვახარონ და გაგვაბედნიერონ. საერთოდ დაავიწყდათ, რომ შეიძლება ყვავილები აჩუქო ადამიანს. ყვავილი ხომ ელემენტარულია, არ ვამბობ ძვირადღირებულ საჩუქრებზე, ეს უბრალოდ ყურადღებაა, ძალიან სასიამოვნოა, გოგოები ვართ... ვფიქრობ ხოლმე, ცოტა ჩვენი ბრალიც ხომ არ არის, გოგოების. იმიტომ, რომ შეიძლება უფრო მეტად გააქტიურებულები ვართ, ხანდახან რაღაცები გვეშლება და გვერევა ერთმანეთში. რა მოხდა, მე თუ ვინმე მომწონს და გამოვხატე, კი, გამოხატე, მაგრამ მოდი, დაელოდე, რა მაგარი შეგრძნებაა იმის გაგება, რომ ქალური ხარ და უკან ძლიერი მამაკაცი გყავს. მე ახლა ასე ვფიქრობ და მგონია, ყოველთვის ასე ვიფიქრებ.