კვლევა: ტკბილი გაზიანი სასმელები ქალებში დეპრესიის რისკს ზრდის

ტკბილი სასმელები

გერმანელმა მეცნიერება დაადგინეს, რომ ტკბილი გაზიანი სასმელების რეგულარული მოხმარება დეპრესიის განვითარების ალბათობას ზრდის და მის სიმპტომებს აძლიერებს, განსაკუთრებით ქალებში.

Medical Xpress-ის ცნობით, მეცნიერებმა 2014-2018 წლებში თითქმის ათასი ზრდასრული გერმანელის მონაცემები შეისწავლეს. კვლევის 405 მონაწილეს დაუდგინდა დეპრესია, ხოლო 527-ს არა. ანალიზმა აჩვენა, რომ ტკბილი გაზიანი სასმელების ხშირი მოხმარება დაკავშირებულია არა მხოლოდ თავად დაავადებასთან, არამედ სიმპტომების სიმძიმესთან. ყველაზე თვალსაჩინო კავშირი ქალებში აღინიშნა - მათში, ვინც რეგულარულად სვამდა გაზიან სასმელებს, დეპრესიის ალბათობა 17%-ით მეტი იყო, ხოლო სიმპტომები უფრო მძიმედ მიმდინარეობდა. მკვლევრები ამას ნაწლავის მიკრობიომში ცვლილებებით ხსნიან.

ქალებში, რომლებიც ტკბილ სასმელებს ანიჭებდნენ უპირატესობას, Eggerthella-ს გვარის ბაქტერიების გაზრდილი რაოდენობა აღმოაჩინეს. ეს ბაქტერიები ადრეც იყო დაკავშირებული დეპრესიულ მდგომარეობასთან, თუმცა ეს პირველი დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ Eggerthella მართლაც შუამავლის როლს ასრულებს გაზიან სასმელებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის.

მეცნიერთა თქმით, გაზიანი სასმელები შეიცავს შაქარს, კონსერვანტებს და დამატკბობლებს, რომლებიც ნაწლავის მიკროფლორის ბალანსს არღვევენ. ეს ანთების გამომწვევი ბაქტერიების ზრდას უწყობს ხელს და ამცირებს დამცავი ცხიმოვანი მჟავების გამომუშავებას. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ასეთმა ცვლილებებმა შეიძლება ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები გამოიწვიოს და დეპრესიული ქცევა გააძლიეროს.

კაცებში მსგავსი კავშირი არ გამოვლენილა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მიზეზი შეიძლება ჰორმონალურ განსხვავებებში ან იმუნური რეაქციის თავისებურებებში იყოს​.