„ვის რას ერჩოდნენ...“ - მოკლული ცოლ-ქმარი ნანა ფირანიშვილი და სოსო სუჯაშვილია

სოსო სუჯაშვილი ნანა ფირანიშვილი

თბილისში, დიდუბის რაიონში მომხდარი ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მოკლული ცოლ-ქმარი, ნანა ფირანიშვილი და სოსო სუჯაშვილი წარმოშობით ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ და დედაქალაქში მცირე ბიზნესსაქმიანობას ეწეოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოხდა. ცოლ-ქმარს მაშინ ესროლეს, როდესაც ისინი ლიფტს ელოდებოდნენ.

„სიტყვები არ მაქვს, წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა... საუკეთესო, მშრომელი ადამიანები იყვნენ, მშვიდად ცხოვრობდნენ... ვის რას ერჩოდნენ?! ნანა ძალიან საყვარელი, კეთილი ქალი იყო. მცირე ბიზნესი ჰქონდათ. არ ვიცი, ვისთვის რა უნდა დაეშავებინათ“, - ამბობს ახლობელი „პრაიმტაიმთან“.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. აღნიშნული მუხლები დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.

✕