გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა

პროკურატურა~

საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, ბაკურ აბულაძე გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური პროგრამის ხელმძღვანელს, ქეითლინ მერედისს და ამავე ოფისის ეროვნული პროექტის ოფიცერს, მარუფ ხაკიმოვს შეხვდა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი მირიან მეგრელიშვილი ესწრებოდნენ.

გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა, UNODC-ის წარმომადგენლებს  საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული, ასევე მიმდინარე რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრაზე ისაუბრეს პროკურატურის მიერ დონორებთან ერთად განხორციელებული ღონისძიებებისა და აქტივობების, ასევე, პროკურატურის საჭიროებების თაობაზე.

UNODC-ის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს 2022-2023 წლებში გამართული ორი სამუშაო შეხვედრის თანაორგანიზებისთვის და  შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ბაკურ აბულაძემ UNODC-ის წარმომადგენლებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და სამართალდამცავი ორგანოების გაძლიერების მიზნით გატარებული ღონისძიებებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს და  სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.