გვეგონა ბედნიერად ცხოვრობდნენ, თურმე ორი თვის გაშორებულები ყოფილან… - რას ჰყვება ახლობელი რუსთავში მოკლულ დედა-შვილზე და მკვლელობისთვის დაკავებულ კაცზე

ცოლის და სიდედრის მკვლელობა

22 მაისს რუსთავში, ქალაქის ცენტრში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვიც. ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე 27 წლის კაცი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

„კვირის პალიტრასთან“ ახლობელი წყვილის ურთიერთობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ წყვილმა ოჯახი სიყვარულით შექმნა და ამ ტრაგედიის შემდეგ გახდა მათთვის ცნობილი, რომ ისინი ორი თვის გაშორებულები ყოფილან.

„შოკირებულები ვართ ყველანი ამ ამბით. მარიამს და გიორგის ვიცნობდი. სიღნაღში ვცხოვრობ, გიორგი რესტორანში მოვიდა მემწვადედ და იქ გავიცანით ერთმანეთი. ჩვენთან მუშაობდა ერთი წელი. აქ მუშაობდა ასევე მარიამი, აქ გაიცნეს ერთმანეთი და მათი სიყვარულიც აქ დაიწყო. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ყველანი მათი სიყვარულის თვითმხილველები ვართ და ამიტომ მართლა შოკირებული და გაოგნებული ვარ ამ ამბით.

ტრაგედიის შემდეგ სოციალური ქსელიდან გავიგე, რომ თურმე გიორგი და მარიამი ორი თვის გაშორებულები ყოფილან. ჩვენ გვეგონა ბედნიერად ცხოვრობდნენ. ძალიან დიდი შოკია, ჩვენ თვალწინ გაზრდილი ბავშვები და ასეთი საშინელი ამბავი. გიორგი სიღნაღის ერთ ერთი სოფლიდან არის. მამამ გაზარდა, როგორც ვიცი, დედ-მამა გაცილებულები არიან. ჰყავს უფროსი და, რომელიც ჩვენთანაც არის ნამყოფი. უზომოდ კარგი პიროვნება იყო და უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ეს დანაშაული გიორგიმ როგორ ჩაიდინა. რომ გავიგეთ დღეს ეს ამბავი, მართლა არ დავიჯერე. არ არსებობს გიორგის ჩაედინა- მეთქი, მართლა ჭორი მეგონა, იმასაც ვიძახდი, ალბათ სხვა არის ამ სახელი და გვარით მეთქი, მაგრამ ფოტოები დაიდო და უკვე ცხადი იყო სამწუხაროდ ყველაფერი.