„23 ძარცვა და 179 ათას ევროზე მეტი ნაძარცვი“ - ვინ არიან საბერძნეთში დაკავებული ქართველი მძარცველები

ფოტო

საბერძნეთის პოლიციამ საცხოვრებელი სახლების ძარცვაში ეჭვმიტანილი ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა. პოლიციის ინფორმაციით, ჯგუფის წევრები ათენისა და ატიკის სხვა რაიონებში ბინებს წინასწარ შერჩეული სქემით ძარცვავდნენ.

გამოძიების მიხედვით, ჯგუფი ბინის მცხოვრებლების სახლში არყოფნის დასადგენად კარზე წებოს მცირე კვალს ტოვებდა. პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, კიდევ ხუთი პირის იდენტიფიცირება კი მოახდინა.

როგორ მუშაობდა „წებოს ხრიკი“

პოლიციის ინფორმაციით, ჯგუფის წევრები თავდაპირველად საცხოვრებელ კორპუსებსა და ბინებს არჩევდნენ და ამოწმებდნენ, იმყოფებოდნენ თუ არა იქ მცხოვრებლები.

ზოგიერთ შემთხვევაში ისინი ბინის კარსა და ჩარჩოს შორის მცირე რაოდენობით წებოს ათავსებდნენ. მეორე დღეს იმავე ადგილზე ბრუნდებოდნენ და ამოწმებდნენ, შეიცვალა თუ არა წებოს კვალი.

თუ წებო უცვლელი ხვდებოდათ, ამას ნიშნად მიიჩნევდნენ, რომ კარი არავის გაუღია და ბინის მცხოვრებლები, სავარაუდოდ, კვლავ არ იმყოფებოდნენ სახლში. ამის შემდეგ ძარცვისთვის ხელსაყრელ დროს არჩევდნენ.

ჯგუფის წევრებს ფუნქციები ჰქონდათ განაწილებული

გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფი წინასწარ დაგეგმილი სქემით მოქმედებდა და წევრებს შორის კონკრეტული როლები იყო განაწილებული.

ზოგიერთი მათგანი ბინებს აკვირდებოდა და სამიზნეებს არჩევდა, სხვები საცხოვრებელ კორპუსებში შედიოდნენ, ხოლო დანარჩენები შენობის გარეთ რჩებოდნენ და გარემოს აკონტროლებდნენ. მათი ამოცანა იყო თანამზრახველებისთვის ბინის მცხოვრებლების ან პოლიციის გამოჩენის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

პოლიციის ცნობით, ჯგუფის წევრები ასევე იყენებდნენ სხვადასხვა ავტომობილს, მობილურ ტელეფონებსა და SIM-ბარათებს, მათ შორის სხვა პირების სახელზე რეგისტრირებულ სატელეფონო ნომრებს.

გამოძიების მიხედვით, მათ შექმნილი ჰქონდათ ინფორმაციის მოპოვების ქსელიც, რომლის მეშვეობითაც ცდილობდნენ გაეგოთ, როდის ტოვებდნენ ადამიანები სახლებს.

საქმეში სახლის დამხმარე ქალიც ფიგურირებს

პოლიციის ინფორმაციით, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სახლის დამხმარედ მუშაობდა და სწორედ ამ გზით საჭირო ინფორმაციას აგროვებდა.

გამოძიების მიხედვით, ქალმა იცოდა კონკრეტული ბინების მცხოვრებლების გადაადგილებისა და მათი არყოფნის შესახებ და ამ ინფორმაციას ჯგუფის წევრებს აწვდიდა.

პოლიციის განცხადებით, ის ასევე ეხმარებოდა ჯგუფს შენობებში წვდომის მოპოვებაში და საერთო სივრცეებს აკონტროლებდა.

23 შემთხვევა და 179 ათას ევროზე მეტი ზარალი

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე საცხოვრებელი სახლების გაქურდვისა და გაქურდვის მცდელობის 23 შემთხვევაა გახსნილი. გამოძიების მიხედვით, ჯგუფი სულ მცირე 2025 წლის ივლისიდან მოქმედებდა.

ერთ-ერთი ძარცვის დროს ბინიდან დაახლოებით 75 ათასი ევროს ღირებულების ფული და სამკაულები წაიღეს. სხვა შემთხვევებში კი, გამოძიების ინფორმაციით, მოპარული იყო სამკაულები, საათები, ელექტრონული მოწყობილობები, ბრენდული ჩანთები და სხვა ძვირფასი ნივთები.

პოლიციის შეფასებით, ჯგუფის მიერ მიღებულმა უკანონო ფინანსურმა სარგებელმა 179 ათას ევროს გადააჭარბა.

გამოძიების ინფორმაციით, ფულადი გზავნილების კომპანიების მეშვეობით ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 76 ათასი ევრო უცხოეთში არსებულ ანგარიშებზე გადაირიცხეს. ბერძნული მედიის, Ethnos-ის, ცნობით, თანხა საქართველოში არსებულ ანგარიშებზე იგზავნებოდა.

გამოძიება გრძელდება ჯგუფის საქმიანობის სრული მასშტაბისა და სხვა შესაძლო დანაშაულებში მისი წევრების შესაძლო მონაწილეობის დასადგენად.