პოეტი, რომელმაც ვარდები იქვე დაწერილი ლექსით იყიდა - ლევან ალავერდაშვილს მშობლიურ მიწას დღეს მიაბარებენ

levan

51 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი ლევან ალავერდაშვილი. უავადმყოფია, როგორც ახლობლები წერენ. ლევანი მშობლიურ ქიზიყში ცხოვრობდა. დედაქალაქს მაშინ სტუმრობდა, როდესაც "საჭირო" იყო. არ უყვარდა ქალაქი. ფესვებთან ახლოს ყოფნითა და ვაზის მოვლით გართულს, მიწის სუნით გაბრუებულსა და ღვინისფრად შესხვაფერებულს, სამრეკლოში ნახავდით. ეს მისი სოფლის სახელია, ასეთი პოეტური. 

ლევანას (ასე ეძახდა თავის თავს) პოეზია გულიდან წამოსული რითმების სიმფონიაა, რომელიც კითხვისას გასხვაფერებს და უკეთესს გხდის. 

პოეტს 23 მაისს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში დაკრძალავენ.

ლევან ალავერდაშვილს "პრაიმტაიმთან" ერეკლე საღლიანი იხსენებს, რომელიც კოლეგას, თანამედროვე პოეტებში, ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევდა.

ერეკლე საღლიანი:  არსებობს ასეთი საოცარი გამოთქმა, პოეზია სამკერდედან გულის ამოსროლააო. ლევანს შეეძლო მკერდიდან ამოეტანა გული. ბოლომდე დახარჯულიყო. ამიტომ ჰქონდა საოცრად თავანკარა პოეზია. მისი ყოველი სიტყვა, ყოველი ლექსი გულიდან მოდიოდა.

მის თაობაში მე მას ერთ-ერთ ნიჭიერ პოეტად მივიჩნევდი.

გულდასაწყვეტია, რომ ასე უდროოდ წავიდა ამ ქვეყნიდან. ბევრი განუხორციელებელი ოცნება გაიყოლა თან. ოცნებობდა, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო უკეთესი ყოფილიყო, ადამიანებს შორის არ ყოფილიყო ამდენი სიძულვილი. 

არ ყოფილა შემთხვევა, ლევანი კახეთიდან ჩამოსულიყო ნაღდი და საუკეთესო კახური ღვინის გარეშე, ვერის ბაღში შეგვკრებდა ყველას და ღია ცის ქვეშ ერთმანეთის დალოცვა მიდიოდა... 

ღვინის კაცი იყო, პურის კაცი იყო. დალევა კი არა, ქეიფი უყვარდა. უყვარდა ურთიერთობები.

უავადმყოფია. ბოლო დროს ხშირად ვეღარ ვხვდებოდი. მეც მქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. ბოლოს თბილისში ვნახე, რაღაც მისი ფერი არ მომეწონა, მაგრამ არაფერი უთქვამს.

უნიჭიერესი კაცი იყო... 

ბერდია არაბულიც გარდაცვლილა... სარდაფებში ძალით გამოჩეკილი კი არა, ჭეშმარიტი პოეტები მიდიან, თვითმყოფადები, ნამდვილები, რომელთა შემოქმედებაც ყოველგვარ პრემიებსა და ჩამორიგებულ ჯილდოებზე მაღლა დგას. 

***

"ვალენტინობას ყვავილების გამყიდველისთვის ვარდები უთხოვია და რადგან ფული არ ჰქონდა და გამყიდველისგან უარი მიიღო, სიგარეტის კოლოფზე ექსპრომტად ლექსი დაუწერია.
ესეც მისი ვარდების სანაცვლოდ დაწერილი ლექსი:

"ვარდი მომეცით, ნამის ქარვებით,
დაე, შემერგოს თუნდაც არამად...
ისე მაჩუქეთ, ნუ დამზარდებით,
პოეტი ვარ და ფული არა მაქ!
ლექსზე გაგიცვლით, არ შემრჩა გროში,
ვარდი ხომ ტრფობის გზა და ხიდია!
ნუ დამაჯერებთ, ჩემს სამშობლოში
რომ სიყვარულიც გასაყიდია!"

და ასე ლექსით უყიდია ვარდები... 
პოეტ ლევან ალავერდაშვილს, ალბათ, ვარდებით გააცილებენ..." - წერენ პოეტის ახლობლები ფეისბუქზე.

 

ასევე დაგაინტერესებთ:  "ამას ღმერთს ვერასდროს დავაბრალებ... როგორ შემიძლია მას გავუნაწყენდე?" - მარიკა კვალიაშვილი თავის ტკივილზე

„ცოცხალი რომ იყოს, მივიდოდი და ამას ვეტყოდი... – ნუცა კუხიანიძე ლევანის უკანასკნელ შეხვედრასა და მისი დაღუპვით მიღებულ პირველ შოკზე

„ათი ადამიანი რომ გაივლის, ერთი მაინც ხომ დაგუგლავს მის ვინაობას, ეს მახარებს...“ - ხათუნა იოსელიანის ემოციები ძმის სახელობის ქუჩის გახსნაზე