,,ბოდიშს ვუხდი ყველას, ვიღებ პასუხისმგებლობას...“ - დემნა გვასალიას საგანგებო მიმართვა

დემნა გვასალია

დემნა გვასალიამ ,,ინსტაგრამზე“ ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა.

მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი, სკანდალური სარეკლამო კამპანიის გამო პირადად იხდის ბოდიშს.

„მსურს, პირადად მოვიბოდიშო საჩუქრების კამპანიის კონცეფციის არასწორად შერჩევისთვის, რომელშიც ბავშვები მონაწილეობდნენ. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამისთვის. არასწორი იყო ბავშვების გამოყენება ისეთი პროდუქციის რეკლამირებისთვის, რასაც ბავშვებთან კავშირი არ აქვს.

რამდენადაც არ უნდა მომწონდეს ხანდახან პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმა, არასდროს განმიზრახავს, შევხებოდი ისეთ საშინელ საკითხს, როგორიც არის ბავშვებზე ძალადობა და რომელსაც მე ვგმობ.

საჭიროა, ამ შემთხვევისგან მივიღო გაკვეთილი, მოვუსმინო და ჩავერთო ბავშვთა დაცვის ორგანიზაციების საქმიანობაში, რათა წვლილი შევიტანო და დავეხმარო ამ საშინელი პრობლემის მოგვარებაში.

ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ამ ფოტოებმა შეურაცხყო. Balenciaga იძლევა გარანტიას და მიიღებს ადეკვატურ ზომებს სამომავლოდ არა მხოლოდ მსგავსი შეცდომების თავიდან ასარიდებლად, არამედ იღებს ვალდებულებას ბავშვთა კეთილდღეობის ყველა შესაძლო გზით დასაცავად”, - წერს დემნა მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ ბალენსიაგას უახლესმა სადღესასწაულო კამპანიამ საზოგადოებისგან დიდი კრიტიკა დაიმსახურა, ვინაიდან ბრენდის საჩუქრების მაღაზიის კამპანიაში ბავშვები სათამაშო დათვის ჩანთებთან ერთად მონაწილეობდნენ, ხოლო დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა ეცვათ, რაც ბევრისთვის სექსთან და სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდება. ბრენდი მას შემდეგაც გააკრიტიკეს, რაც მათი ერთ-ერთი კამპანიის ფოტოების ფონში "ბავშვთა ვირტუალური პორნოგრაფიის" შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების დოკუმენტიც ჩანდა.