ცნობილია, ვინ არის ქალი, რომელიც თავს გენპროკურორის ახლობლად ასაღებდა და ხალხს ფული გამოსძალა

თაღლითი ქალი

პროკურატურის ინფორმაციით, დააკავეს ქალი, რომელიც თავს პროკურორად ასაღებდა და დიდი ოდენობით თანხას თაღლითურად დაეუფლა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებული მსხვერპლს უმტკიცებდა, რომ ირაკლი შოთაძის მეგობარი იყო და გავლენები ჰქონდა. უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებს ბრალდებული ქალი პირდებოდა, რომ ბინებს საბაზროზე იაფად აყიდინებდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს ეცნობოდა სხვადასხვა პირის სახელით, გამოგონილ და ყალბ ინფორმაციას აწვდიდა, რომ თითქოსდა მისი ოჯახის წევრები იყვნენ სამშენებლო კომპანიის მფლობელები, დაზარალებულებს ჰპირდებოდა საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად სხვადასხვა სახის უძრავ ქონებას, კერძოდ მშენებარე საცხოვრებელ ბინებსა და კომერციულ ფართებს თბილისსა და ბათუმში. შედეგად, იგი თაღლითურად დაეუფლა არაერთი დაზარალებული პირის კუთვნილ ფულად თანხებს - ჯამში 295.650 ლარისა და 135.000 აშშ დოლარის ოდენობით"- წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკავებული, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. თაღლითობაში ბრალდებული ოლგა გოგალაძეა.

მას ბრალდება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ექვს ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.