კახა კალაძე ევროკომისიის ანგარიშზე: როდესაც გეუბნებიან, რომ მოსამართლეები უნდა დაინიშნონ გარედან, ეს არის თუ არა სუვერენიტეტის ხელყოფა? ჩვენ არავის არ ვებრძვით, ვართ პატარა ქვეყანა, უდიდესი წარსულით, ვამაყობთ ჩვენი იდენტობით და ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას, სადაც ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა იცხოვროს თავისუფალ საქართველოში

კახა კალაძე

როდესაც გეუბნებიან, რომ მოსამართლეები უნდა დაინიშნონ გარედან, ეს არის თუ არა სუვერენიტეტის ხელყოფა? ჩვენ არავის არ ვებრძვით, ვართ პატარა ქვეყანა, უდიდესი წარსულით, ვამაყობთ ჩვენი იდენტობით და ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას, სადაც ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა იცხოვროს თავისუფალ საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live" „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროკომისიის ბოლო ანგარიშზე საუბრისას.

მისივე თქმით, ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით გასულ წელსაც იგივე შინაარსის გადაწყვეტილება მიიღო.

„ამ გადაწყვეტილებებს არანაირი ფასი არ აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ყველაფერი დაფუძნებულია მხოლოდ სიცრუეზე, არასამართლიან დამოკიდებულებაზე.

ერთ-ერთი კონკერტული პუნქტით გვეუბნებიან, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა მოხდეს გარედან. რიგით მოქალაქეებს ვეკითხები ჩვენ, ჩვენი წინა თაობები იბრძოდნენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო დამოუკიდებელი, ვიბრძოდით და დღესაც ვიბრძვით იმისთვის, რომ ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა. როდესაც გარედან გეუბნებიან, რომ მოსამართლეები უნდა დაინიშნონ გარედან, ეს არის თუ არა სუვერენიტეტის ხელყოფა? ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია.

როდესაც გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ თქვენი მეგობრები, მაგრამ პარალელურად გთხოვენ ისეთ რაღაცას, რაც თავიდანვე იცი, რომ დამღუპველი იქნება შენი ქვეყნისთვის, დამანგრეველი იქნება შენი ეკონომიკისთვის, რატომ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯი?

ჩვენ არავის არ ვებრძვით, როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ევროპის ქვეყნებს. ვართ პატარა ქვეყანა, უდიდესი წარსულით, ვამაყობთ ჩვენი იდენტობით და ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას, სადაც ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა იცხოვროს თავისუფალ საქართველოში", - განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ევროკავშირიდან მომდინარე მუქარებზეც ისაუბრა.

„ევროკავშირის სახელით მიმდინარეობს მუდმივი შანტაჟი, ცილისწამება, მუქარა. პირდაპირ ვთქვათ ეს არ არის მეგობრობა. უნდათ შენი ქვეყანა თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ. ჩვენ გვინდა პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც უნდა იყოს ორმხრივი.

საზოგადოებაც კარგად ხედავს, რა გამოწვევებია ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, რა ძალები ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ.

ევროკავშირთან მზად ვართ დავიწყოთ ურთიერთობა ახალი ფურცლიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს ჯანსაღი ურთიერთობები. მზად ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები", - განაცხადა კალაძემ.

✕