ბანკზე თავდასხმისთვის დაკავებულის დაცვის მხარემ შეიძლება ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვოს

გრიგოლლ

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. ამ წუთებში, გრიგოლ ნარსიას ადვოკატი ხვდება.

როგორც მან მედიასთან განაცხადა, შეიძლება, დაცვის მხარემ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვოს.

„დარწმუნებული ვარ, აღკვეთის ღონისძიებაც დღეს განიხილება. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების დაყენების საკითხს, თუ რა სახის აღკვეთის ღონისძიებას შევთავაზებთ ჩვენ სასამართლოს, ალბათ, ამასაც დაკავებული პირის ინიციატივითა და მასთან შეთანხმებით გავაკეთებთ.

ახლა, ჩემდამი იქნება განმარტებული, თუ რა სახის აღკვეთის ღონისძიებები შეიძლება იყოს დაყენებული. ალბათ, რომელსაც თვითონ დასაცავი პირი აირჩევს, მასზე ჩამოვყალიბდებით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, არის თუ არა ჯანმრთელობის სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნული მის დაზიანებასთან დაკავშირებით და გასარკვევია, იყო თუ არა აუცილებელი, მას მიყენებოდა ის დაზიანებები, რომლებიც ფიზიკურად აღიქმება.

დაცვის მხარე არ გამორიცხავს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას, რათა სრულად გაირკვეს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა“, - აცხადებს ადვოკატი დალი სულაქველიძე.