NASA-მ 350 მილიონ კილომეტრ მანძილზე ლაზერული შეტყობინება გადასცა და პასუხი მიიღო - დეტალები
1758993949
2025 წლის ოქტომბრიდან, საქართველოში რამდენიმე ახალი რეგულაციის ამოქმედება იგეგმება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ წერს.
კანონდამრღვევი უცხოელების მიმართ გამკაცრებული რეგულაციები ამოქმედდება
2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იმ უცხოელებისთვის, რომელთაც საქართველოში ყოფნის წესები დაარღვიეს, კანონი მკაცრდება. მარტივდება ქვეყნიდან გაძევება და ასევე იზრდება ჯარიმების მოცულობაც.
უფრო კონკრეტულად, 1-ელი ოქტომბრიდან, თუ უცხოელმა დაარღვია ქვეყანაში ყოფნის ვადები, დაეკისრება ჯარიმა 1000-დან 3 000 ლარამდე, ამასთან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აეკრძალება საქართველოში შემოსვლა. აღსანიშნავია, რომ მოქმედი რედაქცია ქვეყნიდან გაძევებას არ ითვალისწინებს, ჯარიმის მოცულობა კი 180-დან 360 ლარს შეადგენს.
გარკვეული სატრანსპორტო საშუალებებისთვის იცვლება მართვის მოწმობის აღების პირობები
მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდებში ცვლილებებია. კერძოდ, როგორც მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარი, 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.
შესაბამისად, უკვე 1ლი ოქტომბრიდან, ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპს კანდიდატი დახურულ მოედანზე ჩააბარებს, ხოლო გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება.
ევროკავშირში შესვლა/გასვლის წესები იცვლება
ევროკავშირში შესვლა/გასვლის წესები იცვლება - საუბარია EES სისტემის დანერგვაზე. როგორც უკვე ცნობილია, შესვლა-გასვლის სისტემის (EES) ოპერაციების ეტაპობრივი დანერგვა 12 ოქტომბრიდან დაიწყება. დათქმული თარიღიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნები შესვლა-გასვლის სისტემას თანდათან, ექვსი თვის ვადაში განახორციელებენ. ექვსი თვის ბოლოს კი EES-ი ევროკავშირის ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე იქნება დანერგილი.
ცნობისთვის, შესვლა-გასვლის სისტემა (EES) არის მოწინავე ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც ციფრულად აღრიცხავს იმ არა-ევროკავშირის მოქალაქეების შესვლას და გასვლას, რომლებიც ევროპის 29 ქვეყანაში, მათ შორის შენგენთან ასოცირებულ ქვეყნებში, მოკლე ვადით მოგზაურობენ, ახალი სისტემა, რომელიც აღრიცხავს ბიომეტრიულ მონაცემებს, მაგ. თითის ანაბეჭდები, სახის გამოსახულება და სხვა სამოგზაურო ინფორმაცია, ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ამჟამად მოქმედ სისტემას, რომელიც პასპორტში შტამპების დასმას გულისხმობს.
დაიწყება ახალი ვიზუალის პასპორტების გაცემა
2025 წლის 6 ოქტომბრიდან დაიწყება ახალი ვიზუალის პასპორტების გაცემა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენჯერმე გადავადდა. კერძოდ, თავდაპირველად დაანონსებული ვერსიით, ახალი დიზაინის დოკუმენტების გაცემა 4 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო, ამის შემდეგ თარიღმა 1-ელ აგვისტომდე გადაიწია, შემდეგ კი - შემოდგომამდე.
რაც შეეხება ახალი დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, მათზე უნდა იყოს: სახელი; გვარი; მოქალაქეობა; დაბადების თარიღი; პირადი ნომერი; ფოტოსურათი; სქესი; დაბადების ადგილი; პირადი ხელმოწერის ნიმუში; გაცემის თარიღი; მოქმედების ვადა; გამცემი ორგანოს დასახელება; დოკუმენტის ტიპის შესახებ მითითება; ქვეყნის კოდი; დოკუმენტის ნომერი და წვდომის კოდი (CAN – Card Access Number).
ზემო ლარსზე, რუსეთის მხრიდან სატვირთო ავტოტრანსპორტის რიგის წინასწარ ელექტრონული დაჯავშნის სისტემა ამოქმედდება
2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან რუსეთის საბაჟოს ჩრდილოკავკასიის სამმართველო ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომობილებისთვის ტერმინალთან მისვლის თარიღისა და დროის დაჯავშნის სისტემას აამოქმედებს. კერძოდ, სატვირთოების მძღოლები თარიღისა და დროის დაჯავშნას გადაზიდვის ელექტრონული დოკუმენტების სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის პორტალზე შეძლებენ. ელექტრონული რიგის გამოყენებით ზემო ლარსის გადაკვეთის პროცედურას რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ქვესაუწყებო დაწესებულება, „როსგრანსტროი“ გაუწევს კოორდინაციას.
ცნობისთვის, ზემო ლარსი რუსეთსა და საქართველოს შორის ერთადერთი მოქმედი საკონტროლო – გამშვები პუნქტია, რომლის გავლითაც გაედინება ორ ქვეყანას შორის, ასევე თურქეთისა და სომხეთის მიმართულებით ყველა სატრანსპორტო ნაკადი, რაც ხშირად რიგების წარმოქმნას იწვევს. სიტუაციას ართულებს არასასურველი ამინდის პირობები, რის გამოც, განსაკუთრებით ზამთარში მოძრაობა ხშირად შეჩერებულია.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აგვისტოდან ზემო ლარსზე ელექტრონული რიგის ანალოგი ფუნქციონირებს, რომელიც საშუალებას იძლევა გადამზიდავისგან მიიღოს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების რიგითი ნომერი და თვალყური ადევნოს მათ დაგროვება – გაწოვას, თუმცა საზღვრის გადაკვეთის დროის წინასწარ დაჯავშნის შესაძლებლობას არ იძლევა.