ირანის მოქალაქეს, რომელიც 50 მილიონის ღირებულების 200 კილოგრამი "ჰეროინის" საქმეზეა დაკავებული, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სამართალი

წინასწარი პატიმრობა შეეფარდა ირანის მოქალაქეს, რომელიც 50 მილიონის ღირებულების 200 კილოგრამი ჰეროინის საქმეზეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, "თევზის საკვებით" დატვირთული სატვირთო ავტომობილი საქართველოში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით, "წითელი ხიდიდან" შემოვიდა. ტვირთში დამალული იყო 8 ტომარა, რომელშიც 200 კილოგრამი "ჰეროინი" იყო მოთავსებული.

პროკურატურის ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერება შეიცავდა როგორც "ჰეროინს", ასევე ფსიქოტროპულ ნივთიერება "დიაზეპამს".

ირანის მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში შემოტანას ედავებიან.

"ბრალდებულმა პროცესზე გააჟღერა, ის არის დაქირავებული მძღოლი, რომელსაც ობიექტურად არ შეიძლება სცოდნოდა, რომ სატვირთოში იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალება, ვინაიდან ეს სატვირთო ავტომობილი ეკუთვნოდა სხვა პიროვნებას, ეს ტვირთი იყო სხვა პიროვნების და კომპანიის, შესაბამისად, მან არანაირი ინფორმაცია არ იცოდა ამის შესახებ. თავადაც თქვა, რომ არის მძღოლი და საქართველოში რამდენიმეჯერ უფიქსირდება შემოსვლა. სხვა ტვირთი შემოჰქონდა, გავლით იყო", - აცხადებს ადვოკატი ანა შინშიაშვილი.