განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებას ავრცელებს, რომლითაც, ე.წ. რუსული სკოლის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. 

უწყების განცხადებას ,,პრაიმტაიმი" უცვლელად გთავაზობთ:

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში ე.წ. რუსული სკოლის “School Club Georgia” გახსნის შესახებ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ “School Club Georgia” არ არის ავტორიზებული და, შესაბამისად, მას არ აქვს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება.

როგორც მოგეხსენებათ, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.  ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერᲫო სუბიექტისთვის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა, კერძოდ, ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ან/და ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკითხის შესწავლის მიზნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებას", - აღნიშნულია განცხადებაში.