1733169705
„ხანდაზმულების მონაზვნად აღკვეცა მალე ხდება. თმაგაშლილს, თეთრი პერანგით გაწვენენ და...“ - 76 წლის დედა ნატალია
თბილსა და გამორჩეულ დედა ნატალიას, იცნობს ყველა, ვინც კი ციხისჯვრის პატარა მონასტერს სწვევია და იქ დაბრძანებულ სიწმინდეს შეხებია.
ციხისჯვარი ბაკურიანიდან ათი წუთის (ავტომობილით) სავალზეა, ტაძარში კი ჩვენი დიდი წმინდა მამის, ბერი გაბრიელ სალოსის ნაქონი ტყავის ქამარი დაგხვდებათ. რწმენით მიეახლებით, წელზე შემოირტყამთ და სპეციალური ლოცვის შემდეგ გულში დაბუდებულ სათხოვრებს პირს მოუხსნით და წმინდანისკენ გაუშვებთ...
აქ მოსული ყველა ადამიანი, რწმენას მამა გაბრიელის სარტყელთან მიჰყავს.
ბევრმა ამ მადლიანი სალოცავის შესახებ "პრაიმტაიმზე" დაწერილი სტატიით შეიტყო.
დედა ნატალია კი ჩვენს მკითხველს თავის თავზე უყვება...
დედა ნატალია: ვიყავი ინგლისურის პედაგოგი. ბორჯომში "თიჩა მანანას" მეძახდნენ. ღმერთის ყოველთვის მწამდა, ეკლესიური გახლდით.
ჩვენთან ტაძარში დედა პარასკევა იყო ჩამოსული, მამა გაბრიელთან მოღვაწე მონაზონი. მცხეთიდან წამოსვლის შემდეგ, ერთი პერიოდი ამ მონასტერში მოღვაწეობდა... მაშინ მე მონაზვნად აღკვეცილი არ ვიყავი. მცხეთის სამთავროს მონასტერში წამოდი სტუმრადო, შემომთავაზა.
ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის ყოფილმა მღვდელმთავარმა, მეუფე სერაფიმემ მირჩია, მანანა დეიდა, მცხეთაში ჩადით და იქ ნახეთ, როგორია მონაზვნური ცხოვრებაო...
სამი თვე და ათი დღე დავყავი მცხეთაში...
ეს ტაძარი კი მამათა მონასტერი იყო, მაგრამ როდესაც აწყურის ღვთისმსობლის ხატი ამობრძანდა, დედათა მონასტრად გადაკეთდა. აქ იყო დედა პარასკევა სხვა დედებთან ერთად. მერე აქაური მონაზვნები სხვადასხვა ტაძრებში დაიქსაქსნენ, დედა პარასკევა კი დღესდღეობით ვარდგინეთის ივერის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერშია.
ჩემი მონაზვნად აღკვეცა სადგერის დედათა მონასტერში მოხდა.
ახალგაზრდებთან შედარებით, ხანდაზმულების აღკვეცა მალე ხდება. მორჩილი ვიყავი, სამონაზვნო ეტაპიც არ გამივლია. მეუფე სერაფიმემ თქვა, ეს იქნება მორჩილის პირდაპირ მონაზვნად აღკვეცის პირველი და უკანასკნელი შემთხვევა ჩემი მოღვაწეობისასო. ასეც იყო. ჩემი მონაზვნად აღკვეციდან რამდენიმე დღეში, მეუფე სერაფიმე ჯოჯუა ამ ეპარქიის მღვდელმთავარი აღარ იყო.
ხარება ძალიან მიყვარს და ამ დღეს მოხდა ჩემი აღკვეცა. ემოციური დღე იყო. ჩუმად ვიყავი, დაბნეული, არ ვიცოდი, რა მეთქვა.
თმაგაშლილი მხოლოდ გრძელი თეთრი პერანგით გამოდიხარ. გაწვენენ, ლოცვა იკითხება. სამჯერ გაწვდიან მაკრატელს და უკან უნდა გადაუგდო. თუ არ გადაუგდე, ესე იგი, არ გინდა მონაზვნობა.
მერე გიჭირავს ჯვარი, მოდიან მონაზვნები და გთხოვენ დალოცვას. გლოცავთ ცოდვილი მონაზონი, დედა ნატალია-მეთქი, ვეუბნებოდი. აღკვეცის დღეს მონაზვნის დალოცვას დიდი ძალა ჰქონია...
ჩემ შვილს, მამა გაბრიელს გაუხარდა, რომ მეუფემ დედა ნატალია დამარქვა. დედაჩემს ერქვა და მორწმუნე ქალი იყო. ჩემ შვილს ძალიან უყვარდა ბებია და სადგერში რომ აღსაკვეცად მივდიოდით, მამაომ მითხრა, ნეტა, ნატალიას დაგარქმევდესო და ასეც მოხდა. ჩვენი სურვილისგან სრულიად დამოუკიდებლად, მეუფე სერაფიმემ მონაზონ ნატალიად აღმკვეცა.
მას შემდეგ სულ ლოცვაში ვარ. მართალია, აქ ჩემი შვილია წინამძღვარი, მაგრამ ეს პრივილეგიას არ მანიჭებს. მონასტერში ცხოვრება ტიპიკონის წესების დაქვემდებარებას ითხოვს. აქაურ ცხოვრებას თავისი წესები აქვს და უნდა ასრულებდე.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „შვილი არ მიჩნდება...“ - ტაძარი, სადაც მამა გაბრიელის სარტყელი სასწაულებს ახდენს
👉 აღმოაჩინეთ ტაძარი, სადაც მამა გაბრიელის სარტყელი უშვილოებს შვილებს ჩუქნის, სნეულთ კი – კურნავს