პუტინს სახლშიც გაუბედეს... - საპროტესტო აქციების და დაკავებების სერია - როგორ აფასებენ რუსეთში განვითარებულ მოვლენებს

პუტინს სახლშიც გაუბედეს

რუსეთმა უკრაინასთან ომში წაგების საფრთხე იგრძნო და ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა... 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას.

ოკუპანტი ლიდერის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ მოსახლეობას არწმუნებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რუსი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღო.

გერმანული „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) პუბლიკაციაში, რომელიც გამოქვეყნებულია სათაურით - „მოწოდებები მობილიზაციის წინააღმდეგ“, ნათქვამია, რომ ახალგაზრდულმა მოძრაობა „ვესნამ“ (Весна) სრულიად რუსეთის საპროტესტო აქცია დააანონსა:

„ახალგაზრდული დემოკრატიული მოძრაობა „ვესნა“ მოუწოდებს რუსეთის ყველა მოქალაქეს, გამოვიდეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის წინააღმდეგ: „ათასობით რუსი მამაკაცი - ჩვენი მამები, ძმები და ქმრები - ომის ხორცსაკეპში ჩავარდებიან. რისთვის დაიხოცებიან ისინი? რისთვის დაღვრიან დედები და ბავშვები ცრემლს? პუტინის სასახლისათვის?“ - დაწერეს „ვესნას“ აქტივისტებმა სოციალურ ქსელებში.

აქციები 21 სექტემბრის საღამოს, რუსეთის თითქმის ყველა რეგიონში დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, აქტივისტების წინააღმდეგ კრემლმა სპეცრაზმი დარაზმა და  დაკავებების სერიაც დაიწყო...

დაკავებების სერია რუსეთში - პროტესტი არ ცხრება

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 1386-ს მიაღწია, - ინფორმაციას პორტალი ОВД-Инфо ავრცელებს.

დაკავებები რუსეთის 38 ქალაქში დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები უხეშად მოქმედებდნენ. რამდენიმე ქალაქში აქციის მონაწილეებთან ერთად ჟურნალისტებიც დააკავეს.

ყველაზე მეტი დაკავებული სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვშია. კერძოდ, სანქტ-პეტერბურგში მინიმუმ 541, მოსკოვში კი სულ მცირე - 509 ადამიანი დააკავეს.

რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი. მისი შეფასებით, პრეზიდენტი პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა ძალის პოზიციიდან.

„პრეზიდენტ პუტინის მოწოდება, უკრაინაში დამატებითი რუსული სამხედრო ძალების შესახებ, ასახავს ბრძოლის ველზე რუსეთის ბრძოლას და იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა ძალის პოზიციიდან“, – წერს ბლინკენი.

სასწრაფოდ მიღებული შეთანხმება - ახალი სანქციები რუსეთს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესების შესახებ შეთანხმდნენ.

სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საგანგებო სხდომა გამართეს ნიუ იორკში, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესია იმართება. მინისტრები შეთანხმდნენ მოსკოვის წინააღმდეგ ახალ, სანქციების რიგით მერვე პაკეტზე და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდაზე.

ჯოზეფ ბორელის თქმით, პუტინის განცხადებამ, რომელიც მოიცავდა ნაბიჯებს უკრაინის ტერიტორიის ანექსიისკენ და რუსეთის დასაცავად ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას, აჩვენა პანიკა და სასოწარკვეთა.

„ნათელია, რომ პუტინი უკრაინის განადგურებას ცდილობს“, – განაცხადა ბორელმა.

სააგენტოს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმდნენ პაკეტზე, რომელიც მიმართული იქნება რუსეთის უფრო რელევანტურ სექტორებზე და ასევე უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომზე პასუხისმგებელ პირებზე.

„როიტერის“ ინფორმაციით, მინისტრები მომავალ ოფიციალურ შეხვედრას ოქტომბრის შუა რიცხვებში გამართავენ, როდესაც სანქციების პაკეტი შეიძლება ოფიციალურად იქნას გაფორმებული.

 

გერმანიაში 4.8 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები დააყადაღეს

გერმანიაში, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ამოქმედებიდან, 4.8 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები დააყადაღეს, - ინფორმაციას Spiegel-ი გერმანიის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ თანხის ნახევარზე ოდნავ ნაკლები გერმანულ ბანკებში რუსი მფლობელების სახსრებია. 1 მილიარდ ევროზე მეტი მოძრავი ქონების ღირებულებაა, მათ შორისაა იახტები, რომლებიც რუსეთის სანქცირებული ოლიგარქების საკუთრებაშია. დანარჩენი არის უძრავი ქონება და სხვა სახის აქტივები.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ სანქციები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე.  ექსპერტების აზრით, წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი მინიმუმ 6%-ით შემცირდება.

 

ევროპელი ლიდერების გამოხმაურება პუტინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრე ფიალამ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაცია“ უკრაინაში მიმდინარე ომის კიდევ უფრო ღრმა ესკალაციის მცდელობად მიიჩნია. „ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი დღევანდელ სიტუაციაში ერთადერთ აგრესორს წარმოადგენს“, - ხაზი გაუსვა ჩეხმა ლიდერმა.

პეტრე ფიალას თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისათვს დახმარების გაგრძელება, რაც თვით ჩეხეთის ინტერესებშიც შედის: „სწორედ ჩეხეთი იყო ის პირველი სახელმწიფო, რომელმაც უკრაინას მძიმე შეიარაღება მისცა რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ და ამარაგებდა ტანკებით, ვერტმფრენებით და საარტილერიო სისტემებით“.

გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა მობილიზაციის ბრძანებულება „რუსეთის მიერ გადადგმულ კიდევ ერთ არასწორ ნაბიჯად“ შეაფასა. კანცლერ ოლაფ შოლცის ოფისმა კი გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, „გერმანიის ლიდერი, რუსეთის „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გადაწყვეტილებაში კრემლის გეგმების ჩაფუშვას ხედავს, რომელიც თან სდევს მოსკოვს უკრაინაში შეჭრის დღიდან“.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის - მარკ რიუტეს განცხადებით, რეფერენდუმების ჩატარების გეგმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ კრემლში პანიკა დაიწყო.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადება უკრაინის ომში რეზერვისტების მობილიზების დაწყების თაობაზე იმის მანიშნებელია, რომ რუსებს საომარი მოქმედებების წარმოების ძალა აღარ შესწევთ. „პუტინი და მისი თავდაცვის მინისტრი თავიანთ ათი ათასობით მოქალაქეს სასიკვდილოდ გზავნიან - ცუდი აღჭურვილობით და ცუდი მეთაურობით. არანაირ პროპაგანდას და აგიტაციას არ შეუძლია იმ ფაქტის დამალვა, რომ ამ ომში უკრაინა იმარჯვებს და რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთ მუშტად არის შეკრული კიევის დასახმარებლად, რუსეთი კი გარიყულია“, - ამბობს ბენ უოლესი.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინი ადრე ლაპარაკობდა, მობილიზაციას არ გამოვაცხადებო, ასევე ამბობდა, რომ უკრაინის ტერიტორიის მიერთებას არ ვაპირებო, ახლა კი იგი ორივე დაპირებას არღვევს, კვაზი-ეფერენდუმების მომზადების სახით.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მამუკა არეშიძე რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ასე აფასებს

რუსეთის პერიფერიებში გაჩნდა განწყობა, რომ მათ საზარბაზნე ხორცად იყენებენ. ნაციონალური ბატალიონების შეცვლა რუსეთისთვის იმ თვალსაზრისითაც სახიფათოა, რომ უკრაინაში მარცხის შემთხვევაში, ისინი შესაძლოა რუსეთს შემოუბრუნდნენ. ასეთი მაგალითები რუსეთის ისტორიაში ადრეც ყოფილა. რაც შეეხება კონკრეტულად მობილიზაციას, ეს შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც სამხედრო სამსახური გაიარეს და უკვე რეზერვში არიან და ასევე მათ, ვისაც საბრძოლო მოქმედებებში აქვთ მონაწილეობა მიღებული. რუსი ხალხისთვის ერთგვარი შეღავათია, რომ ფრონტის ხაზზე პირტიტველა, გამოუცდელ ბიჭებს არ უშვებენ, მაგრამ პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ ზრდასრული ადამიანების დიდი უმრავლესობა უკვე დასაქმებულია სხვადასხვა სფეროში, ომში წასვლა ვისაც უნდოდა, ის უკვე წავიდა მოხალისედ. ე.ი. დასაქმებული ადამიანები უნდა მოწყდნენ საკუთარ საქმეს და წაგებულ ომში უნდა წავიდნენ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ მოცემულობის ფონზე, თუ ლენდლიზიც დროულად ამოქმედდა, უპირატესობა უკრაინელების მხარეს იქნება. ამ ომში ჯარისკაცები რაოდენობას მნიშვნელობა აღარ აქვს, ახლა მნიშვნელოვანია სამხედრო ტექნოლოგია. ასე რომ, მედალს ორი მხარე აქვს, პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის სახიფათოა, მაგრამ არანაკლებ სახიფათოა, თავად რუსეთისთვისაც“,- ამბობს მამუკა არეშიძე.

სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები არ აღმოჩნდნენ მზად ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად და, მით უმეტეს - ათას კმ-ზე ბევრად მეტ მანძილზე გადაჭიმული ფრონტის სხვადასხვა უბანზე წარმატებული შეტევითი ოპერაციების მუდმივად განსახორციელებლად და წინ წასაწევად, ახალი უკრაინული მიწების დასაპყრობად.

უშველის თუ არა რუსეთს უკრაინასთან ომში ნაწილობრივი მობილიზაციის დაწყება

ნაწილობრივი მობილიზაციის ტექნიკურად განხორციელებაც კი ძალიან ბევრ პრობლემას წარმოქმნის რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა სუბიექტში.

პირველი, საჭირო გახდება რამდენი ასეული ათასი ადამიანის ჯერ მარტო ჩაცმა-დახურვა, მით უმეტეს - ზამთრის პერიოდში;

მეორე, ამ რაოდენობის რეზერვისტის აღჭურვა აუცილებელი ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით დიდი სამობილიზაციო რეზერვის მოძიებას საჭიროებს;

მესამე, ასეთ რეზერვისტებს, წესით, რამდენიმე თვე მაინც სჭირდებათ პოლიგონებზე მოსამზადებლად, სანამ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონაში გაგზავნიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ჩვეულებრივ „საზარბაზნე ხორცად“ იქცევიან;

მეოთხე, თუნდაც რამდენიმეთვიანი გადამზადება გავლილი რეზერვისტი, მეტწილად, მაინც სამოქალაქო პირად რჩება და მისი საბრძოლო ეფექტიანობა მაინც ძალიან დაბალ დონეზეა, რომ აღარაფერი ვთქვათ მის საბრძოლო სულისკვეთებაზე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ომისას;

მეხუთე, მობილიზაციის დაწყება, თუნდაც - ნაწილობრივის, აუცილებლად გამოიწვევს სოციალურ მღელვარებას რუსეთში, განსაკუთრებით, კი - დიდ ქალაქებში;

მეექვსე, სწრაფი ტემპით გაიზრდება სამობილიზაციო ასაკის რუსეთის მოქალაქე მამაკაცების გადინება რუსეთიდან სხვა, ძირითადად, იმ მეზობელ ქვეყნებში, სადაც რუსეთის მოქალაქეებს ვიზების გარეშე შეუძლიათ შესვლა.

დიდი ალბათობით, ამ ქვეყნების სიაში ჩვენი საქართველოც შეიძლება აღმოჩნდეს, რისი დაშვებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება...“,- აღნიშნავს ალადაშვილი.