„იმპულსური ვარ... ძალიან მალე მეტყობა აღფრთოვანება და ძალიან ადვილად შემიძლია, შევიყვარო“ - ირაკლი მახარაძე პირადსა და კარიერაზე

ირაკლი მახარაძე

„პრაიმ ჰაუსში“ დაძაბულობა პიკს აღწევს. მონაწილეები ერთმანეთს ყოველდღიურად უპირისპირდებიან და შემდეგ განიხილავენ, ვინ, როდის და როგორი სახის შეცდომა დაუშვა. ირაკლი მახარაძე ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებულია. ცდილობს, კონფლიქტში არ შევიდეს და საკუთარი ემოციები მაქსიმალურად აკონტროლოს.

„პრაიმტაიმი“ რეალითი შოუს მონაწილეს უფრო ახლოს გაგაცნობთ. მისგან შეიტყობთ, როგორია ცხოვრების თითქმის ნულიდან დაწყება და საკუთარი მიზნების მისაღწევად თავდაუზოგავი შრომა.

ირაკლი მახარაძე: - ძალიან მიხარია, რომ ხალხისგან ასეთ საოცარ მხარდაჭერას ვგრძნობ, აპრილში 33 წლის ვხდები და მჯერა რომ „პრაიმ ჰაუსში“ შევხვდები დაბადების დღეს. ამ პროექტში ყოფნა ძალიან საინტერესო და ახალი გამოცდილება არის ჩემთვის.

იყო ეტაპი, როცა ცხოვრებაში არაფერი მაკლდა, მაგრამ უცებ ისეთ რეალობაში აღმოვჩნდი, რომ ყველაფერი დავკარგეთ. მსურდა თუ არა, უნდა შევჭიდებოდი ახალ საქმეებს და გამოწვევებს, რასაც იმ დროისთვის არ ვიყავი მიჩვეული. ძალიან პატარა ასაკიდან, 17 წლიდან დავიწყე მუშაობა იმისათვის, რომ ოჯახს დავხმარებოდი, საკუთარი სწავლისთვის თანხა გადამეხადა და ა.შ.

ჩემმა ოჯახმა დაკარგა ქონება, ბინები, ყველაფერი... აღმოვჩნდით ძალიან ცუდ მდგომარეობაში, თუმცა, ამის შემდეგ მიზნად დავისახე რომ ყველა სირთულის მიუხედავად ისევ დამდგარიყავით ფეხზე და უკან მოხედვის არ შეგვშინებოდა.

მსურდა, რომ  ჩემით შემძლებოდა ყველანაირი მატერიალური სიკეთის უზრუნველყოფა.

დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი ერთ-ერთ დიდ კომპანიაში. ბევრი მოვინდომე რომ შევმდგარიყავი და მეპოვა საკუთარი საქმე. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, ბევრს ვშრომობდი და ვიყავი საკმაოდ წარმატებული. თუმცა, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ყოველთვის სიახლეების და განვითარების ძიებაში ვარ.

პანდემიის პერიოდში, მაშინ, როცა ადამიანებს ყველაზე მეტად გაგვიჭირდა ცხოვრება, გადავწყვიტე, სამსახური დამეტოვებინა და შემექმნა საინტერესო კონცეფციის ყავის კუთხე, რომელიც გამოხატავდა ჩემს ხასიათს და იმ სურვილებს თუ ხედვებს, რაც მქონდა.

მე და ჩემმა მეგობარმა დავიწყეთ პატარა ბიზნესით და შევქმენით ძალიან თანამედროვე და სასიამოვნო გარემო. გვქონდა გარე სივრცეც, სადაც ბევრი ახალგაზრდა იკრიბებოდა და ერთად ატარებდა დროს. იმდენად მეგობრული და მშვიდი გარემო იყო, რომ სრულიად უცნობ ადამიანებსაც კი მარტივად შეეძლოთ ერთმანეთთან კომუნიკაცია. სხვათაშორის, „პრაიმ ჰაუსის“ პირველ სეზონში, პატრიკის მეგობრებთან შეხვედრა სწორედ ჩვენთან მოეწყო. მაშინ ყველაზე მეტად დავინტერესდი, მეც ხომ არ მეცადა მსგავს პროექტში მონაწილეობის მიღება.

- მაშინ გადაწყვიტეთ „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეობის მიღება?

- დიახ, მაშინ გადავწყვიტე. მთავარი მოტივი, რაც ჰაუსში მონაწილეობის მიღების მქონდა, ეს იყო პიროვნული ზრდა... ვფიქრობ, რომ ადამიანები მუდმივად უნდა განვვითარდეთ. მსურდა, გამოვსულიყავი კომფორტის ზონიდან და გამომეცადა ჩემი თავი განსხვავებულ გარემოში. ძალიან გამიხარდა, რომ მომეცა  შანსი მიმეღო მონაწილეობა ისეთ შოუში, რომელიც ყველა რეიტინგს ხსნის საქართველოში.

- და ასევე, მნიშვნელოვანია ის პრიზი, რასაც პროექტი გთავაზობთ...

- რა თქმა უნდა. ბინა ძალიან მნიშვნელოვანია და მის მოსაპოვებლად კონკურენციაც ძალიან დიდია, თუმცა მე როგორც მიზანდასახული ადამიანი, ბოლომდე ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის.

- რას საქმიანობთ თავისუფალ დროს?

- როცა ყურადღების გადატანა და დასვენება მჭირდება, ჩემთვის განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალება მეგობრებთან ყოფნაა და სიმღერა. ვოკალისტთან დავდიოდი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა და ჰობის დონეზე ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა გახდა. ↓

- როგორი იყო ოჯახის დამოკიდებულება, როცა შეიტყვეს, რომ „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეობა გსურდათ?

- ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ძმა და დედაა. მათგან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. იყო მომენტი, როდესაც მეუბნებოდნენ, არ მიმეღო შოუში მონაწილეობა და მეც ვფიქრობდი რამდენად ინერვიულებდნენ ისინი ჩემი პროექტში ყოფნის დროს. თუმცა, ყოველთვის გულახდილად ვსაუბრობთ და მათ ძალიან კარგად გამიგეს. როგორც უკვე აღვნიშნე, საკუთარი თავის გაძლიერებისთვის მაინც გადავწყვიტე ეს ნაბიჯი გადამედგა. მიუხედავად იმისა, რომ მე საკმაოდ თავშეკავებული ვარ, ყველა მონაწილე ასე არ არის.  მივიღე რამდენიმე ისეთი შეურაცხყოფა, რაზეც ვთვლი, რომ არ ვიმსახურებდი. ვფიქრობ, პროექტს აქვს წესები და მას ყველა უნდა დაემორჩილოს.

- რა ხდება პირად ცხოვრებაში?

- ამჟამად, არ ვარ ურთიერთობაში თუმცა ხშირად მქონია შემთხვევა, როცა ძალიან მალე მეტყობა აღფრთოვანება და ძალიან ადვილად შემიძლია, შევიყვარო. ჰოროსკოპით ვერძი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება, იმპულსური ადამიანი ვარ და ეს ნაპერწკალიც  შეიძლება ძალიან მალე გაქრეს ხოლმე.

როგორც სენსიტიური ადამიანი, ძალიან სერიოზულად ვუყურებ ურთიერთობებს და ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ადამიანებს შორის ურთიერთპატივისცემას, ნდობას და ღია კომუნიკაციას. მე მჯერა, რომ სიყვარული და პატიოსნება არის ნებისმიერი ჯანსაღი და სრულფასოვანი ურთიერთობის საფუძველი.

რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვსწავლობ რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება პირად ურთიერთობაში დაჩქარებულად არ უნდა მოხდეს. შესაბამისად, მჯერა, რომ ძლიერ და ხანგრძლივ ურთიერთობას სჭირდება დიდი დრო და ძალისხმევა, რომელიც დაფუძნებული იქნება გულწრფელობაზე და ერთგულებაზე.

შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, სადაც ირაკლის გულშემატკივრები ერთიანდებიან - ვრცლად 

ეკონტაქტე „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეს პირადად  Instagram-ზე და ტიკტოკზე

და არ გამოგრჩეს მნიშვნელოვანი ეპიზოდები ტიკტოკზე