„მძიმე ჯარიმები დაიწერება...“ - მომდევნო წლიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდება
1731353895
იშვიათი გარეგნობის ლევანი ყველას მეხსიერებაში მუდამ 29 წლის, ოქროსფერთმიან, ნათელ ახალგაზრდად დარჩა, მომნუსხველი ღიმილით. არადა, დღეს, 22 მაისს 60 წლის გახდებოდა...
გიო მგელაძის ფილმის გადაღების დროს წავიდა აფხაზეთის ომში. “არა, მეგობაროში” მთავარ როლს ასრულებდა. და 1992 წლის 7 სექტემბერს სოხუმში ტრაგიკულად დაიღუპა.
მოგვიანებით მსახიობის დედა იხსენებდა.
“საოცარი ინტუიცია მაქვს. ომი რომ დაიწყო შეშლილივით ვიყავი, მეგონა, რომ ლევანი ფრონტზე წავიდა. მივედი კინოსტუდიაში, გავიგე, რომ ნამდვილად გადაღებებზე იყო ბათუმში, დავმშვიდდი. იმხანად სამ ფილმში იღებდნენ ერთდროულად, მაგრამ ვიცოდი შინ არ გაჩერდებოდა.
4 სექტემბერს ბათუმიდან ჩამოვიდა თბილისში და გამომიცხადა: ” დედა მე მივდივარ სოხუმში! ” გავშეშდი. იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო? – ვერაფერი ვუპასუხე. ვიცოდი ჩემი პროტესტი უშედეგო და უადგილო იქნებოდა…” – იხსენებს მანანა ხიდაშელი, ლევანის დედა.
“არა, მეგობაროში” 9 წლის ნუცა კუხიანიძე თამაშობს. მას გადაღებების დროს, ლევანის მიმართ, თავისი ბავშვური გრძნობები გასჩენია.
ნუცა “პრაიმტაიმთან” თავის პირველ სიყვარულს იხსენებს.
ნუცა კუხიანიძე: – ლევან აბაშიძესთან მიმართებაში დროის აღქმა დაკაგული მაქვს, ლევანი მეხსიერებაში სულ არის. მან ჩემ ცხოვრებაში დიდი რამ განაპირობა. მკაფიო გზა გამოკვეთა.
პირველად რომ ვნახე, მახსოვს, მისმა აურამ იქონია დიდი გავლენა. 9 წლის ვიყავი. უშუალო შეხვედრა იყო.
სანამ გადაღება დაიწყებოდა, გიო მგელაძემ ლევანის გასაცნობად მასთან სახლში მიმიყვანა. ეზოში რომ შევედით, სახლამდე მწვანე ხეივანი ჰქონდა. ლამაზი ადგილი იყო და ჯერ ამით მოვიხიბლე.
ლევანი ახალგაღვიძებული, თმააჩეჩილი გამოვიდა. თავისი ოქროსფერი თმით და შორტით, მწვანე “მაიკით.” გამოანათა, გამიცინა და ჩამეხუტა.
უცებ ულამაზესი ადამიანი დავინახე. მერე დავმეგობრდით, როგორც შეიძლებოდა 29 წლის მამაკაცსა და 9 წლის გოგონას ემეგობრა.
გადაღებების გამო თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა ლევანთან. მერე, ომში წასვლამდე ჩემს აგარაკზე ამოვიდა, ახალდაბაში. როგორც “არა, მეგობაროში” გამოიყურება ზუსტად ისე, თეთრი “საროჩკით” და ლურჯი ჯინსით.
ეს თურმე ბოლო შეხვედრა იყო მასთან. მახსოვს, რაღაცაზე ბავშვურად გავებუტე და ოთახში შევედი. ლევანი უკვე მიდიოდა, მე არ გამოვდიოდი ჩემი ოთახიდან და ხის ჟალუზიდან ვუთვალთვალებდი.
პოზიციას არ ვთმობდი, არ გავდიოდი მასთან, ხასიათიანი ბავშვი ვიყავი. ის მიდიოდა და შორიდან ხელს მიქნევდა. ეს იყო ბოლო კადრი. თურმე ხელის დაქნევით საბოლოოდ დამემშვიდობა. ორ კვირაში დაიღუპა.
ლევანის დაღუპვა ჩემთვის პირველი სიყვარულის მოტანილი პირველი შოკი იყო. არ ვიცოდი, რას ნიშნავს გარდაცვალება. პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამის აღქმა. მახსოვს, რომ ძალიან განვიცადე.
სიყვარული იყო, აბა, რა იყო? ამდენი ხანი რომ მაქვს მეხსიერებაში დარჩენილი… მხოლოდ სიყვარულს შეუძლია უკვდავებაში გადავიდეს.
ცოცხალი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ჩემთვის ახლობლად დარჩებოდა ბოლომდე. ეგეთ ადამიანებს ასაკი ვერ ცვლის. პირველი შთაბეჭდილება დღემდე გამომყვებოდა. დიდი მეგობარი იქნებოდა. ხშირად მიფიქრია, ლევანი რომ ცოცხალი იყოს, მივიდოდი და ამას ვეტყოდი-მეთქი.
ახლობელ ადამიანებს ვერც დრო და გარდაცვალება ვერ ცვლის. ადამიანები რომ მიდიან, ის ენერგია და შინაგანი სამყარო გრჩება, რაც მათგან გვახსოვს. მეხსიერებაში სამუდამოდ იბეჭდებიან…
დიდი მადლობა, რომ ლევანი გამახსენებინეთ…
ასევე დაგაინტერესებთ: "ამას ღმერთს ვერასდროს დავაბრალებ... როგორ შემიძლია მას გავუნაწყენდე?" - მარიკა კვალიაშვილი თავის ტკივილზე