„მამას ყველა მატჩზე დავყავდი, ვიქტორ სანიკიძე ჩემი საყვარელი კალათბურთელი იყო...“ - სანდრო მამუკელაშვილი ბავშვობასა და გავლილ გზაზე

სანდრო მამუკელაშვილი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე მესამე მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი თურქეთს დაუპირისპირდა, რომელსაც ორივე მატჩი მოგებული ჰქონდა. შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა – 88:83.

თამაშზე განსაკუთრებული ყურადღება სანდრო მამუკელაშვილმა მიიქცია, რომელსაც თამაშის შემდეგ გულშემატკივრებმა „სანდრო აღმაშენებელიც“ კი უწოდეს.

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ ერთ-ერთ რუბრიკაში სანდრომ ადრე საკუთარ ბავშვობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

სანდრომ კალათბურთის თამაში კლუბ „ვესტაში“ დავით მინდორაძესთან დაიწყო. კალათბურთისადმი ინტერესი მას ბავშვობიდან ჰქონდა. 

„საქართველოს ნაკრების მატჩებზე ყოველთვის დავდიოდი. ძალიან მსურდა ნაკრების ფორმით მეც მეთამაშა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო 2018 წლამდე ეს შეუძლებელი იყო.

ვიქტორ სანიკიძე ჩემი ბავშვობის საყვარელი კალათბურთელი იყო. მამაჩემს ნაკრების ყველა მატჩზე დავყავდი და ცინცაძე-სანიკიძის ალეი უპებს რომ ვუყურებდი, მეც ვცდილობდი ვარჯიშებზე იგივე გამემეორებინა.

ამერიკის მოქალაქე ვარ. მშობლები მეუბნებოდნენ, 18 წლის რომ გახდები თავად გადაწყვიტე. ჩვენ კი ყოველმხრივ მხარში დაგიდგებითო.

ცხადია, გადავწყვიტე საქართველოს სახელით მეთამაშა და მივიღე ქართული პასპორტი. მიუხედავად იმისა, რომ თბილისიდან 14 წლისა წავედი, თავს ყოველთვის ქართველად მივიჩნევდი. ამერიკაშიც და იტალიაშიც ყველამ იცოდა სადაური ვიყავი და სად იყო ჩემი სამშობლო“,- ამბობდა სანდრო. 

კალათბურთელი ამერიკაში ყოფნის პერიოდსაც იხსენებს და ამბობს, რომ სწორედ იქ ისწავლა, როგორია იყო აგრესიული და ძლიერი თამაშის დროს.

„ვიდრე ამერიკაში წავიდოდი, ასეთი აგრესიული არ ვიყავი. სათამაშო აგრესიას ვგულისხმობ. იქ მივხვდი, რომ არ შეიძლება იფიქრო – ეს ჩემი მეგობარია და ჩავაგდებინო.

მოედანზე სხვა ადამიანი ვარ, რადგან ვიცი, რომ ჩემს საქმეს მე თუ არ გავაკეთებ, სათადარიგოთა სკამიდან ვინმე შემოვა და ის გააკეთებს. წყნარი თამაშით არაფერი გამოდის. თუ მენტალურად ძლიერი არ ხარ, უბრალოდ გატყდები, ამერიკაში ვერ ითამაშებ, რადგან ყველას უნდა შენ რაც გაქვს, ის წაიღოს.

იყო სიტუაცია, რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი და ზაზა ფაჩულიას ვესაუბრე. ფასეული რჩევა მომცა – გული არასოდეს გაიტეხო და შენი საქმე ყოველთვის ბოლომდე გულით აკეთეო”“,- ამბობს სპორტსმენი.