მეცნიერებმა ინდოეთის ოკეანეში ვეშაპების უდიდესი სასაფლაო აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ინდოეთის ოკეანეში ვეშაპების უდიდესი სასაფლაო აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ვეშაპების უდიდესი ცნობილი „სასაფლაო“ აღმოაჩინეს, რომლის ასაკიც 5,3 მილიონ წლამდე აღწევს.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ დიამანტინას ზონაში, ფსკერზე მდებარეობს გიგანტური ვეშაპების ნეკროპოლისი, რომლის სიგრძე დაახლოებით 1200 კილომეტრია.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, მკვლევრებმა ვეშაპების ნამარხი ნაშთების 485 ადგილმდებარეობა და ხუთი მოქმედი „ვეშაპთდაცემა“ დააფიქსირეს - ეკოსისტემები, რომლებიც დაღუპული ცხოველების ცხედრების გარშემო ყალიბდება. სულ მეცნიერებმა 476 ნამარხი ვეშაპისნაირი დააფიქსირეს.

სამუშაოები ხორციელდებოდა ღრმა ზღვის მართვადი აპარატის, „ფენდოუჟეს“ გამოყენებით, 2023 წლის თებერვალ-მარტის ექსპედიციის დროს. კვლევის მონაცემებით, აღმოჩენილი ნაშთების ასაკი 120 000-დან 5,26 მილიონ წლამდე მერყეობს. მათი უმეტესობა დინგნისკარტასებრ ვეშაპებს ეკუთვნის, ასევე ნაპოვნია უკბილო ვეშაპების ნაშთები და მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი სახეობა, რომელსაც Pterocetus diamantinae ეწოდა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ვეშაპების ნეკროპოლისები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ღრმა ზღვის ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში. ნაშთების გარშემო სახლდებიან ორგანიზმების სპეციალიზებული თანასაზოგადოებები, მათ შორის რგოლოვანი ჭიები, ორსაგდულიანი მოლუსკები, მუცელფეხიანი მოლუსკები და ზღვის ვარსკვლავები.

სტატიის ავტორთა აზრით, ეს აღმოჩენა უძველესი ღრმა ზღვის ეკოსისტემების არსებობის ერთ-ერთი უდიდესი მტკიცებულება გახდა და შესაძლოა დაგვეხმაროს ვეშაპებისა და ოკეანის ფსკერის ბინადართა ევოლუციის უკეთ გაგებაში. მკვლევრები არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი ვეშაპების ნეკროპოლისები მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებშიც არსებობდეს.