„გოგოები გარბოდნენ შეშინებულები... ბავშვი მე გამოვიყვანე სკევრში...“ - რას ჰყვებიან თვითმხილველები, რუსთავში მომხდარ შემზარავ მკვლელობაზე

მკვლელობა რუსთავში

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი - დედა-შვილი მოკლეს. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მკვლელობისთვის ერთ-ერთი გარდაცვლილის (შვილის) მეუღლეა დაკავებული.

თვითმხილველების თქმით, მოკლულია დედა-შვილი ქუჩაში ეტლით, ჩვილ ბავშვთან ერთად გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც კაცმა, ცოლს და სიდედრს ესროლა.

„ხუთი გასროლის ხმა იყო, თავდაპირველად ორი, შემდეგ კიდევ ორი და ბოლოს ერთი გასროლის ხმა. გოგოები გარბოდნენ შეშინებულები, რომლებიც ისეთი შეშინებულები იყვნენ, ვერაფერი მითხრეს, მერე ჩვენ თვითონ წამოვედით. ვნახეთ ორი გარდაცვლილი. აქეთ კი, ეტლი იყო გამოგორებული, პატარა ბავშვი იყო შიგ, ალბათ, 1 წლის იქნებოდა. ის ბავშვი სკვერში მე წამოვიყვანე, პოლიციელს ვუთხარი, რომ მე წავიყვან-მეთქი. მერე ბავშვი ექიმებმა წაიყვანეს. თვითონ ის კაცი, რომელმაც ისროლა არ გარბოდა, ადგილზე იყო ისე ჩასვეს მანქანაში", - ამბობს თვითმხილველი.

როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, საქმე აღძრულია სს კოდექსის 109-ე მუხლით.