ჰაერის დაბინძურება, შესაძლოა, სუიციდის რისკს ზრდიდეს - კვლევა

ჰაერის დაბინძურება

ჩვენთვის აქამდეც ცნობილი იყო, რომ ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ის ზრდის ინფარქტის, გულისა და სასუნთქი გზების დაავადების რისკებს. გარდა ამისა, დაბინძურება დაკავშირებულია სამსახურსა და აკადემიურ გარემოში დაბალ პროდუქტიულობასთან. ახალი კვლევის მიხედვით კი, შეიძლება, მას უფრო პირდაპირი უარყოფითი გავლენაც ჰქონდეს და ადამიანი არც მეტი, არც ნაკლები, სუიციდამდე მიჰყავდეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის მკვლევრებმა, კლაუდია პერსიკომ და დევიდ მარკოტმა აშშ-ში 2003-2010 წლებში მომხდარი თვითმკვლელობების სტატისტიკა შეისწავლეს. მეცნიერები ამ სტატისტიკასა და ჰაერში PM2.5 მიკროსკოპული ნაწილაკების რაოდენობას შორის კავშირის დადგენას ცდილობდნენ. ამ ნაწილაკებს სისხლში მოხვედრა ფილტვებიდან შეუძლიათ. პერსიკოსა და მარკოტის აზრით, ჰაერის დაბალი ხარისხი აუარესებს ადამიანების ხასიათს, რაც სუიციდური აზრების გაჩენის ალბათობას ზრდის.

სუიციდის მაჩვენებლები ბევრი სხვა მიზეზით შეიძლება იცვლებოდეს, ამიტომ მკვლევრები სხვადასხვა ადგილას ქარის მიმართულების მიხედვით ჰაერის დაბინძურების ყოველდღიურ მაჩვენებელზე კონცენტრირდნენ. მაგალითად, ბოსტონში ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მიმართული ქარის ნაკადები, რომლებიც ქალაქის ინდუსტრიული ზონის მხრიდან უბერავს, 5 კუბური მიკროგრამით მეტ PM2.5-ს შეიცავენ, ვიდრე დასავლეთიდან მომავალი ჰაერის ნაკადები. მკვლევრებმა იმუშავეს სწორედ ამ ტიპის მაჩვენებლებზე აშშ-ის თითქმის ყველა რეგიონში და მონაცემები სუიციდის ყოველდღიურ მაჩვენებლებს შეადარეს.

ანალიზმა აჩვენა, რომ კუბურ მეტრზე ერთი მიკროგრამით გაზრდილი PM2.5-ის რიცხვი საშუალოდ სუიციდის ყოველდღიური მაჩვენებლის 0.5%-ით ზრდას იწვევს. ეს ზრდა კონკრეტული დღისათვის შეიძლება დიდი არ იყოს, თუმცა თუ დაბინძურების მაჩვენებელი ერთი თვის განმავლობაში ნარჩუნდებოდა, ეს თვითმკვლელობის მცდელობის ყოველთვიურ მაჩვენებელს დაახლოებით 50%-ით ზრდიდა, რაც საგანგაშო რიცხვია.

მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ჩვეულებრივ თვეში ერთი დღეც კი, როცა კუბურ მეტრზე PM2.5-ის დონე 35 მიკროგრამს აჭარბებს, ზრდის კონკრეტულ არეალში ფსიქოლოგთათვის დეპრესიის ნიშნებით მიმართვის რიცხვს.