1733829921
"უნამუსოებო, როგორ არ გაგახსენდათ ეკა კვალიაშვილი? პირველად გეუბნებით პირში, რომ..." - რას პასუხობს ნუგზარ კვაშალი კოლეგას
26 აპრილს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მამუკა ონაშვილისა და ზურა დოიჯაშვილის მონატრების საღამო გაიმართა. კონცერტის ორგანიზატორები ირმა სოხაძე და ნუგზარ კვაშალი იყვნენ, რეჟისორის ფუნქცია - ბესო ჩუბინიძემ შეითავსა. საღამოზე ოცდაშვიდი მომღერალი მონაწილეობდა.
კონცერტს ეხმაურება ეკა კვალიაშვილი. აი, რას ამბობს კონცერტის ორგანიზატორებზე განაწყენებული მომღერალი.
ეკა კვალიაშვილი: ჩემი ბიჭების, მეგობრების - მამუკა ონაშვილისა და ზურა დოიჯაშვილის ხსოვნის საღამო შედგა. ჩვენ ერთი თაობის მომღერლები ვართ, წლებია ერთად მოვდივართ. და მე მათი მონატრების კონცერტზე არ დამიძახეს.
კონცერტი მიჰყავდა კვაშალს და ირმა სოხაძეს. პროდიუსერს დავურეკე. რაც არ უნდა მითხრას, ვერ დამაჯერებს. ვინც დარეკა, მონაწილეობა მიაღებინესო. არა! არავის არ უთქვამს, რომ კონცერტი ტარდებოდა. ყველაფერს აქვს საზღვარი. ეს არასდროს დასრულდა. იცით, რა ვერ გავიგე? სიმღერას მიწუნებს ვინმე, ოჯახის შვილობას თუ გარეგნობას? კონცერტზე ეძახიან ვიღაცებს, მართლა "ვიღაცებს", რომლებიც 2000 წლიდან მოვიდნენ. ჩვენ 80-იანი წლებიდან მოვდივართ.
აი, მე რატომ უნდა დავრეკო? როდესაც არ ვიცი, რომ კონცერტი ტარდება, ხსოვნის საღამო ტარდება, რანაირად უნდა დამერეკა?! კონცერტზე მიმაწებეთ გეხვეწებით-მეთქი, დამერეკა? თავიდანვე რატომ არ უნდა ჰქონდეთ ტვინში ჩადებული, რომ ისეთი მომღერალი, როგორიც მე ვარ, კონცერტზე უნდა დაპატიჟო? თუ ბოროტი არ ხარ და ამას სპეციალურად არ შვრები?! რომ გამეგო კონცერტი ტარდებოდა, კაცმა არ იცის, დავრეკავდი თუ არა. ალბათ, დავრეკავდი იმიტომ, რომ ჩემი ბიჭების ხსოვნის საღამო ტარდებოდა.
როგორ პატივსაც მე მცემენ, მეც ისეთ პატივს ვცემ აბსოლუტურად ყველას. როგორც მექცევით, ისე მოგექცევით. ჩემგან ნურაფერი გეწყინებათ.
ახლა მივმართავ ჩემს კოლეგებს: უნამუსოებო, როგორ არ გაგახსენდათ ეკა კვალიაშვილი და არ დამირეკეთ. არ გაგახსენდათ? ცოტა მაცადეთ. სახვეწრად თუ არ გაგიხდეთ საქმე, ქალი არ ვიყო. რასაც ვამბობ, ვასრულებ. თქვენი ბოღმით და შურით, ყელში ამოხვედით. ვერ იტანთ, რომ ძალიან მაგარი მომღერალი ვარ, დიდი ხანია ვერ იტანთ.
პირველად გეუბნებით პირში, ჩემზე მაგარი მომღერალი ჩემს ფეხებს არის რომელიმე. კარგად დაიმახსოვროს ყველამ!
ეკას ვიდეო ნახა კონცერტის ორგანიზატორმა ნუგზარ კვაშალმა. აი, რას ამბობს ის "პრაიმტაიმთან".
ნუგზარ კვაშალი: მთელი ცხოვრება ასეა გაბრაზებული და განაწყენებული. დაერეკა. სხვებმა თუ გაიგეს, რომ კონცერტი მზადდებოდა, მაგან როგორ ვერ გაიგო? მართლა მაგარი მომღერალია, მიყვარს მისი ნამღერი, მაგრამ უნდა იცოდე, რომ სხვა რომ გალანძღო, ეს იგივეა, რომ თავი გაილანძღო. არ ეკადრება ასეთ კარგ მომღერალს ასეთი სიტყვებით ლანძღვა.
ასეთი მარათონი ტიპის კონცერტები მსურველებისგან დგება. დღეს ხუთი მიემატება კონცერტის აფიშას, ხვალ მეორე ხუთი და ასე შემდეგ. ბოლო დღემდე ემატებოდა მონაწილეები. ორი თვის მანძილზე ფეისბუქზე ვწერდით მონაწილეთა სიას, რომელსაც თანდათან ემატებოდნენ მონაწილეები. ფეისბუქის აფიშას! ასე ავიდა 28 მონაწილემდე. ეკას რომ დაერეკა, იქნებოდა 29-ე. მაგრამ არც ჩემთან დარეკა, არც ირმა სოხაძესთან დაურეკავს, დარეკა სხვებთან. მაესტრო ჯემალ სეფიაშვილმა დარეკა, მინდა ამ კონცერტში მონაწილეობაო. ამხელა მაესტრომ დარეკა! და ეკა კვალიაშვილს რომ დაერეკა, რა? დაერეკა ჩემთან და ყველა გუშინდელი მონაწილის მსგავსად იქნებოდა კონცერტზე.
ზურასთან და მამუკასთან ვისაც კი კავშირი ჰქონდა, ყველა მონაწილეობდა. თუ ეკამ არ მიიღო მონაწილეობა, ესე იგი, არც იყო საჭირო. მე თუ აფიშაზე არ ვარ, არავის ვურეკავ, რატომ არ ჩამწერეთ-მეთქი. ეს თავის დამცირებაა.
თავის თავში ჩაიხედოს და თავს დაუსვას კითხვა, რატომ არ დარეკა ორგანიზატორთან და რატომ დარეკა სხვასთან? აი, რატომ? ის ამ თავისი გამოსვლით თავის თავს ერჩის.
რაც მთავარია, გადასარევი საღამო გამოვიდა. იყო საქველმოქმედო ხასიათის, არავის კაპიკი არ აგვიღია. შემოსული თანხა ზურას და მამუკას ოჯახებს გადავეცით.
საღამოს რეჟისურა ბესო ჩუბინიძეს ჰქონდა ჩაბარებული. "პრაიმტაიმთან" ისიც აკეთებს კომენტარს.
ბესო ჩუბინიძე: საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა. მე ვერ ვესწრებოდი, სენაკში მქონდა კონცერტი. თუმცა გრანდიოზული მონატრების საღამო ჩატარდა. ეკრანზე ვაჩვენეთ წასული ბიჭების ფოტოები, ვიდეოები... ისინი ეკრანიდან ესწრებოდნენ თავიანთი მონატრების საღამოს. იდეამ გაამართლა. რაც შეეხებათ მონაწილეებს, ზოგი ჩვენ შევარჩიეთ, მაგალითად, ისინი, ვინც ვინც დუეტებს ასრულებდა მამუკასთან და ზურასთან. ზოგმა თვითონ დარეკა და ითხოვა გამოსვლა.