1733829921
,,უკვე გვიანი იყო და საოპერაციოდ ხელი აღარ მოჰკიდეს... ნაღვლიანი ღიმილითა და სხვანაირი სიკეთით მემახსოვრება..." - ეთერ თათარაიძე ბერდია არაბულს ემშვიდობება
ხევსურეთი თავის "კაი ყმას" გლოვობს. სიმსივნით გარდაიცვალა 61 წლის პოეტი, ტრისტან-ბერდია არაბული. პოეტი ბარისახოს სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.
ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე "პრაიმტაიმთან" ბერდიას იხსენებს.
ეთერ თათარაიძე: - ჩვენ მეგობრები არ ვყოფილართ, სულ რამდენჯერმე შევხვედრივარ ბერდიას. როგორც ის დამამახსოვრდა, ეს მისგან წამოსული სინათლეა. თავისი კუთხის, ხევსურეთის ძალიან ერთგული იყო. მოუშორებლად იქ იყო. ქართულს ასწავლიდა.
უთქმელი ადამიანი იყო. ნამდვილი მთის კაცი. ეს ამირანისგან ვიცი, რომელმაც ძალიან გულდაწყვეტილმა მითხრა, ნახე ფეისბუქზე, როგორი არაჩვეულებრივი ადამიანი აღარ არისო.
ჩვენზე უმცროსი იყო. როგორც თქვეს, თავში ჰქონდა სიმსივნე. უკვე გვიანი იყო და საოპერაციოდ ხელი აღარც მოჰკიდესო.
როდესაც შეგვხვდებოდა, დიდი სითბოთი და სხვანაირი სიკეთით გამორჩეული მამახსოვრდებოდა, თავისი ნაღვლიანი ღიმილით. ეგეთი იყო. ძალიან არ გასამეტებელი ადამიანი იყო. მისნაირები უვლიან ხევსურეთს ახლა და აცოცხლებენ. თბილისში ისწავლა, თავის კუთხეში დაბრუნდა და იქაურობას შეეწირა.
ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილს ედო პოსტი, მე და ამირანმა მისგან შევიტყვეთ ბერდიას გარდაცვალების შესახებ:
"ვეღარც მთაში ვიხეტიალებთ, ვეღარც ხატობაში ვივლით, ვეღარც "ტრულაილას" ვიმღერებთ და ვეღარც ვილექსავებთ... იქ შევხვდებით და იქ გავაგრძელოთ. უფალმა გაცხონოს, ჩემო ძმაო."
"ბერდია იქაურობის საყრდენი იყო და მომავალი თაობის აღზრდაში უდიდეს საქმეს აკეთებდა. ასეთ ახალგაზრდა ასაკში, ასეთი პატრიოტი და ენერგიული კაცის გამოკლება, დიდი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის. ჯერ კიდევ ასეთ ადამიანებზე დგას ჩვენი სამშობლო," - წერს გიორგი ბახტურიძე.
"შენ დიდი თავშესაფარი იყავი და მინდა მშვიდად დაისვენო უფალთან. გავიგე, ნაზიარები წასულხარ... დავმშვიდდი. მშვიდობით და ნახვამდის, ბერდი" - მაია კობიაშვილი.
პოეტი თორნიკე ნაროზაული ბერდია არაბულს ლექსს უძღვნის: მთის ჰაერივით სუფთა კაცი და პოეტი. მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად ვხვდებოდით და დიდხანს და გულიანად მხოლოდ ერთხელ ვისაუბრეთ, ესეც საკმარისი იყო მისი საოცარი პიროვნების დასანახად და მისგან ბევრი რამის სასწავლად.
"ეს სოფელი ვაჟკაცურად გაიარე,
იმ სოფლადაც ვაჟკაცურად მიდიხარ,
არ იმჩნევდი განუკურნელ ნაიარევს,
სიკვდილშიც კი სიცოცხლეზე დიდი ხარ.
შენთვის წლები სხვა სისწრაფით მიფრინავდნენ,
სამწუხაროდ, ადრე ჩამაღბერდია...
ახლა, დროა ნამდვილ სახლში მიღბინავდე,
ქრისტე ღმერთმა გაგანათლოს, ბერდია!"