ფრონტის ხაზიდან რუსეთი ყოველდღიურად უკან იხევს - როგორ ვითარდება მოვლენები უკრაინის ირგვლივ

უკრაინა რუსეთი

უკრაინაში ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ტერიტორიების რაოდენობა იზრდება. უკრაინის დამცველებმა ეროვნული დროშა, დონეცკის რეგიონის კიდევ ერთ დასახლებაში, სვიატიგორსკში აღმართეს, მანამდე კი, კონტროლი დაიბრუნეს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ლიმანზე.

ოკუპანტებისგან იწმინდება დროებით ოკუპირებული ხერსონის დასახლებებიც. რაც იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი არ ფლობს ხერსონის სრულ ტერიტორიას, რომლის ანექსირების შესახებაც ვლადიმერ პუტინმა პარასკევს განაცხადა. აქტიურია უკრაინის სამხრეთ ნაწილში კონტრშეტევის ოპერაცია.

ოპერატიული სარდლობის - „სამხრეთის“ ცნობით, გასული დღე- ღამის განმავლობაში, უკრაინის დამცველებმა მოწინააღმდეგის პოზიციებს 9 დარტყმა მიაყენეს, შედეგად, მტრის 60 ერთეულზე მეტი ტექნიკა განადგურდა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყნის არმია შეტევას განაგრძობს და რამდენიმე ოლქში აქვთ ახალი, გათავისუფლებული დასახლებული პუნქტები. რომელ ოლქებში და რამდენი დასახლებული პუნქტი ზელენსკის არ უთქვამს.

3 ოქტომბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებები ფრონტის ბევრ მონაკვეთზე მიმდინარეობს, სულ უფრო მეტი ოკუპანტი ცდილობს გაქცევას, მტრის არმიას სულ უფრო მეტი დანაკარგი აქვს და სულ უფრო მეტად ესმით, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომით შეცდომა დაუშვა.

3 ოქტომბერს, უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევებს ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. შეიარაღებული ძალების ზაკარპატიეს 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადის სარდლობამ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც მისი ინფორმაციით, ასახავდა ხერსონის ოლქის სოფელ მიროლუბოვკაში უკრაინის დროშის აღმართვას. სარდლობა ტელეგრამ-არხით იუწყებოდა, რომ სოფელი გაათავისუფლა „ზაკარპატიეს ლეგიონმა“.

3 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინის არმიის სატანკო ქვედანაყოფებმა ხერსონის ოლქის სოფელ ზოლოტაია ბალკასთან გაარღვიეს რუსი სამხედროების თავდაცვის ხაზი, რასაც „მასირებული ცეცხლით“ უპასუხეს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის და ახლომდებარე სოფლის, ტორსკოეს გათავისუფლების შემდეგ, 3 ოქტომბრიდან კონტრშეტევა წამოიწყეს ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემინას მიმართულებით. კონტრშეტევა დაადასტურეს რუსეთის მიერ ანექსირებული ლუკანსკის ე.წ. სახალხო მილიციაში, თუმცა, განაცხადეს, რომ უკრაინელი სამხედროები „საცეცხლე ტომარაში“ მოაქციეს.

ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა, რომელიც 5 მილიარდ ევროს შეადგენს - ამის შესახებ ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.

აღნიშნულ მაკროფინანსურ დახმარებას "ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალიც.

ამასთან, შმიგალმა დასძინა, რომ ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი ჟესტი, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინის ამ ომში გამარჯვებას, აღმშენებლობასა და ევროპულ მომავალს.

პარალელურად, პრაღაში კონტინენტის თითქმის ყველა ლიდერი შეიკრიბება. ისინი განიხილავენ ომს უკრაინაში და იმას, თუ რა გავლენა ექნება ამ კონფლიქტს პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში. აი, რას უნდა ველოდეთ.

ამ შეხვედრით გაიხსნება ევროპის „პოლიტიკური საზოგადოება“ - European Political Community (EPC) - ინიციატივა, რომლითაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოვიდა მაისში.

მეორე დღეს, 7 ოქტომბერს კი ჩეხეთის დედაქალაქი უმასპინძლებს ევროკავშირის არაფორმალურ სამიტს. 27 ქვეყნის ლიდერები განიხილავენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ენერგეტიკულ კრიზისსა და მომავალ მძიმე ზამთარს.


მოსაწვევი, როგორც ჩანს, ევროპის 44 ქვეყნის ლიდერებს გაუგზავნეს. ევროკავშირის დიპლომატმა არაფორმალურად გვითხრა, რომ „ყველასგან პოზიტიური გამოხმაურება მიიღეს, თუმცა ზოგს საბოლოო პასუხი ჯერ არ გაუცია“.

როგორც ამბობენ, ყოყმანობენ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და თურქეთის ლიდერი, რეჯებ ტაიპ ერდოანი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეკრებილებს ვირტუალურად მიმართავს და ჩეხეთში პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს მიავლენს.