სასოწარკვეთილი პუტინი

პუტინი მარცხის ზღვარზე - სასოწარკვეთილი ლიდერის ბოლო სვლა - რას წერენ მსოფლიოს ცნობილი გამოცემები

პუტინი თავის იმპერიაზე კონტროლს კარგავს... ძალაუფლებისთვის უპირობო მებრძოლი ყველა შანსს იყენებს, რომ პოზიციები არ დაკარგოს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით ამის თქმა ძნელია. უფრო მეტიც, ნათქვამია, ციხე შიგნიდან ტყდებაო და ეს დროც დადგა... რუსები, რომლებიც ამ დრომდე კრემლის ერთგულნი რჩებოდნენ, ახლა თავის გადასარჩენად ქვეყნიდან გაქცევაზე ფიქრობენ... 

ყველაფერი დააჩქარა პუტინის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებამ, როცა ოკუპანტი ქვეყნის ლიდერმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ.

პრეზიდენტის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ მოსახლეობას არწმუნებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რუსი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღო.

მიუხედავად კრემლის მოლოდინისა, უკრაინაში დაწყებული ომი ბლიცკრიგით არ დასრულდა, პირიქით, ორასზე მეტი დღეა გრძელდება და ჯერ დასასრულიც არ უჩანს, თუმცა ნახევარი წლის შემდეგ უკრაინის არმიას ამ ომის მსვლელობაში კარდინალური გარდატეხა შეაქვს. მან რუს დამპყრობლებს, როგორც სამხედრო ტექნიკის, ისე ცოცხალი ძალის დიდი საბრძოლო დანაკარგი აგემა.

პუტინი სასოწარკვეთილია - ასე გაიგო დასავლეთმა კრემლის ლიდერის გზავნილები მობილიზაციაზე, რეფერენდუმსა და ბირთვული იარაღის გამოყენებაზე.

ცივილიზებული სამყარო თანხმდება, რომ პუტინს გეგმები აერია. რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს თავდაჯერება შეინარჩუნოს, თუმცა სასოწარკვეთილება უკვე დაეტყო თავად რუსეთს და ამას მოვლენათა ფაქტობრივი განვითარება ადასტურებს.

მაგალითად, კრემლის ლიდერის მიმართვიდან რამდენიმე საათში, თბილისისკენ ავიაბილეთებზე მოთხოვნა გაიზარდა, მოქალაქეები გაზრდილი ინტენსივობით გუგლავენ ფრაზას "როგორ დავტოვოთ რუსეთი“- ამ მონაცემს Google Trends-აქვეყნებს.

ამასთან მოსკოვის ბირჟის ინდექსი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ თითქმის 10%-ით დაეცა. ეს ყველაფერი კი 24 საათზე ნაკლებ დროში.

„ახალგაზრდული დემოკრატიული მოძრაობა „ვესნა“ მოუწოდებს რუსეთის ყველა მოქალაქეს, გამოვიდეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის წინააღმდეგ.

აქციები 21 სექტემბრის საღამოს, რუსეთის თითქმის ყველა რეგიონში დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, აქტივისტების წინააღმდეგ კრემლმა სპეცრაზმი დარაზმა და  დაკავებების სერიაც დაიწყო...

პუტინის გუშინდელ ბრძანებას "ნაწილობრივი მობილიზაციის" თაობაზე მსოფლიოს ცნობილი გამოცემები ეხმაურებიან.

ბრიტანულ ჟურნალ The Spectator - „პუტინმაც კი იცის, რომ ომს აგებს: მისი გადაწყვეტილება რეზერვისტების გაწვევაზე სასოწარკვეთის ნიშანია“

ჟურნალისტი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკვე აღარ ფიქრობს ომის მოგებაზე, არამედ იმისაც, რომ მან კარგად არ იცის, თუ რა უნდა გააკეთოს.

პუტინი ახლა მოსკოვშია. მისი საერთაშორისო იზოლაცია ხაზგასმულად ნათელი გახდა - რუსეთის პრეზიდენტი არ ესწრებოდა ბრიტანეთის დედოფლის დაკრძალვას (არ მიიწვიეს), სადაც მსოფლიოს ყველა ლიდერი იმყოფებოდა და არც გაეროს გენერალური ასამბლეის გახსნაში მონაწილეობდა (შეეძლო წასვლა, მაგრამ ვერ გაბედა). მისი მოქმედება არ მოსწონთ ავტოკრატებსაც კი, მისი ავტორიტეტი დაეცა ელიტურ წრეებში, აღარავის სჯერა მისი განცხადებების, რომ „სპეცოპერაცია“ ნორმალურად მიმდინარეობს“.

ვლადიმერ პუტინი დილემის წინაშე იდგა: ერთი მხრივ, მას რუსი სამხედროები სთხოვდნენ მობილიზაციის გამოცხადებას, მეორე მხრივ, ანალიტიკოსები ეუბნებოდნენ, რომ ჯერჯერობით მოსახლეობა ომის ნეგატიურ შედეგებს მეტ-ნაკლებად ითმენს, მაგრამ თუ მობილიზაცია გამოცხადდება, მაშინ ეს გადაწყვეტილება ხალხს დააფრთხობს და პროტესტებს გამოიწვევსო.

პრეზიდენტი, აღმოჩნდა რა, არასასიამოვნო არჩევანის წინაშე, დროს ისე აჭიანურებდა, როგორც შეეძლო, მაგრამ სამარყანდის სამიტმა, როგორც ჩანს, იგი აიძულა ემოქმედა.. თუმცა იმას, რასაც ვხედავთ, ძნელად თუ შეიძლება ეწოდოს თანმიმდევრული და სანდო მოქმედება.

რაც შეეხება ე.წ. „ნაწილობრივ მობილიზაციას“, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ჯარში 300 ათასამდე რეზერვისტი იქნება გაწვეულიო, მაგრამ საეჭვოა, რომ ერთი მხრივ, ამდენი ადამიანი მოიძებნოს და მეორე მხრივ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერთბაშად ამდენი ადამიანის მიღება შეძლოს.

დიდი ბრიტანეთის გამოცემა The Economist -  „ვლადიმერ პუტინის მდგომარეობა კიდევ უფრო განწირულად გამოიყურება“

„ვლადიმერ პუტინის პრობლემებს ვერც მობილიზაცია და ვერც ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია ვერ გადაწყვეტს.

იოლი არაა ასი ათასობით რიგითის თუ ოფიცრის გადამზადება და მათთვის გამოცდილი, პროფესიონალი მეთაურების პოვნა. ამ პროცესს ჩვეულებრივ, ნორმალურ სიტუაციაში ერთი წელი მაინც სჭირდება. კიდევ ერთი პრობლემა: ბევრი რეზერვისტი, ალბათ, თავს აარიდებს მობილიზაციას - პუტინის განცხადებიდან, ალბათ, წუთები არ იყო გასული, რომ ისინი სტამბოლის და ერევნის ავიარეისებზე ბილეთებს ეძებდნენ.

ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაც დიდ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. ანექსია ავალდებულებს პრეზიდენტს, რომ მიერთებული, მაგრამ ომისაგან საშინლად დანგრეული ტერიტორიები ფინანსურ-ეკონომიკურად განავითაროს, თანაც იმ დროს, როცა ისინი მუდმივად უკრაინის არმიის ცეცხლის ქვეშ იქნებიან - იმ არმიისა, რომელიც დასავლეთის მიერ კიდევ უფრო გაძლიერებული და აღჭურვილი იქნება თანამედროვე იარაღით“.

 

The Sun - „გაბრაზებული ვლადი. რუსეთის გაუწონასწორებელი პრეზიდენტი დასავლეთის გასაგონად და შესაშინებლად აცხადებს, რომ „არ ბლეფობს“

„რუსეთის პრეზიდენტი გაბრაზებულია. იგი, როგორც ჩანს, გაუწონასწორებელია, ჭკუიდან შეიშალა, როცა აცხადებს, რომ დასავლეთის წინააღმდეგ „ჩვენს ხელთ არსებულ ყველა იარაღს გამოვიყენებო“. მან ბირთვულ შანტაჟში დაგვადანაშაულა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჯულიან კიგანმა განაცხადა, რომ „პუტინის მუქარებს ანგარიში უნდა გავუწიოთ“ .

 

Atlantico - „ვლადიმერ პუტინი უკან იხევს და იმავდროულად უტევს!“

„რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, თავისი მოქმედება კანონის ჩარჩოებში მოაქციოს. თავდაპირველად, კრემლი აცხადებდა, რომ უბრალოდ, უკრაინის „დენაციფიკაცია“ სურდა და მისი ტერიტორიის ოკუპირებას არასოდეს მოახდენდა. ახლა ამ რეფერენდუმებით მოსკოვი ცდილობს სიგნალი მოგვცეს, რომ იმ ტერიტორიებზე მცხოვრებ რუსულენოვან მოსახლეობას თითქოსდა უკრაინის შემადგენლობაში ყოფნა არ სურს, თითქოსდა მათ რუსეთი უფრო უყვართ... მაგრამ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს სრულ უკანონობას წარმოადგენს. რაც შეეხება მობილიზაციას: გასაგებია, რომ პუტინმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ რუსეთის არმიას ჯარისკაცები არ ჰყოფნის. რუსეთი ჯერ კიდევ ძლიერია და მას გამარჯვების შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე, კრემლი ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის. სხვათა შორის, უკრაინაში მობილიზაცია დიდი ხანია გამოცხადებულია.

მთავარი სიახლეები