ექიმები

„სამსახურიდან უმიზეზოდ გამათავისუფლა“ - რას ამბობს კოლეგის დაჭრაში ბრალდებული ექიმი

მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა 81 წლის ექიმმა, თეიმურაზ ბეჟანიძემ, რომელსაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, სასამართლოზე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა და მომხდართან დაკავშირებით დეტალები გაიხსენა:

„მინდოდა შეშინება და კუთხეში გავისროლე. ამ დროს ეტყობა ადგა თუ არ ვიცი, და მხარში მოხვდა. მე რომ მისი მოკვლა მდგომებოდა, პირისპირ ვიყავით, არ ავაცილებდი. მე გული სად არის და თავი სად არის, ექიმმა კაცმა, ვიცი და იმას მე არ ავაცილებდი. ყოფილი ოფიცერი ვარ, იარაღიც მესმის. ეს არ მქონდა განზრახული, მოხდა შეშინების მიზნით, რომ მან სამსახურიდან უმიზეზოდ გამათავისუფლა. კონდიციონერის პულტი არ მივეცი და ამაზე განაწყენდა. 25 წელი ერთად ვმუშაობდით, როგორც შვილი, ისე მყავდა. ჩემს ხელში გაზრდილია,“ - უთხრა თეიმურაზ ბეჟანიძემ მოსამართლეს. 

საქმის არსებითი განხილვა 20 სექტემბერს განახლდება.

ცნობისთვის, დაჭრის ფაქტი კლინიკაში 5 აგვისტოს მოხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.