საქართველოში ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში.

ასევე მის საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას. ხოლო ბრალდებულთან კავშირში მყოფი ორი პირი საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ ფეთქებად ნივთიერებას, ასაფეთქებელ მოწყობილობებს, საბრძოლო მასალას და ცეცხლსასროლ იარაღებს. ჩხრეკის შედეგად სხვა ნივთებთან ერთად ამოღებულია დროშა, ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით.