1759090256
ჯარიმა 1000-დან 3 000 ლარამდე - ოქტომბრიდან გამკაცრებული რეგულაციები ამოქმედდება

2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იმ უცხოელებისთვის, რომელთაც საქართველოში ყოფნის წესები დაარღვიეს, კანონი მკაცრდება. მარტივდება ქვეყნიდან გაძევება და ასევე იზრდება ჯარიმების მოცულობაც.
უფრო კონკრეტულად, 1-ელი ოქტომბრიდან, თუ უცხოელმა დაარღვია ქვეყანაში ყოფნის ვადები, დაეკისრება ჯარიმა 1000-დან 3 000 ლარამდე, ამასთან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აეკრძალება საქართველოში შემოსვლა. აღსანიშნავია, რომ მოქმედი რედაქცია ქვეყნიდან გაძევებას არ ითვალისწინებს, ჯარიმის მოცულობა კი 180-დან 360 ლარს შეადგენს.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით 1-ელი ოქტომბრიდან:
„უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 6 თვის ვადით.
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 2 წლის ვადით.
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 3 წლის ვადით.
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ფიზიკური პირის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში მოწვევა ან/და მისი მომსახურების უზრუნველყოფა ან/და მისი მომსახურებით სარგებლობა საქართველოში ცხოვრების, მუშაობისა და სწავლის უფლების მოპოვების დადგენილი წესების დარღვევით – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია კოდექსში. (აქამდე ჯარიმის მოცულობა 1 000 ლარს შეადგენდა) გარდა ამისა, „სისხლის სამართლის კოდექსის“ მიხედვით, 1-ელი ოქტომბრიდან მარტივდება იმ უცხოელების გაძევება, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს.
კანონის მიხედვით, „უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება დაინიშნოს:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის − ორიდან ათ წლამდე ვადით;
ბ) მძიმე დანაშაულისთვის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის − ხუთიდან ოც წლამდე ვადით ან უვადოდ.
3. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, ჩადენილი ქმედების ხასიათისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის უცხოელის საქართველოში დარჩენა“.
ამასთან, კანონის მიხედვით, უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა არ აღსრულდება, თუ უცხოელის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ექვემდებარება გაძევებას ექსტრადიციის ინიციატორ სახელმწიფოში და მის ექსტრადიციას მხოლოდ ეს სახელმწიფო ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონი თანამდევ პროექტებთან ერთად მიმდინარე წლის ივლისში მიიღო. ცვლილებები ჯამში საქართველოს 18 კანონში შევიდა.