დაკავებულები არიან მანდილოსნები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, დღის ბოლომდე რაოდენობა გაორმაგდება - თეიმურაზ კუპატაძე

სპეც

რამდენიმე სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სამართალდამცველები სპეციალურ ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებენ. დაკავებულია რამდენიმე პირი. ერთ-ერთი ადგილი, სადაც ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული, ფონიჭალაა.

10-ზე მეტი პირია დაკავებული, თუმცა სავარაუდოდ დაკავებულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება - ამის შესახებ "კურიერს" ინფორმაცია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მიაწოდა. როგორც თეიმურაზ კუპატაძემ თქვა, სხვადასხვა ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ამოღებულია საკმაოდ დიდი რაოდენობით სხვადასხვა რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებები და საგამოძიებო პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

გადამღები ჯგუფი ამ წუთებში ფონიჭალაში, თავისუფლების ქუჩაზე იმყოფება. რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცავებმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ქალი გაიყვანეს, ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. "კურიერის" ინფორმაციით, ის ნარკოდანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული.

"გრძელდება უკომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ფონიჭალაში 4 ლოკაციაზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი. ღონისძიება ამ დრომდე გრძელდება. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და დარწმუნებული ვარ, დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა მინიმუმ გაორმაგდება. არიან როგორც მანდილოსნები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები," – აცხადებს თეიმურაზ კუპატაძე.

საგამოძიებო მოქმედებები კახეთის, სოფელ კაბალშიც, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე გრძელდება. დაკავებულია რამდენიმე პირი.