"ამას ღმერთს ვერასდროს დავაბრალებ... როგორ შემიძლია მას გავუნაწყენდე?" - მარიკა კვალიაშვილი თავის ტკივილზე

maro

მარიკა კვალიაშვილს 8 მაისს შემოქმედებითი საღამო ჰქონდა. კომპოზიტორი 86 წლის არის და დღემდე აქტიურად შრომობს. ინტელექტუალურ შრომაში გატარებული დღეები კი, დაბერებას აშორებენ.

საყვარელ სიმღერებთან ერთად, რიგით მეექვსე შემოქმედებით საღამოზე, დიდი საკონცერტო დარბაზი, ოცამდე ახალი სიმღერით დატკბა.  120 შემსრულებელს შორის, მომღერლების გარდა - ექიმები, ტელე წამყვანები, კომპოზიტორები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებიც მონაწილეობდნენ პერფომანსში.

მელოდიებისთვის ლექსებს ვაჟი, ნუკრი ნავერიანი უწერს. ქალბატონმა მარიკამ შვილის 20-მდე ლექსი უკვე აამღერა...

მარიკა კვალიაშვილის სიმღერებს სხვადასხვა თაობის მომღერლები მღერიან და კომპოზიტორისადმი ყოველთვის დიდ სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავენ.

რომ არა ცხოვრების დიდი ტრაგედიები (ვაჟი და შვილიშვილი ჰყავს გარდაცვლილი), ალბათ, ამგვარი აღიარების გამო, უბედნიერესი იქნებოდა. თუმცა ის ყველაფრისთვის მადლობს უფალს და როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, ცხოვრება მაინც მშვენიერია. 

მარიკა კვალიაშვილი: ცხოვრებას როგორც წარმართავ, ისე გრძელდება. ტვინს მოდუნებისა და მიძინების საშუალება არ უნდა მისცე, თორემ დაბერდება. საღად აზროვნება ტვინის მუდმივ მუშაობას ახასიათებს. უნდა აკეთო საქმე, ავარჯიშო გონება, დადებითი განწყობა კი გაგაბედნიერებთ და ჯანმრთელობის შენარჩუნებას ხელს შეუწყობს. 

რვა მაისის კონცერტის სცენარი მე მეკუთვნის, რეჟისურაში ვანო ხუციშვილი მეხმარებოდა, მხატვარი კი ვანო ჭელიძე იყო. თავი დიდებულად გაართვეს. რაც ჩავიფიქრე, ყველაფერი საუკეთესოდ განახორციელეს.

საღამოს ისეთი გამოხმაურება ჰქონდა, უხერხულობა შემიქმნა. თუმცა მანამდე მუხლჩაუხრელად ვიშრომეთ. 120 კაცი სახლში მომდიოდა და რეპეტიციას გავდიოდით. მე, სხვათა შორის გაკეთებული არაფერი მიყვარს. ნებისმიერ დეტალს დიდ ყურადღებას ვაქცევ. ყოველთვის ასე თავიდან ბოლომდე ჩართული  ვარ. 

ოთხ საათიანი კონცერტიდან ფეხი არავის მოუცვლია, სახე გაბრწყინებული უსმენდნენ და უყურებდნენ თეატრალიზებულ კონცერტს. დღემდე მირეკავენ და ამ საღამოზე მესაუბრებიან... 2019 წელსაც კონცერტი-სპექტაკლი მქონდა, მაგრამ ეს კიდევ უფრო კარგი გამოვიდა. დონე ავწიე. 

- აი, ამგვარ შინაგან მხნეობას რა გაძლევთ?

- სიცოცხლის სიყვარული. ასაკს არ ვაძლევ მორევის საშუალებას. რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრების ტკივილი მომყვება და საფიქრალი თავს არ მანებებს, ჩემთან ერთად თანაარსებობს. ეს არის ამ საშინელების დროს გამოსავალი. უნდა ისწავლო ტკივილთან ერთად ცხოვრება. და ფიქრით და ლოცვით ღმერთთან უნდა იყო სულ. სიკეთე გაუკეთო სხვას და როცა უჭირს, გვერდით დაუდგე. ყველაზე დიდი გაჭირვება კი ამ ქვეყნად არის ის, როდესაც სიკვდილი ყველაზე საყვარელ ადამიანებს წაგართმევს. თორემ დღეს რა გვაქვს და ხვალ რა გვექნება, ამაზე ფიქრში დროც არ უნდა დაკარგო. აზრი არ აქვს. ადამიანისთვის ერთადერთი ნუგეშის მცემელი ნამდვილი ადამიანია.

ბევრი სასწაული მოუვლენია ღმერთს ჩემთვის. ზოგი ასეთ დროს ფიქრობს, რომ ეს დაიმსახურა და ამიტომ უვლენს უფალი. ასე არ არის. ეს ჩვენს გასაძლიერებლად, გზის გასაკვალავად ხდება, რწმენაში გასაძლიერებლად გვევლინება. ადამიანი გამტარია, ღმერთის მიერ მოცემული ნიჭის ხალხამდე მიმტანი. მე რომ სიმღერის დასაწერად ვჯდები, პირჯვარს ვიწერ და ღმერთს შევთხოვ, შთამაგონოს.

ჩემი ტკივილის მიუხედავად, ვთვლი, რომ ცხოვრება საინტერესოა. რა არის იმაზე ბედნიერება, შენს ნაფიქრალს რომ აიტაცებს და შეიყვარებს ხალხი?! ყველა მომღერალი შენს სიმღერას რომ მღერის და შენი შემოქმედება ელფერს არ კარგავს?! ჩემი სიმღერა ყოველთვის ემღერებათ. მადლობა უფალს ხალხის დიდი სიყვარულისთვის და აღიარებისთვის. 

აი, ამ კონცერტისთვის ყველაფერი ლანგარზე დადებული და მორთმეული იყო. ღვთის წყალობით არანაირი წინააღმდეგობა არ შემხვედრია. ასეთი მასშტაბური კონცერტი უნაკლოდ ჩატარდა. ეს არ არის სასწაული? ბოლოს ნანი ბრეგვაძე ამოდის და გიმღერის, როგორია? მადლობა უფალს მფარველობისთვის, შთაგონებისთვის, ხელშეწყობისთვის... 

- ადამიანური სისუსტით არასდროს დაგცდენიათ, მე რატომ შემემთხვა ამხელა ტრაგედიაო?

- ამას ღმერთს ვერასდროს დავაბრალებ. ჩემგან წასული ძვირფასი ადამიანები მისი მფარველობის ქვეშ არიან და როგორ შემიძლია ღმერთს გავუნაწყენდე...

 

ასევე დაგაინტერესებთ: ,,თავიანთი ტკივილი, შვილის დაკარგვა, თავს არავისთვის მოუხვევიათ... სიმღერა კი არა, ალბათ, ცხოვრებაც არ სურდათ, თუმცა..." - ლილი ზღვაური 83 წლის გახდა

სად და როდის ვიყიდით წიგნს კვარაზე - "მქონდა ორი მთავარი მოტივაცია, რისთვისაც ეს წიგნი დავწერე"

დათა თავის სიკვდილს წინასწარმეტყველებდა. ის ავარიაც შემთხვევით არ მომხდარა...“ - ცნობილი პოლიტიკოსის 18 წლის ვაჟის ტრაგიკული ისტორია

ხანდაზმულების მონაზვნად აღკვეცა მალე ხდება. თმაგაშლილს, თეთრი პერანგით გაწვენენ და...“ - 76 წლის დედა ნატალია