ახალი დეტალები დარია დუგინას მკვლელობის საქმეში

დუგინი

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური დარია დუგინას მკვლელობაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

უწყების ცნობით, აფეთქების მომზადებაში მონაწილეობდა უკრაინის დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის წევრი, 1978 წელს დაბადებული ბოგდან ციგანენკო, რომელმაც მოსკოვი დუგინას მკვლელობამდე ერთი დღით ადრე დატოვა.

მათივე ცნობით, ციგანენკო რუსეთში ესტონეთიდან ტრანზიტით 30 ივლისს შევიდა. მან დუგინას მკვლელობაში რუსი სამართალდამცველების მიერ ბრალდებულ ნატალია ვოვკს ყალბი საავტომობილო ნომრები და დოკუმენტები გადასცა, რომელიც რეალურად არსებული პიროვნების, ყაზახეთის მოქალაქე იულია ზაიკოს სახელზე იყო გაფორმებული. ასევე, დაეხმარა მას, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის შექმნაში, მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით ნაქირავებ ავტოსადგომში.

დარია დუგინა 20 აგვისტოს ავტომობილით გადაადგილების დროს მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა.