პროკურატურამ „ლელოს“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ „ლელოს“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 162-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

„ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება, მათ შორის ის პირი, ვინც ფიგურირებს აუდიოჩანაწერში“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ცნობისთვის, კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, რითაც მათივე ინფორმაციით, დასტურდება კოალიციის ერთ-ერთ მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობა, „რის გამოც მან კანდიდატურა მოხსნა“.

როგორც „ლელო - ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლა სუს-ისა და ადგილობრივი პოლიციელების ჩართულობით განხორციელდა.